LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის ოპერის „სიყვარულის ნექტარი“ პრემიერა შედგება

7

13 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ოპერის მომღერალი მიხეილ ქირია სტუმრობდა.

14 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაეტანო დონიცეტის ოპერის „სიყვარულის ნექტარი“ პრემიერა შედგება. თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხელოვანის, კოლუმბიელი მხატვრის და მოქანდაკის ფერნანდო ბოტეროს დადგმის გამორჩეულ ვერსიაში ნინო ჩაჩუა, მიხეილ ქირია, გიორგი მჭედლიშვილი, თამთა კორძაია და გიორგი დავთაძე მიიღებენ მონაწილეობას, სპექტაკლს კი, ცნობილი იტალიელი დირიჟორი ფაბრიციო კასი უდირიჟორებს.

– ბატონო მიხეილ, რას გვეტყვით სპექტაკლის შესახებ?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ „სიყვარულის ნექტარი“ მართლაც არაჩვეულებრივი დადგმაა. ლა სკალას აკადემიაში სწავლისას, ყოველდღე მიხდებოდა მილანის ცნობილ გალერეასთან გავლა, პატარა დარბაზში გამოფენილ ნამუშევრებს შორის კი, განსაკუთრებულ ყურადღებას ბალერინა იქცევდა, რომელსაც „ჩემი მომავალი მეუღლე“ შევარქვი. სწორედ ასე გავეცანი ბოტეროს შემოქმედებას და მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა მისი დადგმით წავრსდგე მაყურებლის წინაშე. „სიყვარულის ნექტარი“ ჩემი პირველი სპექტაკლია  თბილისის ოპერის სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის წამყვან თეატრებში უკვე რამდენიმე წელია ვმღერი.

– როგორც თავად აღნიშნეთ, „სიყვარულის ნექტარით“ თქვენი დებიუტი შედგება. რას ნიშნავს თქვენთვის თბილისის ოპერის სცენაზე გამოსვლა?

– უცხოეთში მოღვაწე ქართველ მომღერლებს რატომღაც ძალიან ეშინიათ სამშობლოში გამოსვლა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ არაფრის არ გვეშინია, მეტიც, ძალიან მიხარია ჩემს მაყურებელთან შეხვედრა.

– ამბობენ, თითქოს სხვებთან შედარებით ქართველი მაყურებელი ბევრად კრიტიკული და მომთხოვნია, თქვენ თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– ვფიქრობ, კარგ ნამუშევარს ნებისმიერი პუბლიკა სათანადოდ შეაფასებს. მთავარია, ის შესთავაზო, რაც მას უნდა და რისი მოლოდინიც აქვს. სამწუხაროდ, ჩემი თაობის მომღერლებს არ მიეცათ საქართველოში მოღვაწეობის საშუალება  და  ჩემი დებიუტიც პირდაპირ ლა სკალას თეატრში შედგა.

– როგორ ემზადებოდით დებიუტისთვის, ვინ შეუწყო ხელი თქვენს ლა სკალას თეტრში მოხვედრას?

– არჩვეულებრივი პედაგოგები მყავდა, ბატონებმა ნოდარ ანდღულაძემ და ვაჟა ჩაჩავამ ყველაფერი გააკეთეს ჩემი პროფესიონალური აღზრდისთვის. დიდი ხანია არავისთან აღარ ვმეცადინეობ, რადგან ჩემს საყვარელ პედაგოგებთან დავაგროვე უზარმაზარი ბაგაჟი და ის გამოცდილება, რომელსაც ყოველთვის დიდი წარმატებით ვიყენებ. ძალიან სპონტანურად აღმოვჩნდი ლა სკალას თეატრში, უზარმაზარი გალა-კონცერტი იმართებოდა 1 500 მომღერლის მონაწილეობით, მე კი, ჯეიმს ვონთან – ლა სკალას მთავარ კონცერტმაისტერთან შევასრულე რამდენიმე ნაწარმოები, მოგვიანებით ქალაქ ბარიში ვიყავი, სწორედ იქ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჯეიმს ვონს სპექტაკლში „ქალი ჩრდილის გარეშე“  ჩემი ხილვა სურდა, თუმცა გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რადგან ახალი ჩასული ვიყავი, დებიუტანტებისთვის კი, ლა სკალას სცენაზე გამოსვლა არც ისე მარტივი იყო და სწორედ ვონის დაჟინებული მოთხოვნით შედგა ჩემი დებიუტი ლა სკალას სცენაზე. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ოპერის მომღერლის პროფესია ძალიან რთულია, რადგან ის, რასაც მაყურებელი ხედავს ჩვენი შრომის მხოლოდ მცირე ნაწილია.

– საინტერესოა დღეში რამდენ საათს მეცადინეობთ?

– უშუალოდ სიმღერის გარდა, ძალიან ბევრს ვმუშაობთ მენტალურად. შეიძლება ერთი დღე საერთად არ იმღერო, მაგრამ პერსონაჟზე მაინც მუდმივად გიწევს ფიქრი, აუცილებელია მისი მიგნება და გაგება, რადგან სწორედ ეს განაპირობებს წარმატებულ შესრულებას.

– უამრავ ჯილდოსთან ერთად, მარია კალასის სპეციალური პრემიაც გაქვთ მირებული. რას ნიშნავს თქვენთვის ამგვარი ჯილდოს მიღება?

– რა თქმა უნდა, პრემიები კარგია, მაგრამ არტისტისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მაინც მაყურებლის აპლოდისმენტია.

– რას ურჩევთ იმ ახალგაზრდებს, ვინც ოპერის მომღერლობაზე ოცნებობს?

– ვფიქრობ, ოპერის მომღერლისთვის მთავარი ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობა და საკუთარი საქმის სიყვარულია.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– აგვისტოს თვეში პარმაში ვერდის ფესტივალი იწყება, სადაც ჩემთვის საყვარელ ოპერაში „ფალსტაფი“ შევასრულებ მთავარ პარტიას, მოგვაინებით ამსტერდამში გავემგზავრები, მერე კი, ბერლინის დოიჩე ოპერის სცენაზე მექნება რამდენიმე წარმოდგენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები