LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეიკო ანჯაფარიძე: ”ეს არის პატარა ამბები ჩვენ შესახებ – ამბავი, რომელიც შეგვეხო”

ბლოგების წერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამბობს, რომ ეს ორი ადამიანის, მისი საუკეთესო მეგობრისა და  უმცროსი დის დამსახურებაა. სწორედ მათ უზიარებდა თავდაპირველად საკუთარ განწყობებს, განცდებს, დამოკიდებულებებს, დღეს კი ამ ყველაფერმა ბლოგის სახე მიიღო.  ბლოგის შექმნამდეც სულ წერდა, ჯერ იყო პატარა ჩანაწერები, მერე სტატიები, მოგვიანებით  რეპორტაჟები. წლები ტელევიზიაში ჟურნალისტად მუშაობდა.  გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი ბლოგერი, თეიკო ანჯაფარიძეა.

რა დროს უთმობ ბლოგს?

სანამ დაიწერება, მანამდე ჩნდება განწყობა, იდეა ან პრობლემა. რა თემასაც ვეხები არის ნაგრძნობი, განცდილი, დანახული.  უშუალოდ წერა ამ  მთლიან პროცესს დასრულებულ სახეს აძლევს.  ვწერ დილაობით და  ისევ წერილების სახით, რომელთა ადრესატიც, პირველი მკითხველი და მთავარი კრიტიკოსი უმცროსი  დაა.  ზოგად კონტექსტში კი ეს ბლოგები ჩემი „სივრცის“ განუყოფელი ნაწილი გახდა.

რის შესახებ არის შენი ბლოგები?

ეს  არის  პატარა ამბები ჩვენ შესახებ –  ამბავი, რომელიც შეგვეხო… ამბავი ემოციაზე,  რომელიც ხშირ შემთხვევაში  მარტივი  მიზეზისაგან  ჩნდება, მაგრამ არსად არ მიდის და  ჩვენში რჩება.  დროთა განმავლობაში  ჩვენ  ერთმანეთის მართვასა და ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ. ბლოგსაც ასე უბრალოდ ჰქვია: „სივრცე… Just a woman …

ციკლი  იტალიური ეზოს ამბები   იმ ადგილის მონატრებითა და ნოსტალგიით დაწერა,  სადაც დაიბადა და გაიზარდა. წერს რეალურ ისტორიებზე რეალური გმირებით (თუმცა შეცვლილი სახელებით). წერდა აფხაზეთის ომის  შემდეგ დაკარგული  ახლობლების უსასრულო  მოლოდინზე, ერთ-ერთ ძველ ქუჩაზე გალაკტიონის გასეირნებაზე, ჩამქრალ და ყველასთვის ჩაკეტილ სადარბაზოზე, რომელშიც ძაღლი სიცივესა და შიმშილს  ემალებოდა. ამბობს,  რომ  წერს  ადამიანურ,  განსაკუთრებულად თბილ, დასაფასებელ და სახასიათო  ურთიერთობებზე.

თეიკო ანჯაფარიძის თქმით, დიალოგი მნიშვნელოვანია, მის პოსტებშიც დიალოგებს ხშირად შეხვდებით. ფიქრობს, რომ თუ მისი რომელიმე ბლოგი მსჯელობის, დაფიქრების საბაბი გახდა, მიზანი უკვე მიღწეულია.

„ამბობენ, როცა  ფიქრობ, ფიქრობ შენთვის, როდესაც  წერ, შენს ფიქრს უკვე სხვას უზიარებ და ამ თხრობის თანამონაწილედ ხდი. მნიშვნელოვანია თითოეული გამოხმაურება, კომენტარი, შეფასება. ჩემთვის უძვირფასესია ყველა იმ ადამიანის დრო, რომლებმაც  ერთი წუთი მაინც დამითმეს, წაიკითხეს  და  მადლობა მათ ამისათვის“.

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს …

ამ კითხვაზე გამახსენდა ჯემალ ქარჩხაძის სიტყვები, რომლებსაც შემთხვევით წავაწყდი  ერთ-ერთ ლიტერატურულ გამოცემაში, ის ამბობდა: „ეს  არ არის წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, ეს არის წიგნი, რომელიც უნდა იკითხო“.  ამ სიტყვების  შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი, რომ  მართლა არსებობენ ავტორები, რომლებიც უნდა წაიკითხო და არსებობენ მწერლები, რომლებსაც მუდმივად ვუბრუნდებით. ყოველი ასეთი დაბრუნების შემდეგ თავიდან განიცდი ძველს და აკეთებ ახალ აღმოჩენას.  ჩემი რჩევა წიგნზე, რომელიც საინტერესოა, არის  ჯოჯო მოიესის  “მე, შენამდე” და  წიგნი, რომელსაც ხშირად ვუბრუნდები –  ჯორჯ ორუელის  „ცხოველების ფერმა“.

 

#ჩვენიამბავი#შენცგაიზრდები

თეიკო ანჯაფარიძე

– დე, ჩემს ზეიმზე რომ არ იყავი? – ბოლო რამდენიმე კვირაა მე და პეტრე ამ კითხვით ვასრულებთ დღეს.

– დე, ვერ მოვედი; – საბანს ვუსწორებ. საკუთარი გულის ცემის ხმა მამძიმებს.

– ააა, –  მეუბნება და ზურგს მაქცევს. – გახსოვს შემოდგომის დღესასწაულზეც რომ არ იყავი და მერე მითხარი, ზამთარში მოვალო.

– ხო დე, ხომ იცი მინდოდა, მაგრამ ვერ მოვახერხე;

– კარგი, ოღონდ აღარ მომატყუო, თორემ მატყუარას დაგიძახებ; – პეტრე ჩუმდება. მე არ მასვენებს არც გულის ცემა  და აღარც არეული ფიქრები.

რა სასაცილო ბიჭია ეს პეტრე, საიდან  იცის რა არის ტყუილი ან საიდან ჩნდება სიმართლე. როგორ ავუხსნა, რომ ადამიანი, რომელიც თავისუფალია არჩევანში, მაინც შეზღუდულია გადაწყვეტილებებში და  ამ შეზღუდვებსაც გარემო აწესებს. როგორ ავუხსნა, რომ ვიცი ხანდახან გრძნობას მტკიცებულება სჭირდება, მაგრამ ჩემთვის ამ მტკიცებულებების გარეშეც „სიყვარულია ყველაზე მთავარი ღირებულება.“როგორ ავუხსნა, რომ ადამიანები ხანდახან დროს არაფრისთვის და არაფერში ვკარგავთ. წვრილმანებში გვეკარგება ბედნიერებაც.

როგორ ვუთხრა, რომ თაობებს შორის ურთიერთობას ბუმერანგის ძალა აქვს: სანამ შვილებს ჩვენთან ყოფნა უნდათ არ გვცალია და როცა მათ უნდათ სხვაგან წასვლა, გული გვწყდება. როლები იცვლება, მაგრამ არ იცვლება თამაშის წესები

-დე, მე არასოდეს გატყუებ; – ვეუბნები მშვიდად და დამაჯერებლად.

-მაშინ მითხარი ზეგ როდის იქნება და როდის დაისვენებ?

-გათენდება, დაღამდება, გათენდება და მერე …

ეჰ, პეტრე, პეტრე … რა კარგია რომ ჯერ ვერ ხვდები, რომ ყოველი ახალი დღე ბავშვობასთან გვაშორებსმინდა მჯეროდეს, ყველა ჩვენგანში არასოდეს დაბერდება ან დაიკარგები ეს პატარა, ცნობისმოყვარე ბავშვი.

აღარფერს ვამბობ.  ვიცი, როდესმე ამ  თემას ისევ დავუბრუნდებით, მანამდე ბევრჯერ უნდა დაღამდეს და გათენდეს. ახლა არ მინდა სიტყვებმა ძალა დაკარგონ. ჩემი ახსნა კი  თავის მართლებას დაემსგავსოს. ისევ  ჯობია ჯერ საბანი გავუსწორო და მერე მაგრად ჩავეხუტო.

გადაცემის ჩანაწერი: