LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეულის მე-16 სეზონი 27 ოქტომბერს იხსნება – „არტ-FM”

6

24 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემაში „არტ-FM”, მოწვეულმა სტუმრებმა ლაშა ჯოხაძემ, ბასა ფოცხიშვილმა და თაკო ჩხეიძემ თბილისის მე-16 მოდის კვირეულზე ისაუბრეს.

წელს მოდის კვირეული, რომელიც 27-30 ოქტომბერს გაიმართება, უამრავ გამოცდილ და ახალბედა, ქართველ და უცხოელ დიზაინერს უმასპინძლებს.

– ლაშა, როგორ ემზადებით წლევანდელი მოდის კვირეულისთვის?

– პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მოდის კვირეულის ორგანიზატორებს გამოცხადებული ნდობისთვის. ყოველთვის საპაუხისმგებლოა და ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ამგვარ ღონისძიებაში მონაწილეობა. ახალი კოლექცია, რომელსაც წელს წარმოვადგენ, ვფიქრობ ძალიან დახვეწილი და ელეგანტური გამოვიდა, რომელიც პირველ რიგში საქმიან ქალბატონებს მოეწონებათ.

– რა ფერები დომინირებს წლევანდელ კოლექციაში?

– წინა სეზონზე ზედმეტად ფერადი კოლექცია გამომივიდა, ამიტომ წელს თავი შევიკავე და მხოლოდ ორი ფერზე – შავსა და ოქროსფერზე გავაკეთე აქცენტი.

– ვინ წარმოადგენს თქვენს კოლექციას?

– კოლექციას სააგენტო „ჯეო-მოდელსის“ ულამაზესი მოდელები წარმოადგენენ, ჩვენებას კი, თაკო ჩხეიძე დახურავს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა.

– მოდის კვირეულის გარდა, კიდევ რა პროექტებზე მუშაობთ?

– პარიზიდან მივიღე შემოთავაზება და რა თქმა უნდა, დიდი ენთუზიაზმით ვმუშაობ ახალ კოლექციაზე.

– ბასა, თქვენი რას შესთავაზებთ მოდის მოყვარულებს?

– წელს კვირეული გენიალურ ქართველ მხატვარს, ქალბატონ ელენე ახვლედიანს ეძღვნება, რომელიც თამამად შეიძლება ჩაითვალოს საქართველოში ე.წ. masculine style-ის ფუძემდებლად, რომელიც ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას. ჩვენება ლეღვთახევში, ულამაზეს და ძალიან საინტერესო კაფეში „ლეღვში“ მოეწყობა, სადაც ვეცდებით გავაცოცხლოთ ძველ ფოტოებზე ასახული ეპოქა, ქალბატონი ელენეს ნახატები და სტუმრებსაც სწორედ ამ ეპოქისთვის დამახასიათებელ კოსტუმებს წარმოვუდგენთ.

– თაკო, როდის გაიხსნება თბილისის მოდის კვირეული?

– მოდის კვირეული 27 ოქტომბერს გაიხსნება და ოთხი დღით თბილისს მოდის ქალაქად გადააქცევს. უკვე გამოცდილ დიზაინერებთან ერთად, უამრავი ახალბედა მიიღებს მონაწილეობას, რადგან ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა – აღმოვაჩინოთ ახალგაზრდა, ნიჭიერი შემომქმედები და მივცეთ მათ საშუალება წარმოუდგინონ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას. წელს ბევრმა უცხოელმა დიზინერმა მოგვმართა მონაწილეობის მიღების სურვილით და მიხარია, რომ ინტერესი ჩვენს მიმართ საზღვარგარეთაც ყოველწლიურად იზრდება.

– მოდის კვირეული ყოველთვის უამრავ საინტერესო ღონისძიებას აერთიანებს. საინტერესოა, წელს რა სიახლე გაქვთ?

– თბილისის მოდის კვირეული მრავალპლანიანი ღონისძიებაა, რომელიც მოდურ ჩვენებებთან ერთად, გამოფენებს და მასტერკლასებსაც აწყობს. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონი იქნება და არტ-გამოფენებთან ერთად ფეშენ-მარკეტინგის კონფერენციაც გაიმართება, სადაც Prada-ს და Vivienne Westwood-ის მოდის სახლების წარმომადგენლები საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრებენ. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ გავამრავალფეროვნოთ ჩვენი კვირეული და შემოქმედების ყველა სფერო მოვიცვათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები