LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეული კვირეული ლაკო ბუკიას ჩვენებით გაიხსნება

8

15 მარტს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის საავტორო გადაცემა ”არტ-FM” თბილისის მოდის კვირეულს დაეთმო, მოწვეულმა სტუმრებმა – თაკო ჩხეიძემ, თამარ რამიშვილმა და ლაკო ბუკიამ კი, იმ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც 31 მარტიდან 4 აპრილის ჩათვლით გაიმართება.

– თაკო, მოდის კვირეული ყოველ წელს განსხვავებულია. ვის უმასპინძლებთ წლევანდელ სეზონზე? რამდენადაც ვიცი, დემნა გვასალია ჩამოდის, რომლის ვიზიტსაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

– მართალია, თბილისის მოდის კვირეული ყოველ წელს განსხვავებულია. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყოველი სეზონი წინაზე უკეთესი იყოს. ძალიან გაიზარდა ინტერესი ჩვენს მიმართ, წლევანდელი წელი მოდის ნამდვილი დღესასწაული იქნება და სტუმარიც ბევრი გვეყოლება. გვესტუმრებიან საერთაშორისო პრესის წარმომადგენლები და  ჟურნალ Vogue-ის სხვადასხვა ქვეყნის გამოცემების ფოტოგრაფები, ჩამოვლენ ბაიერები და სპეციალური სტუმრები, რომელთა ვიზიტი ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის, მათ შორის იქნება დემნა გვასალიაც, რომელიც Balenciaga-ს მთავარი კრეატიული დირექტორი გახდა. ის უკვე მესამედ გვსტუმრობს, თუმცა ამ რანგში პირველად იქნება და მასტერკლასებს გამართავს, როგორც დამწყები, ისე პროფესიონალი დიზაინერებისთვის. გვესტუმრება მიროსლავა დუმა, რომელთანაც უკვე ექვსი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკება, თუმცა დროის უქონლობის გამო, აქამდე ვერ ახერხებდა ჩამოსვლას. კვირეულის ფარგლებში იქნება  წარმოდგენილი ქუჩის მოდაც, რომელსაც მოდის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოგრაფი ადამ კაც სინდინგი გადაიღებს.

IMG_0606– საინტერესოა, სად მოეწყობა შოუ-რუმები და რა სიახლე იქნება?

– ორი განსხვავებული შოუ–რუმი გვექნება. ერთში, რომელსაც ჩვენი  გენერალური სპონსორი ”თბილისი მოლი” უმასპინძლებს, ქართველი დიზაინერების სეზონური კოლექციები იქნება წარმოდგენილი. 26 მარტს გაიხსნება და ორი კვირა გაგრძელდება. მეორე – საქმიანი შოურუმი კი, რომელიც დახურული იქნება და მხოლოდ კვირეულში მონაწილე დიზაინერების კოლექციებს წარმოადგენს, საერთაშორისო ჟურნალისტებისთვის და ბაიერებისთვისაა განკუთვნილი და თბილისი რუმსში მოეწყობა.

– თამარ, რატომ აირჩია კომპანია m2-მა მაინცდამაინც მოდის კვირეულის მხარდაჭერა?

– ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვადევნებთ თვალს ზოგადად მოდის განვითარებას და ძალიან გვიხარია, რომ თბილისი ნელ-ნელა ტრენდულ ქალაქად ყალიბდება, იზრდება უცხოელთა ინტერესი თბილისი მოდის კვირეულის მიმართ, ქართველი დიზაინერების პროდუქცია კი, ნელ-ნელა საერთაშორისო ბაზრისთვისაც საინტერესო ხდება, გადავწყვიტეთ ჩვენი წვლილი შეგვეტანა მათ განვითარებასა და წარმატებაში.

– ლაკო, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს მოდის კვირეული?

– ჩემთვის, ისე როგორც სხვებისთვის, თბილისის მოდის კვირეული ის ღონისძიებაა, რომელიც მაძლევს საშუალებას ვიმუშაო და შევქმნა კოლექცია, მერე კი, იმ საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე სტუმრების წინაშე წარვადგენო, ვისთანაც ნებისმიერი დიზაინერი ისურვებდა თანამშრომლობას.

IMG_0598– როგორია ქართველი მომხმარებელი?

– ჩემს მიმართ საკმაოდ დადებითადაა განწყობილი. მე იმ ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა, ვისაც ჩემი ნამუშევრები მოსწონს და კრიტიკა ჯერ არ მომისმენია.

– რამდენად მისაღებია ფასები?

– საქართველოს ეკონომიკას თუ გავითვალისწინებთ, ფასები ჩემს პროდუქციაზე საკმაოდ ძვირია, თუმცა გავაკე მეორე ხაზი LOLO BY LAKO, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია.

– თაკო, როგორ მოხდა დიზაინერების შერჩევა?

– ძალიან ბევრი დიზაინერი გვყავს, როგორც ცნობილი, ისე დამწყები. ზოგიერთი წელს პირველად აწყობს ჩვენებას, ამიტომ საკმაოდ სერიოზულად მივუდექით მათ შერჩევას. ჩვენთვის მთავარი ძლიერი და კრეატიული კოლექციაა, რადგან სწორედ კოლექციით, უნდა გააცნონ მათ თავი მოდის სამყაროს წარმომადგენლებს. კვირეული ლაკო ბუკიას ჩვენებით გაიხსნება. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქნება, რადგან ბევრისთვის ეს დღესასწაულია, ბევრისთვის კი – სამუშაო. ჩვენი მთავარი მასპინძელი თბილისი რუმსი იქნება, თუმცა, კიდევ რამდენიმე ლოკაცია გვაქვს შერჩეული, მათ შორის თბილისის განახლებული ოპერის და ბალეტის თეატრი. განსხვავებული ადგილები შევარჩიეთ, რადგან გვინდოდა მაქსიმალურად ბევრი თბილისური ღირსშესანიშნაობა გვეჩვენებინა უცხოელებისთვის.

– ლაკო, რა არის დღეს მოდაში?

– დღეს მოდაში ქუჩის სტილია ანუ, არა კლასიკური, არამედ უფრო თავისუფალი. ფერებში უპირატესობა წითელს და ვერცხლისფერს ენიჭება, პოპულარულია ტყავის და ხავერდის მოდელებიც. თუმცა, მე საკუთარი შეხედულება მაქვს მოდაზე. ვთვლი, რომ მოდური ისაა, რაც გიხდება. ჩემს კოლექციაში ამ სეზონზე განსაკუთრებული ყურადღება ფერებს და პრინტს ენიჭება, რომელზეც თვითონ ვმუშაობდი.

– თქვენი აზრით, რა აკლიათ ქართველ დიზაინერებს?

– ჩემი აზრით, დიზაინერები სულ ახლის ძიებაში უნდა იყვნენ და არასდროს არ უნდა გაჩერდნენ ერთ იდეაზე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შთაგონების წყაროსაც.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები