LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაკო ჩხეიძე: „კვირეულის გახსნა გამორჩეული და გრანდიოზული იქნება”

4

გადაცემის ლაივი Live

 

3 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” ლაშა ჯოხაძე, ბასა ფოცხიშვილი და თაკო ჩხეიძე სტუმრობდნენ, რომელთაც „თბილისის მოდის კვირეულზე” ისაუბრეს.

– ლაშა, წელს მოდის კვირეული მეორედ გაიხსნება თქვენი ჩვენებით. საინტერესოა, როგორ ემზადებოდით მეტად მნიშვნელოვანი ჩვენებისთვის?

თბილისის მოდის კვირეულში” უკვე მეოთხედ ვმონაწილეობ. რა თქმა უნდა, გახსნის ჩვენება მეტად საპასუხისმგებლოა, ამიტომ ყოველთვის ვღელავ და ახლაც განვიცდი, რომ რაღაცას ვერ მოვასწრებ.

– მოდელების შექმნისას ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– რა თქმა უნდა, ყველას, პირველ რიგში, თანამშრომლების აზრი მაინტერესებს და  ვითვალისწინებ კიდეც, რადგან ძალიან არ მიყვარს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა მეტწილად მაინც საკუთარ თავს და ინტუიციას ვენდობი.

– ყველა დიზაინერს საკუთარი ხედვა აქვს, რადგან ყველასთვის მნიშვნელოვანია ვინ წარმოადგენს მის ნამუშევრებს. საინტერესოა, თქვენს მოდელებს ვინ მოირგებს?

– პირველი ჩვენება სალომე ჭაჭუამ გახსნა, მეორე ნანკა კალატოზიშვილმა, მესამე ჩვენება თაკომ დახურა, რაც ძალიან დიდი პატივი იყო ჩემთვის. წელს ვინ წარმოადგენს ჩემს ნამუშევრებს ჯერ არ ვიცი, რადგან განსხვავებული კოლექციის ჩვენებას ვგეგმავ და ტიპაჟსაც შესაფერისს ვეძებ.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა გამოიყურებოდეს მოდურად ჩაცმული ქალი?

– ხშირად ვამბობ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ არასდროს მივსდევ ტენდენციებს. განწყობის ადამიანი ვარ და ამჯერადაც ისე ვიმუშავე, როგორ განწყობაზეც ვიყავი.

– რა ფერები დომინირებს ახალ კოლექციაში?

– აუცილებლად იქნება თეთრი და შავი, ასევე ულამაზესი თამბაქოსფერი, იასამნისფერი და მწვანე. ისეთი ფერები შევარჩიე, რომლებიც იდეალურად ერგებიან ერთმანეთს. ვნახოთ, რა გამოვა, რადგან თვითონაც ძალიან მაინტერესებს.

– საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი დიზაინერები, ხშირად გვთავაზობენ საკუთარ ხედვას. თქვენ რამდენად მოგწონთ მათი სტილი და რომელ კოლექციას გამოარჩევდით?

– რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. ერთიან კოლექციებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ცალკეული დეტალები მართლა ძალიან მომწონს, მით უფრო, რომ ზოგი დიზაინერის ხედვა ჩემთვისაც ახლობელი და  კარგად ნაცნობია.

– როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური ქალი?

– ვერ ვიტყვი, რომ ძალიან სექსუალურია, პირიქით იდეალური ქალი ჩემთვის ცოტა უხეში და მკაცრია, ანუ მნიშვნელოვნად განსხვავდება აქამდე ჩემს მიერ წარმოდგენილი ტიპაჟებისგან.

– თქვენი აზრით, რა გამოარჩევს თბილისის მოდის კვირეუილს სხვა მსგავსი ღონისძიებებისგან?

– თბილისის მოდის კვირეული ყველა ნიჭიერ დიზაინერს აძლევს თავის გამოჩენის საშუალებას, მთავარია თავად როგორ გამოიყენებს ამ შანსს. გარდა ამისა, საკმაოდ პოპულარული ღონისძიებაა, რომელსაც უცხოეთშიც კარგად იცნობენ. პირადად მე, სწორედ თბილისური კვირეულის შემდეგ მივიღე ვანკუვერის, პარიზის და ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე მიწვევა, რაც ვფიქრობ, სერიოზული მიღწევაა და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

– ახალ ტელეპროექტზე ხომ არ გეგმავთ მუშაობას?

– პატარა პაუზა ავიღე, თუმცა სექტემბრიდან შესაძლოა ახალ პროექტზეც ვიმუშაო.

– პირად ცხოვრებაში ხომ არ შეიცვალა რაიმე?

– პატარ-პატარა სიახლეები ყოველთვისაა, თუმცა სერიოზული ცვლილებები – ნაკლებად.

–  თაკო, რას შემოგვთავაზებთ წლევანდელ მოდის კვირეულზე?

– თბილისის მე-17 მოდის კვირეული სტარტს 19 აპრილს აიღებს და ოთხი დღე გაგრძელდება. კვირეული ქართველი დიზაინერების სეზონურ კოლექციებთან ერთად, რუსი და უკრაინელი სტუმრების ნამუშევრებსაც წარმოადგენს. გარდა ამისა, გვექნება არტ-პერფორმანსები და გამოფენები, საინტერესო მასტერკლასები და ვორკშოპები. ჩვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევთ საგანმანათლებლო პროგრამას და მაქსიმალურად ვცდილობთ ჩავატაროთ  ლექციები სხვადასხვა თემაზე. კვირეულის ფარგლებში მოეწყობა  ახალბედა დიზაინერების კონკურსიც, წლების წინ, როცა მხოლოდ რამდენიმე დიზაინერი მონაწილეობდა ჩვენს კვირეულში, გადავწყვიტეთ კონკურსის ორგანიზება, რათა დამწყებთათვის ერთგვარი სტიმული მიგვეცა და წამოწყებამ გაამართლა, რადგან ცნობილი ქართველი დიზაინერების დიდი ნაწილი სწორედ ამ კონკურსის მონაწილეა. იმედი გვაქვს წელსაც აღმოვაჩენთ ნიჭიერ ახალგაზრდებს, მერე კი, აუცილებლად ვიზრუნებთ მათ განვითარებასა და პოპულარიზაციაზე. კონკურსს მეტად ავტორიტეტული ჟიური ეყოლება, რომელმაც ქართველებთან ერთად უცხოელი პროფესიონალებიც გააერთიანა. კვირეულის გახსნა გამორჩეული და გრანდიოზული იქნება, რადგან ერთგვარ შოუს – მედეა ჯაფარიძის საღამოს მოვაწყობთ. ალბათ, იცით, რომ უკვე მეოთხე სეზონია საღამოებს ვმართავთ, რომელთაც ცნობილ ქართველ ქალბატონებს ვუძღვნით. წელს ამგვარი საღამო ქალბატონ მედეა ჯაფარიძეს მიეძღვნება. მართალია, შოუ ძალიან საინტერესოდ გვაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ დეტალებს ჯერ არ გავამხელ, მხოლოდ ვიტყვი, რომ მის მოწყობაში ბასა და თამრიკო ფოცხიშვილები დაგვეხმარნენ. მეორე დღიდან კვირეული ოფიციალურ განრიგს დაუბრუნდება და მეტად საინტერესო, მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენს.

– ბასა, საინტერესოა რა სიურპრიზს უმზადებთ ქალბატონი მედეა ჯაფარიძის თაყვანისმცემლებს?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ძალიან სასიამოვნოა თბილისის მოდის კვირეულში მონაწილეობა და ჩემთვის ახალ, უჩვეულო პროექტზე მუშაობა. უკვე მოვაწყვეთ, ნინო რამიშვილის, სოფიკო ჭიაურელის და ელენე ახვლედიანის საღამოები, წლევანდელ წარმოდგენას კი, ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს მივუძღვნით. მეტად საინტერესოა პროექტი მხატვრული თვალსაზრისით, რადგან თანამედროვე სტილიზირებული წარმოდგენა კოსტიუმების ჩვენებას, ქორეოგრაფიას და მუსიკალურ ნომრებს აერთიანებს.

– თაკო, რიგით მოქალაქეებს ყოველთვის აქვს ჩვენებებზე დასწრების სურვუილი, თუმცა აქამდე, მოდის კვირეული ამგვარ შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა. წელს ხომ არ გეგმავთ რაიმე ცვლილებას?

– რამდენიმე ჩვენება უკვე მოვაწყვეთ მოდის მოყვარულთათვის. თუმცა, დამსწრეთა რაოდენობა მაინც შეზღუდულია, რადგან კვირეულს უამრავი უცხოელი სტუმრობს, რომელთა დასწრება და შეფასება აუცილებელია.

– საინტერესოა, სად მოეწყობა ჩვენებები?

– მთავარ ლოკაციად თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი ავირჩიეთ, რომელიც ვფიქრობ, ძალიან მოუხდება დიზაინერების სეზონურ კოლექციებს. გარდა ამისა, იგეგმება რამდენიმე გასვლითი ჩვენებაც, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, კვირეული ძალიან საინტერესო გამოვა.

– რა განსახვავევბს წლევანდელ მოდის კვირეულს მანამდე ჩატარებული ღონისძიებებისგან?

– წლევანდელი კვირეული პირველ რიგში ლოკაციით, მრავალფეროვანი პროგრამითა და დიზაინერების კოლექციებით იქნება გამორჩეული. იმედი მაქვს, უცხოური პრესა   მოიწონებს მათ ნამუშევრებს და წელსაც ისევე წარმატებული იქნებიან, როგორც გასულ წლებში.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები