LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ჭყონია: ფულის ხარჯვა არ მიყვარს

24

სეზონის პირველ გადაცემაში ”წარმატების ფორმულას” ბიზნესმენი თემურ ჭყონია სტუმრობდა. ბიზნესმენმა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საკუთარი ბიზნესის წარმატების ასპექტებზე ისაუბრა. მან ასევე პასუხი გასცა ტრადიციულ ბლიც-კითხვებს.

თემურ ჭყონია ”წარმატების ფორმულას” 5 წლის შემდეგ მეორედ სტუმრობდა.

 – რამდენიმე დღის წინ ბაზარზე ლარის კურსი უპრეცენდენტო ნიშნულზე დაფიქსირდა. რა შეცვალა ლარის გაუფასურებამ თქვენი კომპანიისთვის?

– ჩვენი კომპანია მოიცავს რამდენიმე სერიოზულ გაერთიანებას. რომ დავიანგარიშოთ, უკვე რამდენიმე მილიონი გვაქვს დაკარგული, ალბათ 8-დან 10-მდე. ჩვენ მაინც პოზიტიურად ვუყურებთ ამ თემას, რადგან პირველი მილიონი რომ დავკარგეთ, გვეწყინა და მერე ისე მივეჩვით, უკვე აღარ შევწუხებულვართ. როგორც პირველი მილიონის შოვნაა ძნელი, დანაკარგებიც ასეა. ასე რომ, ამ თემას აღარ ვაქცევთ ყურადღებას. სერიოზულად რომ ვიმსჯელოთ, ლარის კურსის მდგომარეობა არ არის პროგნოზირებადი. ის პირები ვინც პასუხისმგებელი არიან ამაზე, ყოველთვის საუბრობენ ციფრებზე, რომელიც მერე რეალურად არ სრულდება და ვიღებთ სხვა ციფრებს. ვფიქრობ, რომ სიტუაცია კიდევ რამდენიმე თვე იოლი არ იქნება. არსებობს გარე ფაქტორები, მაგრამ ის შიდა ფაქტორები, რომელიც ჩვენ ხელშია, იმ დოზით არ იყენებს ის ჯგუფი, რომელსაც უნდა იყენებდეს. ეს არის პროვატიზაციის ძალიან აქტიური ფაზის განვითარება და სხვადასხვა ობიექტების რეალიზაცია. პრივატიზაცია არის უმნიშვნელოვანი თემა, ხარჯვითი ნაწილი არის შესამცირებელი. ასევე, უმიშვნელოვანესია სწორი ხარჯვა. უწყებებს არ უნდა ჰქონდეთ თანხების ხარჯვის შიში, დახარჯვა ყოველთვის სასიამოვნოა, თუ შემოსავალი გაქვს ადეკვატური.

– კონკრეტულად რა ღონისძიებები უნდა გაატაროს ხელისუფლებამ?

– უნდა დაიწყოს ინფრასტრუქტურული სამუშაობის გაძლიერება. ეს არის მაგალითად გზების მშენებელობა და ა.შ. 81%-ით გაიზარდა ინვესტიცია საქართველოში. ეს ციფრი ვფიქრობ პოპულისტურია. რადგან 81% ძალიან დიდი ციფრია: 0% იყო და 800 ათასი გახდა… ინვესტიცია არის მაგალითად ჰესის მშენებლობა, რომელიც ღირს 1 მლრდ. ხალხმა არ უნდა იცოდეს, რომ ეს 1 მლრდ საქართველოში იხარჯება, რადგან ამ თანხაში შედის ის დანადგარები, რომელიც უნდა დამზადდეს სხვა ქვეყანაში, რომელიც ვთქვათ ღირს 700 მლნ და 300 მლნ შეხვდა საქართველოს. ეს არის ბეტონი, მუშები და ა.შ. ამიტომ როცა საუბრებონ დიდ ინვსეტიციებზე, ეს უნდა გაიშიფროს და მაშინ გვეცოდინება, 81%-ში რამდენი იყო საქართველოში გამოყენებული ფული.

– რაც შეეხება ლუდზე აქციზის დაწესებას. როგორ აფასებთ ამ საკითხს?

 – როდესაც ფინანსთა სამინისტრო რაიმე ღონისძიებას ატარებს, ჩემი აზრით მან შემდეგ უნდა თქვას, რომ გატარებულმა ღონისძიებამ რა შედეგი მისცა ან რა მოუტანა სახელმწიფოს. ბიუჯეტში შეიძლება უფრო დიდი თანხა შევიდეს, ვიდრე შედიოდა გაძვირებამდე. მაგრამ რის ხარჯზე მოხდა ეს? ვთქვათ, სახელმწიფომ მოიგო 9 მლრდ. მაგრამ ამის შემდეგ ჩვენ აღარ ვართ ისეთი აქტიურები. ის ფული, რომელიც უნდა ჩაგვედო რეკლამაში, განვითარებაში, ტექნოლოგიების შექმნაში, ბაზრების დაპყრობაში, რომელიც გაცილებით ბევრ ფულს მოუტანდა სახელმწიფოს, ვეღარ ჩავდეთ. გრძელვადიან პერიოდში, ერთ მშვენიერ დღეს სახელმწიფოც მიიღებს ნაკლებს და მერე ჩვენც ვეღარაფერს ვეღარ მივცემთ.

– როგორ შეაფასებდით სავალდებულო მარკირების შემოღებას არაალკოჰოლურ სასმელზე?

– ამ თემაზე საუბარი ძალიან მიჭირს. ჩვენ დღე და ღამე ვცდილობთ, დავიპყროთ ღვინით ბაზრები საექსპორტოდ და ან ვაკეთებთ რაღაც ინტელექტუალური ცოდნის იმპორტს, რომელიც ჩვენ არ გვჭირდება და უცხოურ კომპანიას ვუხდით ფულს, დათვალოს ის პროდუქცია, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ჩვენ დათვლის საკმაოდ თანამდეროვე ტექნოლოგიებს ვფლობთ და შეურაცხყოფილი ვართ იმის გამო, შემოაყვათ უცხოური დამთვლელი ორგანიზაცია, რომელმაც უნდა წაიღოს მილიონები. თუ დათვლა არ შეუძლია ფინანსთა სამინისტროს, მაშინ ფინანსთა მინისტრი მოვიწვიოთ უცხოელი.

– რამდენად ხელისშემწყობია დღეს ბიზნეს გარემო საქართველოში?

 – ვფიქრობ, რომ ბიზნების განვითარებას ხელს ვერ შეუშლის ვერავინ. კომუნისტური წყობაც მაგიტომ დაიშალა, რომ ხელისშემშლელი ფაქტორები იყო ბევრი და წარმოუდგენელი იყო ბიზნესის კეთება. ჩვენმა ჯგუფმა სახელმწიფოს წელს უნდა გადაუხადოს 64 მილიონამდე. რა ხელშეწყობაზეა საუბარი ან როგორ შეიძლება ჩვენ ვინმემ ხელი შეგვიშალოს. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით.

– ბევრი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სხვადასხვა საქმეს უდგახართ სათავეში. დღევანდელი გადმოსახედიდან როგორი ხელმძღვანელი ხართ?

– ჩვენთან არიან ხელმძღვანელები – პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებში ასე ჰქვიათ. ეს გამოიხატება იმაში, რომ უფროსმა უნდა უთხრას სხვას და იმ სხვამ გააკეთოს. ეს დიდი შეცდომაა. რადგან თუ უფროსი მცდარ დავალებას მისცემს, ხელქვეითი ხელს გაიშვერს და იტყვის – მან მითხრა და მე რა შუაში ვარო.. ამიტომ უნდა არსებობდნენ ლიდერები. ეს იმას ნიშნავს, რომ ლიდერმა შეკრიბოს ჯგუფი, ვისთანაც მუშაობს, კორპორაციული ინტერესი განავითაროს, კარგი ხელფასი და მოტივაცია მისცეს. ანუ საჭიროა ლიდერი და არა ხელმძღვანელი. ჩვენთან რომ დანიშნავენ ხელმძღვანელს, პირველი რასაც აკეთებს, ბრძანებას გასცემს, რაც არასწორია. ჩვენ გვჭირდება არა ხელმძღვანელები, არამედ ლიდერები, რომლებიც გაითვალისწინებენ თანამშრომლების ჭკვიანურ აზრს და ერთი კარგი გეგმის გარშემო გააერთიანებენ. მე ძირითადად ლიდერი ვარ ხოლმე. ჩვენთან ვინც მუშაობდა, ძირითადად ამით არის დაკომპლექტებული საქართველოში ბევრი ბიზნეს ადგილი. ჩვენთან ნამდვილად კარგი სკოლაა. არ მაქვს მიდგომა, რომ თანამშრომელი აუცილებლად მაგალითად, 6 საათზე უნდა იყოს სამსახურში. ამას თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები არ მოითხოვს.

ბლიცი

– თემურ ჭყონიას განტვირთვის ადგილი?

– სავარჯიშო დარბაზი.

– წიგნი, საიდანაც ბევრ რჩევას იღებთ?

– წიგნები ეკონომიკურ თემაზე.

– თემურ ჭყონიას დილა როგორია?

– ვარჯიშით ვიწყებ ხოლმე დილით.

– რა გხიბლავთ ადამიანებში ყველაზე ხშირად?

– სილამაზე.

– ყველაზე გამაღიზიანებელი შეკითხვა ჟურნალისტისგან?

– ასეთი არ არსებობს. მიყვარს ჟურნალისტები.

– ბიზნესი, რომელის შექმნასაც ისურვებდით, მაგრამ ჯერჯერობით შესაბამისი გარემო არ არის

– მე ვაკეთებ იმას, რაც ვიცი.

– რაში ხარჯავთ ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– მართალი რომ გითხრათ, ფულის სიამოვნებით ხარჯვა არ მიყვარს.

– პირობითი ფურცელი და ფანქარი გადმოგეცით. რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ხელს მოვაწერდი. მიყვარს ხელის მოწერა.

აუდიო ჩანაწერი

 


1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები