LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ტალიაშვილმა „არტ-FM“–ში ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურსზე „თბილისი“ ისაუბრა

6

18 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავჯდომარე თამარ ტალიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც ხელოვნებისა და ლიტერატურის კონკურსზე „თბილისი“ ისაუბრა.

– ქალბატონო თამარ, როგორ ემზადებით კონკურსისთვის?

– ზაფხულის მიუხედავად, კონკურსისთვის მზადება საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. მართალია, ღონისძიება წელს მხოლოდ მესამედ იმართება, მაგრამ უკვე მოასწრო პოპულარობის მოპოვება, რადგან მართლაც უპრეცედენტო კონკურსია, რადგან უამრავ ნომინაციას აერთიანებს – წლის საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოების, საუკეთესო სიმღერისა და ფერწერული ნაწარმოების, საუკეთესო ქანდაკების, ფოტო- და არქიტექტურული ნაწარმოების ჩათვლით. გარდა ამისა, გვაქვს სპეციალური ნომინაცია სკოლის მოსწავლეებისთვის – წლის საუეთესო ესსე. კონკურსს არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა და საკმაოდ დემოკრატიული ღონისძიებაა, რომლის კარი ყველასთვის ღიაა. გვაქვს ძალიან საინტერესო პრიზები – გამარჯვებულს გია ჯაფარიძის მიერ კონკურსისთვის სპეციალურად შექმნილი – ხოხობის სტატუეტი და 1 500 ლარი გადაეცემა, სხვა პრიზიორები კი, ჩვენი სპონსორების წამახალისებელ ჯილდოებს – ფასიან საჩუქრებს მიიღებენ. კონკურსის დასკვნითი საღამო ტრადიციულად თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში გაიმათება და მეტად პომპეზური იქნება. შარშან ჩვენს ღონისძიებას კულტურის მინისტრი, ქალაქის მერი, საკრებულოს დეპუტაცია, ცნობილი ხელოვანები დაესწრნენ და ნამდვილი ზეიმი მოეწყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, კონკურსის სწორედ ამ ფორმით ჩამოყალიბება და სხვადასხვა ნომინაციის გაერთიანება, რადგან მთავარი მიზანი კულტურულ-შემოქმედებით დიალოგში ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლების გაერთიანებაა. მსოფლიო სინთეზური ხელოვნების შექმნას ცდილობს და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ადამაინების სხვადასხვა შემოქმედებით-კრეატიულ ჯგუფებში გაერთიანება. რა თქმა უნდა, ერთი კონკურსით შემოქმედება არ მთავრდება, თუმცა, ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობით ხელოვანები  თანამშრომლობისა და კოლაბორაციის გამოცდილების ამდიდრებენ.

– როდის სრულდება მსურველთა განაცხადების მიღება და როდის გაიმართება კონკურსის დასკვნითი საღამო?

– განაცხადების მიღება 8 სექტემბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კონკურსში არა მარტო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, არამედ დიასპორის წარმომადგენლებაც მიიღეს მონაწილეობა, საუკეთესო ფერწერული ნაწარმოების ნომინაციაში კი, გამარჯვებული ლიკა შხვაცაბაია გახდა, რომელმაც საკუთარი ნამუშევარი ესპანეთიდან გამოგვიგზავნა. წელს საზეიმო ღონისძიება თბილისობის ფარგლებში, სავარაუდოდ საკრებულოს ისტორიულ შენობაში გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები