თათია პაჭკორია : „მსმენელს ბევრ დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს ვპირდებით“

თათია პაჭკორია : „მსმენელს ბევრ დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს ვპირდებით“

3 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათია სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ფესტივალის ”აღდგომიდან ამაღლებამდე” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი თათია პაჭკორია სტუმრობდა.

ფესტივალი ”აღდგომიდან ამაღლებამდე”, რომელიც 5 მაისს ”ქარვასლაში” გაიხნება საკმაოდ დატვირთუილი იქნება, რადგან მისი პროგრამა რეგიონებსაც მოიცავს.

– ქალბატონო თათია, რას გვეტყვით წლევანდელი ფესტივალზე?

– წელს ფესტივალი მეთერთმეტედ გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ  მან უკვე შეიძინა ბრენდის სტატუსი და ქართული კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ფესტივალის შემოქმედებით მხარეს და მუსიკალურ მრავალფეროვნებას ტრადიციულად მისი სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე კორსანტია უზღუნველყოფს და ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად უცხოეთში მოღვაწე ქართველ მუსიკოსებსაც მასპინძლობს. წელს ფესტივალი მანაბა მაგომედოვას გამოფენით გაიხსნება. ქალბატონი მანაბა, რომელიც სამი წლის წინ გარდაიცვალა, ფესტივალის ჯილდოზე გამოსახული ჩვენი ლოგოს ავტორია. ამიტომ, სწორედ მისი ნამუშევრების გამოფენით გადავწყვიტეთ ფესტივალის გახსნა. 6 მაისს კი, ოპერისა და ბალეტის განახლებული თეატრის სცენაზე ჯუზეპე ვერდის ”დონ კარლოსი” დაიდგმება, რომელსაც იანო ალიბეგაშვილი უხელმძღვანელებს. პირველ ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ, ქალბატონი იანო დიდი ხანია საქართველოში აღარ ყოფილა, 10 წელს შემდეგ კი, პატრიარქის მოწვევით ისევ ჩამოვა და ჩვენს ფესტივალს შემოუერთდება. მინდა ავღნიშნო, რომ უცხოელი სტუმრების მოწვევასთან ერთად, ფესტივალის მთავარი მიზანი მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველი მუსიკოსების წელიწადში ერთხელ სამშობლოში თავმოყრაა.

IMG_4067– რამდენადაც ვიცი, ფესტივალის პროგრამა რეგიონებსაც მოიცავს.

– დიახ, ჩვენი ფესტივალი სხვა ფესტივალებისგან იმითაც განსხვავდება, რომ მართალია ის კლასიკური მუსიკის ფესტივალია, რომელიც მხოლოდ ვიწრო წრისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვიზღუდებით თბილისით და რეგიონებშიც გავდივართ, სადაც არაჩვეულებრივი მუსიკალური ინტელექტის მსმენელია.

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ილია მეორეს ნაწარმოებები შესრულდება.

– გეთანხმებით. მისი უწმინდესობის მუსიკალური ნაწარმოებები ამ წლების განმავლობაში ყოველთვის სრულდებოდა. მათ კი, ვისაც ჯერ არ ჰქონია მათი მოსმენის ბედნიერება, შეუძლია წელს ისიამოვნოს ბათუმში, ფესტივალის დახურვის დღეს. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ფესტივალი პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. გარდა ამისა, მას მხარში უდგანან ფესტივალის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი მარიამ დავითაშვილი მეგობრებთან ერთად, აკაკი რამიშვილის ფონდი და სწორედ მათი დაუღალავი შრომის დამსახურებაა ფესტივალის წარმატება.

– როგორია ფესტივალის პროგრამა?

– აუცილებლად მინდა გავამახვილო ყურდღება ერთ მნიშვნელოვან კონცერტზე – ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამოზე, რომელიც კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება 8 მაისს. ფესტივალის მნიშვნელოვანი დღეა 20 მაისი, როცა რუსთაველის მცირე დარბაზში ცნობილი პერკუსიონისტი და მარიმბას დიდოსტატის ხენ ციმბალისტას კონცერტი გაიმართება. აღსანიშნავია პიანისტის სერგეი ბაბაიანის გამოსვლაც, რომელიც ქართველმა მსმენელმა სწორედ ჩვენი ფესტივალის წყალობით გაიცნო და 5 ივნისი, როცა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ალექსანდრე კორსანტია გამართავს კონცერტს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. საკმაოდ დატვირთული პროგრამა გვაქვს და მსმენელსაც ბევრ დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს ვპირდებით.

გადაცემის ჩანაწერი

4 მაისი, 2016

სხვა ჩანაწერები