LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ თათარაშვილის ვარსკვლავის გახსნა და საიუბილეო კონცერტი – „არტ-FM“

7

20 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ მუსიკოსი თემურ თათარაშვილი და საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სტუმრობდნენ, რომელთაც ბატონ თემურის ვარსკვლავის გახსნასა და საიუბილეო კონცერტზე ისაუბრეს.

– ბატონო დავით, როგორ გადაწყდა თემურ თათარაშვილის ვარსკვლავის გახსნა?

– თემური ყოველთვის ვარსკვლავი იყო, რადგან 35 წელი მსმენელის სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობა მართლაც დიდი ფუფუნებაა, რომელიც ბევრს არ აქვს. ამიტომ, ბედნიერი ვარ, რომ 16 მარტს ვარსკვლავის გახსნასთან ერთად ძალიან საინტერესო და ორიგინალური საღამო მოეწყობა, სადაც თემური 35-წლიან შემოქმედებას შეაჯამებს. კონცერტში ყველა მუსიკოსი მიიღებს მონაწილეობას, ვისთანაც თემურს შემოქმედებითი თანამშრომლობა აკავშირებს. გარდა ამისა, მისი უამრავი მეგობარი იქნება დარბაზში, თუმცა არავის ეცოდინება, ვის ან როდის მიიწვევს სცენაზე სამღერად, რადგან ჩვენს საღამოს რეჟისორი არ ჰყავს და ყველაფერი სპონტანურად, წინასწარი დაგეგმვის გარეშე მოხდება. საღამოზე 20 სიმღერა, მათ შორის გოგი დოლიძის რამდენიმე ცნობილი კომპოზიცია შესრულდება, რომლთაც თემური საკუთარი ინტერპრეტაციით შეასრულებს და ბატონ გოგის მიუძღვნის. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თბილისის მერიას და კულტურის საქალქო სამსახურს, რომლებიც მხარში ამოგვიდგნენ და ღონისძიების მოწყობაში დაგვეხმარნენ, რაც საკმაოდ სოლიდურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. სხვათაშორის, კონცერტს გაგრძელებაც ექნება – აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე კომპანია „ტკბილ ქვეყანასთან“, თემურთან და მის მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო საღამოს გავმართავთ, შემოსული თანხით კი, თემურ თათარაშვილის სახელით ბავშვთა სახლებს და პენსიონერთა პანსიონატს საჩუქრებს გადავცემთ.

– რამდენადაც ვიცი თქვენ და ბატონ თემურს დიდი ხნის მეგობრობა გაკავშირებთ,

– ჩვენ მართლაც დიდი ხანია ვმეგობრობთ. მართალია, ორივეს ძალიან მძიმე ხასიათი გვაქვს, მაგრამ კონფლიქტი არასდროს მოგვსვლია.

– ბატონო თემურ, უამრავი საერთაშორისო ჯილდოს შემდეგ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის სამშობლოში ვარსკვლავის გახსნა?

– ჩემი ვარსკვლავი მხოლოდ საქართველოში უნდა იყოს, რადგან მე ამ ქვეყნის შვილი ვარ, აქ ვმოღვაწეობ და არ ვაპირებ არსად წასვლას.

– მთელ შემოქმედებას რომ გადაავლოთ თვალი, როდის იყო საუკეთესო პერიოდი?

– ყველაზე კარგად ანსაბლ „ივერიაში“ მოღვაწობის პერიოდი მასხენდება, სადაც ისე ვგრძნობდი თავს, როგორც საკუთარ ოჯახში, რადგან მართლაც ერთიანი, შეკრული კოლექტივი იყო.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებით საყვარელი სიმღერა?

– რა თქმა უნდა, ყველა სიმღერა მიყვარს, თუმცა გამორჩეულად ეკა კვალიაშვილის „დამივიწყე“ და ცირა ბზიშვილის „გული ადამიანობს“ მიყვარს, რომელიც ჩემთვის დაწერა, სულ ცოტა ხნის ჩავწერე და ძალიან მინდა, რომ საიუბილეო კონცერტსაც ასე ერქვას.

გადაცემის აუიდო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები