LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია კობიძე: “განსაკუთრებულ სტიმულს უცხო მკითხველების შეფასებები მაძლევს”

პროფესიით ჟურნალისტია, ყოველთვის ჰქონდა სივრცე, სადაც წერდა. თავიდან ეს იყო პირადი დღიური, შემდეგ საავტორო სვეტი სხვადასხვა ონლაინ გამოცემაში, რომელმაც ბოლოს ბლოგის ფორმა მიიღო. გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი თათია კობიძეა.

 

ვწერდი სოციალურ-პოლიტიკურ თემებზე. მოგვიანებით საქმიანობის სფერო შევიცვალე – მედია ანალიტიკაზე გადავერთე, შესაბამისად, გამიჩნდა სურვილი, მომეძებნა ადგილი, სადაც დავწერდი ყველაფერზე, მათ შორის, პირად ამბებზეც. ასე გაჩნდა ბლოგის შექმნის იდეა.

 

ბლოგერი ამბობს, რომ როდესაც მისი ბლოგი ონლაინ გამოცემებთან იყო  მიბმული, მკითხველების სტატისტიკას რედაქცია ადგენდა. მაშინ მის ბლოგებს ძირითადად პოლიტიკით დაინტერესებული ადამიანები კითხულობდნენ, ახლა უკვე  პირად განცდებსა და ემოცებზე წერს. ფიქრობს, რომ მისი ბლოგის მკითხველები არიან სოციალურ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემებისა და  ყოველდღიური ჩხუბისგან დაღლილი ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ უბრალო, მარტივი ამბები, კინო, მუსიკა და ლიტერატურა.

 

მკითხველის შეფასებებზე როგორ რეაგირებ?

 

ბუნებრივია, მიხარია  როცა ამბობენ, რომ საინტერესოდ ვწერ. განსაკუთრებულ სტიმულს უცხო მკითხველების შეფასებები მაძლევს. ნეგატიური კომენტარი პირად ბლოგზე ჯერ არ დაუტოვებიათ. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად ხელოვნებასა და პირად ამბებზე ვწერ. რაც შეეხება შეფასებებზე წინასწარ ფიქრს, წერისას განსაკუთრებულად ვცდილობ, რომ ყველაზე რადიკალური თუ კრიტიკული მოსაზრებაც კი არააგრესიულად ჩამოვაყალიბო და  ვინმესთვის შეურაცხმყოფელი არ იყოს.

როგორია ბლოგის ავტორი, ბლოგს მიღმა…

ბლოგზე უფრო გულახდილი ვარ და ემოციებსაც მეტად გამოვხატავ, ვიდრე ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ძალიან ცოტა დრო მრჩება წერისთვის, რადგან დატვირთული გრაფიკი მაქვს. თუ ჩემი მეგობრის ფრაზას მოვიშველიებთ, ტექსტებს მიღმა წყნარი გურული ვარ.

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს და რატომ?

ჩემზე კომპეტენტური ადამიანებიც არსებობენ ამ საქმისთვის,  მაგრამ თუ მკითხავენ ბოლო დროს წაკითხული წიგნებიდან ყველაზე მეტად რომელი მომეწონა, ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალს“ დავასახელებ. ამ წიგნში ყველაფერია ღალატიც, ომიც, ლაჩრობაც, სიმამაცეც, სიყვარულიც, მეგობრობაც და უდიდესი თავგანწირვაც. თუ წაიკითხავთ, გაბრაზდებით, ინერვიულებთ, მაგრამ არ ინანებთ.

 

 

ქართული ცხოვრება იტალიურ ეზოში

თათია კობიძე

 

ვინმემ რომ მკითხოს რამდენი სახლი გაქვს გამოცვლილიო, ვერ ვუპასუხებ. ძალიან ბევრი, სადღაც თხუთმეტი, ან უფრო მეტიც. ბავშვობაში სახლს ვყიდიდით და სხვაგან გადავდიოდით. მიზეზი სხვადასხვა იყო და ხშირად არც ვკითხულობდი, უბრალოდ, ასე იყო საჭირო და მორჩა. ჩემ ბავშვობისდროინდელ სახლებს ერთი საერთო ნიშანი აქვს. ყველა სახლის კედლის შპალერზე ერთი ორნამენტი შავ-თეთრი ფანქრითაა გაფერადებული. გადასვლის წინა ღამეს ვაფერადებდი. ხატვა რომ შემძლებოდა, ალბათ რამე უფრო საინტერესოს დავხატავდი, მაგრამ იმ დროს ესეც მაკმაყოფილებდა.

სახლის გამოცვლა ჩემთვის რაღაც ახლის დასაწყისია. მართალია, ყოველთვის ვეჩვევი ადგილს, სადაც ვცხოვრობ, მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს ხოლმე, ჩემი ნივთები ახალ სახლში გადავათრიო.

რაც შეეხება მეზობლებს, იმდენი მყავდა და იმდენნაირი, უცნობები, ნაცნობები, (შეიძლება თქვენც კი ჩემი ყოფილი ან ახლანდელი მეზობელი აღმოჩნდეთ) შემიძლია სქელტანიანი წიგნიც კი დავწერო.  ვინმე რომ არ გამომრჩეს, ბოლო მეზობლებზე გავამახვილებ ყურადღებას – ადამიანებზე, რომლებიც ე.წ. საბირჟაო პოსტზე წვიმიან ამინდში ქოლგით იდგნენ და უცნაური ტონით ამბობდნენ: დღეს კინაღამ მუშაობა დავიწყე.

ახალმა მეზობლებმა კი საერთოდ გული ამიჩუყეს. მაგალითად, ორი დღის გადმოსულს, ერთმა მეზობელმა დილით საუზმე პირდაპირ საწოლში მომართვა. არ ვაჭარბებ. ნახევრად მძინარე სანამ კარის გაღებას მოვიფიქრებდი, ვახელ თვალს და რას ვხედავ: დგას მეზობელი თეფშზე გადაფარებული ხელსახოცით და ცხვირში შემწვარი კარტოფილის სუნი მიღიტინებს. მუშაობ, საჭმლის გაკეთების დრო არ გექნება და მშიერი რომ არ იყო, მოგიტანეო. მადლობის თქმაც ვერ მოვასწარი ისე გავიდა და დამტოვა გულაჩუყებული, მაგრამ როცა გამახსენდა თვითონ დიეტაზე იყო, აქ უკვე ცრემლიც მომადგა. ეგ რა არის, მეორე მეზობელმა წინა დღეს, როგორც კი წვიმა დაიწყო, ჩემს გაფენილ სარეცხს პარკი გადააფარა, გასულია, ვერ ჩამოხსნის და დაუსველდებაო. მოკლედ, თუკი რამე კარგი გამიგია იტალიურ ეზოზე, ყველაფერი აქ ხდება ჯერჯერობით. რა თქმა უნდა, ეს სამოთხეც ჯოჯოხეთის დეტალებით იქნება გაწყობილი და ველოდები, როდის დადგება მძიმე დღეები, მაგრამ ამ დრომდე ყველაფერი რიგზეა.

პ.ს. ოდესმე მარტო ცხოვრების მსურველებისთვის ცალკე დავწერ როგორ იყიდოთ ელიავაზე საჭირო ნივთები, შეღებოთ კედლები, გადაიხადოთ კომუნალურები და ა.შ. მაგრამ რადგან ემოციებზე და გულისაჩუყებაზე მიდგა საქმე, ბარემ ვიტყვი, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს სახლი, სადაც ვიღაც ელოდება თბილი გულით და თუნდაც არც ისე თბილი კერძით. შეაღებ კარებს და ზუსტად იცი ესაა სახლი, სადაც თავი დატოვე. მერე ჩანთას კუთხეში დააგდებ და იტყვი: მე მოვედი.

პ.პ.ს. წაიკითხავს ახლა დედაჩემი ამ პოსტს და მოკვდება ნერვიულობით, მერე გაახსენდება რომ გავიზარდე სასმელიც მაქვს, საჭმელიც და ცოტა დამშვიდდება. მერე ისევ და ასე უსასრულოდ … წაიკითხავენ სხვა “ბავშვების” დედებიც და ისინიც ანერვიულდებიან, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით, არაფერია სანერვიულო, უბრალოდ სიარულს ვსწავლობთ და ორივე ფეხს ერთად, როგორც წესი, არასდროს ვდგამთ.

გადაცემის ჩანაწერი: