LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა კარელიძე: “ვიღაცას მოეწონები და ვიღაცას არა. მე მგონი, ტრაგედია ის უფროა, ყველას რომ მოსწონხარ“

ამბობს, რომ მისი ბლოგის მკითხველის მიზნობრივი აუდიტორია განსაზღვრული არ აქვს. ფიქრობს, რომ თემის მიხედვით კითხულობენ. ძირითადად, პოპულარულ თემებზე წერს. მიიჩნევს, რომ როგორც ჟურნალიტიკაში, აქაც მნიშვნელოვანია თემა „ცხელი“ იყოს, თუ კი თემის აქტუალობა მოიკლებს, ბლოგის მკითხველიც ცოტა იქნება. გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი თამუნა კარელიძეა.

 

“ჩემი პირადი ბლოგი 2009 წელს გავაკეთე. მაშინ, ფორუმის აქტიურ მომხმარებლებში ბლოგები უცებ გამოჩნდა, თითქმის, ყველას გვქონდა. იმ დროისთვის ბლოგები ონლაინ-დღიურივით იყო. ვწერდით ყველაფერს ჩვენი ყოველდღიურობის, არმოჩენების, მეგობრების, სამუშაოსა თუ სწავლის შესახებ. მაშინ ბლოგს ძალიან დიდ დროს ვუთმობდი. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი უნივერსიტეტის მიღმა საქმიანობებს შორის, ბლოგინგს მთავარი ადგილი ეკავა. ახლა, პრაქტიკულად, ჩემი პირადი ბლოგი მკვდარია. ბლოგების კვდომას იმანაც შეუწყო ხელი,  რომ ონლაინ-გამოცემები პოპულარულ ბლოგერებს სთავაზობდნენ, მათთან ეწერათ, რაც მათი ნაწერის უფრო ფართო აუდიტორიასთან მიტანის საშუალებასაც იძლეოდა. მეც, მოგვიანებით, ერთ-ერთი გამოცემისთვის დავიწყე წერა . პოსტის წერას თუ გადავწყვეტ, დაახლოებით, 2-3 საათი მაინც მჭირდება, რომ შესაბამის ეთიკურ ჩარჩოებში მოვაქციო”.

 

თამუნა კარელიძე ამბობს, რომ  ყოველთვის არიან მკითხველები, რომლებიც ლანძღვის მეთოდს იყენებენ, პირად შეურაცხყოფაზეც  გადადიან. ამიტომ არ კითხულობბლოგზე კომენტარებს და ასე იზღვევთავს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ  ლანძღვა არ აღიზიანებს. „ვიღაცას მოეწონები და ვიღაცას არა. მე მგონი, ტრაგედია ის უფროა, ყველას რომ მოსწონხარ.

 

როგორ ფიქრობ, შენი ბლოგები ეხმარება ადამიანებს?

არ ვიცი. შეიძლება, ვინმეს რაღაც თემაზე საფიქრელად ბიძგს აძლევს, შესაძლოა, ვიღაცის სათქმელს ვამბობ. სხვათაშორის, ასეთი რამ მოუწერიათ , რომ მათი სათქმელი ვთქვი და რომ თავისი სამსახურებრივი თუ პირადი მდგომარეობის გამო, მსგავს რამეს ვერ დაწერდნენ.

 

ბლოგს მიღმა…

ჩემი მეგობარი მეხუმრება ხოლმე, ბლოგ-პოსტებს რომ  წერ, დამამშვიდებელს სვამ თუ რატომ გამოგდის ასეთიო. ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ, თუმცა ვცდილობ, არ შევიმჩნიო და გამომდის. კიდევ, მიყვარს ბითლზი და მეზიზღება ყვავილები.

 

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს

ვინმეს რომ რაღაც ურჩიო, განსაკუთრებით, წიგნი, უნდა იცოდე, რა ეტაპზეა და რისი წაკითხვისა და გააზრებისთვის არის მზად. თუმცა, ასეთ სიტუაციაში ემილ ზოლას “ხაფანგს” ვურჩევ ხოლმე. ეს პირველი წიგნი იყო, რომელმაც ჩემს აზროვნებაში სერიოზული გარდატეხა მოახდინა და რომელმაც აღმოჩენები გამაკეთებინა. ზოგადად, ზოლა ძალიან მიყვარს არამარტო მწერლობის, არამედ, მისი ჟურნალისტური საქმიანობი გამო. კიდევ იმიტომ, რომ, პრაქტიკულად, მისი წერილიდან დაიწყო სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მისი დაცვის შესახებ საუბარი საზოგადოებაში. ყველაფერი მაქვს მისი წაკითხული და, ჩემი აზრით, “ხაფანგი”ყველაზე ძლიერი ნაწარმოებია.

 

  

მძღოლთა სახეები საქართველოში

 თამუნა კარელიძე

 

 

ასეთი დაუწერელი კანონი გვაქვს: ათასზე მეტი ბილეთის სწავლისა და რამდენიმე პრაქტიკული გაკვეთილის გავლის შემდეგ მივდივართ, ვდგებით გრძელ რიგში, ვაბარებთ ჯერ თეორიულ, შემდეგ – უმარტივეს პრაქტიკულ გამოცდას, რომლითაც ჩვენი, როგორც მძღოლის უნარები რეალურად არ მოწმდება და  ეგ არის – მანქანის მართვის უფლებაც ჯიბეში გვაქვს.

რა არის მართვის მოწმობა მანქანის გარეშე? არაფერი. თანაც, თუ მოწმობა გაქვს და მანქანა არა, ეს გარშემო მყოფების ისეთ გაოცებას იწვევს, რომ ზემოთ ნახსენები დაუწერელი კანონის თანახმად, რამდენიმე თვეში ვიღებთ თუნდაც კრედიტს და ვყიდულობთ მანქანას. მერე რა რომ არ გვჭირდება და სამსახური იმავე უბანში გვაქვს სადაც ვცხოვრობთ? ან რა მოხდა თუ ოჯახში ხუთნი ვართ და თითოეულს თავისი მანქანა უკვე ჰყავს?!

მანქანა, როგორც სოციალური მდგომარეობის განმსაზღვრელი სტატუსი საქართველოში დიდი ხანია დამკვიდრდა, თუმცა დროსა და მანქანების სიმრავლესთან ერთად სტატუსიც გაქრა. ქუჩაში მოძრაობისას კი გრჩება შთაბეჭდილება, რომ მძღოლების დიდ ნაწილს წარმოდგენა არ აქვს, გზა რამდენიმე ზოლად  რატომ არის დაყოფილი და საერთოდ არ აინტერესებს მოძრაობის წესი, როდესაც პირველიდან მესამე ზოლში გათავისუფლებულ ადგილს ხედავს.

ასეთ მძღოლს არც წითელი შუქი უყვარს, არც ზებრა და მასზე მოსიარულე ჭიანჭველები. აბა რა, თუ ადამიანს მანქანის ყიდვის ფული არ აქვს, იმას უნდა დაუთმოს, ვისაც ამის საშუალება აქვს. ქვეითად მოსიარულეები არაერთ შემთხვევას გაიხსენებენ, თუ როგორ კინაღამ გაიტანა დიდ ჯიპზე ამხედრებულმა ტიპმა გადასასვლელზე, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის დათმობა არ სურდა.

დღეს მძღოლების ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი საცობებია. ბრაზობენ საათობით რიგში დგომაზე და ამით ერთგვარ მაზოხისტურ სიამოვნებას განიცდიან; აგინებენ ავტობუსებისა  და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს იმის გამო, თუ როგორ ბედავენ და მათ წინ მიდიან; ამაყობენ ოსტატური გაჩერების უნარით; ყველასთან წუხან პატრულზე, რომელიც უსამართლოდ აჯარიმებს და მძღოლებზე, რომლებმაც ტარება არ იციან. ასეთი მძღოლები კი, რა თქმა უნდა, თავად ქალებისთვისაც კი “ძირითადად, ქალები არიან.”

თანამედროვე სამყარო თანდათან უფრო მეტად ფემინისტური ხდება, რამაც ძალთა გადანაწილებაც გამოიწვია. ამ სიტუაციაში ადამიანების ნაწილი დიდი ხანია, შეთანხმდა, რომ მანქანის მართვა კაცებს გენეტიკურად არ ერგოთ წილად და რომ ქალები ზოგჯერ მათზე უკეთ მართავენ. მიუხედავად ამისა, სტერეოტიპები მყარად არის გამჯდარი და კანონდამრღვევ მძღოლზეც, სანამ ხმას ამოვიღებთ, ჯერ ვათვალიერებთ, ქალია თუ არა.

სამწუხაროდ, ქალი მძღოლების ნაწილი ამ სტერეოტიპებს თავადაც ამყარებს. ზებრაზე ადგილის დათმობა მძღოლების უმეტესობას არ უყვარს, მაგრამ ქალების ნაწილს – განსაკუთრებით. მათ რატომღაც ჰგონიათ, რომ სქესი პრივილეგიას ანიჭებთ და ზებრაზე ფეხით მოსიარულეთათვის გზის გადაჭრა თუ უდროო ადგილას დამუხრუჭება კაცებზე მეტად ეპატიებათ. ცალკე საკითხია მათი პატრულთან ურთიერთობა. ზოგს მართლა ჰგონია, პატრული იმიტომ აჩერებს, რომ საჭესთან ქალია და მასთან გამოლაპარაკება უნდა. სტერეოტიპების გამყარებას ის ქუსლიანი ფეხსაცმლის ნიშანიც უწყობს ხელს, რომელსაც ბევრი სიამაყით აკრავს მანქანის უკანა საქარე მინას.

თუმცა მინახავს კაცი  მძღოლი, რომელსაც სასწრაფო მანქანისათვის გზა გადაუჭრია, რომლისთვისაც უსაფრთხოების ღვედის გაკეთება ქართველობის წართმევის ტოლფასია, რომელიც მანქანის ტარებას პირველად ბიჭს ასწავლის, რომელიც სიამაყით იხსენებს, როგორ იჯდა ძალიან მთვრალი საჭესთან და პატრულს ხმა ვერ ამოუღია, რომელსაც უყვარს ბრძანებების გაცემა საჭესთან და ყველანაირად ამცირებს ქალს, რომელიც მის გვერდით სავარძელში ზის და მანქანას მასზე უკეთ მართავს.

ცალკე ფენომენია ფეხით მოსიარულეები, რომლებსაც ორი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა ეზარებათ და შეუძლიათ, შუა რუსთაველზე ნება-ნება გადაისეირნონ.

და მაინც: რად გვინდა მანქანა, როდესაც სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფრო სწრაფად მივდივართ, ალკოჰოლს თუ ვსვამთ საჭესთან მაინც ვერ დავჯდებით და სახლში დაბრუნება ტაქსით გვიწევს, გასაჩერებელი ადგილის ძებნისას ძალიან ბევრ წრეს ვაკეთებთ და ბოლოს შორს ვაჩერებთ, რაც არ უნდა კარგად ვატარებდეთ, მაინც ზედმეტად დაძაბულები ვსხედვართ საჭესთან, რადგან წარმოდგენა არ გვაქვს, რომელი კუთხიდან რომელ მძღოლს მოუნდება ჩვენთვის გზის ჩაჭრა და თუ არ ვიყოჩაღეთ, არცთუ მცირე ვალში გადავხტებით?

რად გვინდა მანქანა, რომლის რეალური არსი კომფორტია, კომფორტი, რომელიც გიზოგავს დროსა და ნერვებს, ჩვენთან კი პირიქით არის?

ამ კითხვის სევდას განსაკუთრებით მაშინ გრძნობ, როდესაც გვიან საღამოს სახლში ფეხით ბრუნდები და კორპუსის ეზოში სარდინებივით ჩაწყობილი მანქანებისთვის გვერდის ავლა გიჭირს.

 

 გადაცემის ჩანაწერი: