LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის საერთაშორისო ფესტივალს ქუჩის წარმოდგენებიც დაემატა

3

27 სექტემბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს თბილისის საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზატორი ეკა მაზმიშვილი, თეტრის კრიტიკოსები ლაშა ჩხარტიშვილი და დავით ბუხრიკიძე სტუმრობდნენ.

– ერთგვარი პარალელი რომ გავავლოთ ქართველ და ევროპელ თეატრის მოყვარულებს შორის, თქვენი აზრით, რამდენად ხშირად სტუმრობს ქართველი მაყურებელი თეატრს და რამდენად მზადაა ამგვარი ფესტივალის მასპინძლობისთვის?

ლაშა ჩხარტიშვილი:

– წელს ფესტივალი უკვე მერვედ იმართება. გარკვეული გამოცდილება უკვე დაგროვდა და ფესტივალის მასშტაბებთან ერთად მაყურებელიც გაიზარდა. მართალია, თეატრალურ ფესტივალს ხანმოკლე ისტორია აქვს, მაგნამ მან მაინც მოახერხა გამხდარიყო წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და იმ ვარსკვლავებისთვის მოეყარა თავი, ვინც კლიმატს ქმნის დღევანდელ თეატრალურ სამყაროში. ვფიქრობ, მაყურებელი ძალიან ბედნიერია და მზადაა ამგვარი ფესტივალის მისაღებად, რაც სწორედ ამ რვაწლიანი დაუღალავი შრომის შედეგია. წლევანდელ ფესტივალს, ისე როგორც გასული წლებისას, საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამა აქვს, თუმცა წელს მას კიდევ ერთი სეგმენტი – ქუჩის წარმოდგენები შეემატა, რომელმაც  წარმატებით გაიარა აპრობაცია და ძალიან კარგად მიიღო ქართველმა მაყურებელმა.

დავით ბუხრიკიძე:

– ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო ფესტივალის ისტორიიდან. ცნობილი იტალიელი რეჟისორის ჯორჯო სტრელერის სპექტაკლზე ”ორი ბატონის მსახური”, პოლიცია გაძლიერებული შემადგენლობით იცავდა თეატრს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ მაყურებლს ერთგვარი თეატრალური შიმშილი ჰქონდა. ამიტომ, ეკა მაზმიშვილის ამ წამოწყებას თავიდან გაუცნობიერებელი შიში და სკანდალებიც კი მოჰყვა, რადგან მაყურებელი ძალიან ბევრი იყო, დასწრების საშუალება კი, ყველას არ ჰქონდა. ფესტივალმა ერთგვარი არტ-ინსტიქტი გააღვიძა ქართველ მაყურებელში და ძალიან მიხარია, რომ წლების განმავლობაში ის სერიოზულ ფესტივალად ჩამოყალიბდა და მუდმივად განვითარებაზე ფიქრობს. ქუჩის თეატრი, მოძრაობის, ცეკვისა და ფიზიკური თეტრი, რომ არაფერი ვთქვათ დრამატულ თეტრზე, მნიშვნელოვნად ამდიდრებს ფესტივალს და აფართოებს თეატრალურ ლანდშაფტს. თეატრის მოყვარულები ხშირად აღნიშნავენ, რომ, მათ სწორედ ამ ფესტივალის დახმარებით აღმოაჩინეს ახალი მსახიობები და რეჟისორები, რაც უდაოდ, წაადგება არა მარტო ფეტივალის განვითარებას, არამედ მაყურებლის შინაგან ზრდასაც.

– ქალბატონო ეკა, რას ელოდით წლევანდელი ფესტივალისგან და რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?

– შედეგზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა პირველი სამი სპექტაკლი საკმაოდ წარმატებულად ჩატარდა. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა ჟანრის და ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული სპექტაკლები მაყურებელმა ასე აქტიურად მიიღო. მართალია, ზოგი აღფრთოვანებული შეხვდა, ზოგმა კი, კრიტიკა გამოთქვა, მაგრამ მთავარია, რომ გულგრილი არავინ დარჩა. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ფესტივალის ქუჩაში გასვლა. წარმატებაში მე ადამიანების ბედნიერ სახეებს ვგულისხმობ, რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს ჩვენი ფესტივალის წარმატებას.

– ქალბატონო ეკა, რომელი სპექტაკლის ნახვას ურჩევდით მაყურებელს?

– უამრავი საინტერესო სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი, პარალელურად კი, არანაკლებ საინტერესო ღონისძიებები გაიმართება. ასე რომ, მაყურებელს ვურჩევ, არაფერი არ გამოტოვოს და მაქსიმალურად ისიამოვნოს ფესტივალით.

– ბატონო ლაშა, თქვენი აზრით, რა პრობლემები აქვს დღეს ქართულ თეატრს?

– ქართული თეატრი გამონაკლისი არაა და გარკვეული პრობლემები მასაც აქვს. მართალია, უამრავი მატერიალურ-ტექნიკური სირთულეა  განსაკუთრებით რეგიონებში, მაგრამ ჩემი აზრით, ტექნიკურ აღჭურვილობასთან ერთად, არანაკლებ პრობლემატურია შემოქმედებითი პროცესი, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი მხატვრული ხარისხი და მუდმივი ძიება. თუმცა, არიან ლიდერი რეჟისორები, ვინც ქმნის ქართულ თეატრს და სწორედ მათ გარშემო იკრიბებიან კარგი მსახიობები.

– რა კეთდება ამგვარი პრობლემების აღმოსაფხვრელად?

– სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ნაკლები მუშაობაა. სულ რამდენიმე თეატრია, რომელიც სხვებთან შედარებით უფრო მეტ ვორქშოპს და მასტერკლასს მართავს. თუმცა, ამგვარი ღონისძიებების მიმართ ინტერესია ნაკლებია, რაც ძალიან გულდასაწყვეტია და ჩემი აზრით, იმის მანიშნებელია, რომ ქართულ თეატრში საკუთარი თავი ყველას გენიოსი ჰგონია და არ სჭორდება გამოცდილების გამდიდრება. ამგვარი გადაჭარბებული თავდაჯერებულობა კი, ჩემი აზრით საკმაოდ წამგებიანია ქართული თეატრისთვის.

– ბატონო დავით, თქვენ რაში ხედავთ ქართული თეატრის მთავარ პრობლემას?

– ამჯერად მხოლოდ ერთ დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია კლასიკური ტექსტის თანამედროვედ წაკითხვის უნარი, რადგან ის ფორმა და ენა, რომელზეც თეატრი მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მეტყველებდა, დღეს უკვე მოძველებულია  და ვფიქრობ, აუცილებელია ახლის, თუნდაც პროვოკაციული ფორმის მოძებნა.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები