LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი კვლავ საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების ეპიცენტრშია

7

რადიო ”ფორტუნას” გადაცემას ”არტ FM” უამრავი ადამიანი ესტუმრა. მათ თბილისში დაგეგმილ საინტერესო კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ჩვენი დედაქალაქი ფოტო და თეატრალურ ფესტივალებს მასპინძლობს. ფესტივალის სტუმრებს უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.

– თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალი უკვე რამდენიმე წელია ტარდება. საინტერესოა, რითაა წლევანდელი წელი გამორჩეული, როგორია თქვენი გეგმები?

ნესტან ნიჟარაძე (თბილისის ფოტოფესტივალის ფუძემდებელი):

– წლევანდელ ფესტივალზე ტრადიციულად უამრავი ცნობილი და ნიჭიერი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. სამზადისში უამრავი ადამიანის შრომაა ჩადებული. მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ნამდვილ ფოტოხელოვნებას აფასებს. ჩვენ ყოველთვის გვინდოდა, საქართველოში ყოფილიყო მართლაც დიდი დონის ფოტოფესტივალი და ვფიქრობ გამოგვივა კიდეც. გამოფენა 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაგრძელდება. გახსნა 25 სექტემბერსაა დაგეგმილი და ის პოლონელი, გერმანელი და ლიტველი ავტორების ერთობლივი ნამუშევრით ”ომის შემდგომი ამბები” გაიხსნება. აღნიშნული ფოტოები ომისშემდგომ განვითარებულ საინტერესო მოვლენებს ასახავს. ასევე აღსანიშნავია, ის რომ წელს განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ქალ ფოტოჟურნალისტებს და მათ ნამუშევრებს.

– როგორც ვიცით, წელს განსაკუთრებული აქცენტი უცხოელ ფოტოგრაფებზე კეთდება. რას გვეტყვით ქართველ ფოტოგრაფებზე?

– ამაში ვერ დაგეთანხმებით. რადგან წელს პირიქით, ფესტივალში მონაწილეობას ქართველი ფოტოგრაფების უპრეცედენტო რაოდენობა იღებს. ფორმატი, რა თქმა უნდა, განსხვავებულია და ვამაყობთ იმით, რომ უამრავი დამწყები ქართველი ფოტოგრაფია წარმოდგენილი.

– ფოტოგრაფი იუსტინა მიელმიკევიჩი ფოტოფესტივალში ხშირად მონაწილეობს. საინტერესოა, რას შემოგვთავაზებს ის წელს..

– დიდი ხანია უკვე საქართველოში ვცხოვრობ და ფესტივალებში მონაწილეობასაც ხშირად ვიღებ. წლევანდელი ფესტივალი კი განსაკუთრებულია, რადგან ქალების როლია წამოწეული. უამრავი ფოტოგრაფი ქალბატონია მოწვეული და ეს თბილისის საერთაშორისო ფესტივალს განსაკუთრებულს ხდის.

გურამ წიბახაშვილი ფესტივალის მონაწილე და ამავდროულად ერთ-ერთი ორგანიზატორია. 


– ბატონო გურამ, რამდენად რთულია სამზადისი?

– შერჩევა ფესტივალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც თითქმის ერთი წელი ეთმობა. ვეძებთ ფოტოგრაფებს, ვარჩევთ თემებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, თუ როგორ უდგებიან ამ თემებს ავტორები. განსაკუთრებულად ვარჩევთ ქართველ ფოტოგრაფებს, რადგან მათ ქვეყნის სახელი საზღვარგარეთ უნდა გაიტანონ.

– რა აფუჭებს ნამდვილ ფოტოგრაფიას?

– ფოტოგრაფია არის ცუდი, თუ ის არ არის ფოტოგრაფიის ენაზე გაკეთებული. მას როგორც მუსიკასა თუ ლიტერატურას თავისი ენა სჭირდება. უბრალოდ მშრალი გამოსახულება არავის აინტერესებს. ფოტოგრაფია შეიძლება არ იყოს ლამაზი, მაგრამ იყოს საინტერესო, თუ ის რაღაცას გიყვება. არსებობს უამრავი ფოტოგრაფი, რომელიც არაპროფესიონალური კამერით შედევრებს ქმნის. გეტყვით, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფი გვყავს, რომლებსაც ჩვენს ფესტივალზე მოსული სტუმრები აუცილებლად იხილავენ.

25 სექტემბერს იწყება საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. უამრავ საინტერესო ნამუშევარს შორის, განსაკუთრებულია ანუკი მურვანიძისა და კახა ბაკურაძის ნოვატორული სპექტაკლი, რომლის შესახებაც თავად ანუკი მოგვიყვება..

– რასაც ვაკეთებთ, ევროპაში არაერთხელ გაკეთებულა, თუმცა საქართველოში პირველები ვართ. ეს არის Body Art შოუ და სპექტაკლი ერთად, სადაც სხეული, კოსტიუმი და გრიმი ერთი მთლიანობა იქნება. მსახიობებმაც კი არ იციან ჯერ რას ვუმზადებთ. ჩვენს სტუმრებს წინ უამრავი სიურპრიზი ელით.

თეატრალური ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკატერინე მაზმიშვილია.

– ქალბატონო ეკატერინე, რას გვეტყვით წლევანდელი თეატრალური ფესტივალის შესახებ?

– წლევანდელ ფესტივალზე ქართულ დასებთან ერთად წარმოდგენილი იქნება უამრავი საერთაშორისო დასი. ისინი განსხვავებულ და ძალიან საინტერესო ნამუშევრებს შემოგვთავაზებენ. გეტყვით, რომ ბილეთების დიდი რაოდენობა უკვე გაიყიდა.

აუდიო ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები