LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეო ჯორბენაძე და გიგი გეგელაშვილი სტუმრად ”არტ-FM”-ში

22

18 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ფონდ ”იავნანას” სამხატვრო ხელმძღვანელი თეონა ჯორბენაძე და კომპოზიტორი გიგი გეგელაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც 15 ნოემბერს დაგეგმილ საქმელმოქმედო კონცერტზე ისაუბრეს.

– ფონდ ”იავნანას” ყოველთვის ძალიან ბევრი პროექტი აქვს. როგორ ახერხებთ ერთდროულად ამდენ საქმის მოსწრებას და როგორ ემზადებით 15 ნოემბერს დაგეგმილი საქველმოქმედო კონცერტისთვის?

თეო ჯორბენაძე:

– როცა გვერდით ისეთი ადამიანები გყავს, როგორებიც ნიკოლოზ რაჭველი, სვიმონ ჯანგულაშვილი, ნინო ნახუცრიშვილი და მთელი ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფია, მოდუნების და დასვენების საშუალება ნამდვილად არ გვაქვს. 15 ნოემბერს აბსოლუტურად განსხვავებული კონცერტით წავრსდგებით პუბლიკის წინაშე. ჩვენმა ფონდმა ახალი სტარტეგია აირჩია – გვინდა  ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდებთან ერთად ვიმუშაოთ. სტუდენტური პროექტები მანამდეც გვქონდა, სულ ცოტა ხნის წინ განვახორციელეთ უნიკალური პროექტი – უნიჭიერესი ბავშვების სალონური საღამო. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა თაობასთან მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვისაც ერთგვარი სტიმულია. საუკეთესო მაგალითად გიგი გეგელაშვილი შემიძლია დავასახელო, რომელიც ”იავნანასთან” ერთად გაიზარდა. პირველად, 2006 წელს მიიღო ჩვენს აქციაში მონაწილეობა და მას შემდეგ ერთად ვართ. 15 ნოემბრის კონცერტი ძალების ერთგვარი გაერთიანებაა, 150-ზე მეტი მუსიკოსი წარსდგება მაყურებლის წინაშე, რომელთა შორის ჯგუფი ”სინათლის წელიწადი” და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი იქნება სრული შემადგენლობით.

img_3120გიგი გეგელაშვილი:

– საღამო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება და საოცრად მასშტაბური ღონისძიება იქნება. დიდი შრომა ჩაიდო მის იდეალურად განხორციელებაში და დარწმუნებული ვარ, მაყურებელი ნასიამოვნები დარჩება. სოლისტებთან – სოფო ტოროშელიძესთან, სოფო ხალვაშთან და ლუკა ზაქარიაძესთან ერთად მეც გამოვალ სცენაზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მუსიკოსების ჩვენს პროექტში მონაწილეობა, რადგან ყველა განსხვავებული ჟანრის შემსრულებელია, მათი ერთობლიობა კი, საერთო ჯამში სწორედ იმას ქმნის, რასაც როკ-კანტატა ”თაობა XXI” ჰქვია.

– კონცერტი მართლაც მასშტაბური იქნება. უფრო დეტალურად ხომ ვერ გვეტყვით, ვინ მიიღებს მონაწილეობას და რას იხილავს მაყურებელი?

თეონა ჯორბენაძე:

– კონცერტში ჩვენი ორკესტრი და ჯგუფი ”სინათლის წელიწადი” მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან მიხარია, რომ ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სოლისტი ნათია ჩუგოშვილი, ამ ჯგუფის სოლისტიცაა. გარდა ამისა, მსმენელის წინაშე ბავშვთა გუნდი წარსდგება ნიკლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ კონცერტით ჩვენ ახალგაზრდა და ნიჭიერ, 15 წლის მუსიკოსს ლუკა გოდიშვილს ვეხმარებით. ალბათ ყველამ იცის მისი ისტორია – ლუკა ჯართს აგროვებდა, აბარებდა და სწორედ ამ თანხით მეცადინეობდა მუსიკის პედაგოგთან. რამდენიმე თვის წინ ლუკას ფონდ ”იავნანას” სტიპენდია დაენიშნა, ახლა კი, იმედი მაქვს, მისთვის ბინის შეძენასაც შევძლებთ. ნიკოლოზ რაჭველი ძალიან ხშირად წერდა ამის შესახებ. მიხარია, რომ უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა და ძალიან ბევრმა გამოთქვა ლუკას დახმარების სურვილი. არ შემიძლია არ ავღნიშნო ქალბატონი ია მედოლიშვილი, რომელიც ჩემი და ნიკას ცხოვრებაში მზის სხივივით შემოიჭრა და საკუთარ კომპანიასთან ”ქარიზმასთან” ერთად, ყველაზე დიდი შემოწირულობა გაიღო. მხარს გვიჭერენ მუდმვი პარტნიორები და ჩენი ოფიციალური მზღვეველი – კომპანია ”ალფა”. ბედნიერი ვარ, რომ გაერთიანებული ძალებთ, შევძელით ნიჭიერი ახალგაზრდას დახმარება და მისი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლა.

img_3090დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო კონცერტი გამოვა, რადგან ”სინათლის წელიწადი” ისეთივე მუსიკალური აზროვნების ჯგუფია,  როგორიც ირაკლი ჩარკვიანი იყო ქართული მუსიკის ისტორიაში.  სახელს ჯგუფი ოთარ ჭილაძის ნაწარმოებს დაესესხა, პერფორმანსი კი, იმავე ჭილაძისა და ტერენტი გრანელის ტექსტებზე შექმნილი მიუზიკლია, რომელიც 21-ე საუკუნის თაობაზე და იმ მოვლენებზე მოგვითხრობს, რომლებიც ყველას კარგად გვახსოვს. შეიძლება ითქვას, ეს ერთგვარი აღსარებაა და ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება. მუსიკასთან ერთად მნიშვნელოვანია ტექსტუალური დატვირთვაც, რადგან წარმოდგენის კონცეფცია ჩემთვის უძვირფასესი ოთარ ჭილაძის ტექსტებზეა აგებული და მისივე პუბლიცისტიკაა გამოყენებული.

გიგი გეგელაშვილი:

– პროექტის სიძლიერე მის ერთობლიობაშია – არის საოცარი არანჟირება, აზრობრივად დატვირთული და ძალიან მნიშვნელოვანი ტექსტი და ზედმიწევნით ზუსტად დამუშავებული ყველა დეტალი.

– როდის დაარსდა ჯგუფი ”სინათლის წელიწადი”?

გიგი გეგელაშვილი:

– ჯგუფი 2004 წელს დაარსდა. საკმაოდ სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ საზღვარგარეთ, განსაკუთრებული პოპულარობით ჩვენი ბოლო, ინგლისურენოვანი ალბომი Steps to Life სარგებლობს, რომელმაც მუსიკალური კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და ძალიან კარგად იყიდება. ალბომი დიდი ხანია ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას ამერიკის, საფრანგეთის, ესპანეთის და მექსიკის რადიოჩარტებში, მაისის თვის მონაცემებით კი, საუკეთესო ალბომადაც დასახელდა.

img_3109თეო ჯორბენაძე:

– ”სინათლის წელიწადი” ზოგადად ძალიან საინტერესო ჯგუფია, რომელიც არანაკლებ საინტერესოდ ახერხებს როკისა და სიმფონიური მუსიკის შერწყმას.

– ვფიქრობ, ფონდი ”იავნანა” სწორედ ამითაა გამორჩეული. მისთვის ყველაფერი ახალი მისაღები და მოსაწონია.

თეო ჯორბენაძე:

– გეთანხმებით, მართლაც ძალიან გვიყვარს მრავალფეროვნება. მუდმივად ახლის ძიებაში ვართ, რადგან გვინდა ყოველთვის განსხვავებული მუსიკა შევთავაზოთ პუბლიკას. ახალი საღამოც სიტყვისა და მუსიკის ერთგვარი სინთეზი იქნება, რადგან ხშირად სწორედ სიტყვაა მუსიკოსის შთაგონების წყარო. მითუმეტეს, როცა ამ სიტყვის მთქმელი ისეთი დიდი ავტორია, როგორიც ოთარ ჭილაძეა. გარდა ამისა, აუცილებლად მინდა დავაანონსო კონცერტი, რომელსაც 26 ოქტომბერს, ეროვნულ სიმფონიური ორკესტრი გამართავს ვახტანგ მაჭავარიანის დირიჟორობით ოპერის თეატრში. დარწმუნებული ვარ, მეტად საინტერესო კონცერტი გამოვა, რადგან ის ნაწარმოებები შესრულდება, რომელთა შექმნა მუსიკოსებს უილიამ შექსპირის პიესებმა შთააგონა. ბატონი ვახტანგის მიერ, შექსპირის სონეტებზე დაწერილ მუსიკას კი, მეგი ჩიხრაძე წარმოადგენს. საერთოდ, ძალიან მიხარია, რომ ქალაქს ამგვარი აქტიური კულტურული ცხოვრება აქვს. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ ქეთი დოლიძეს მისი ”საჩუქრისთვის”. 1997 წლიდან მეც ვიყავი ამ ფესტივალის ერთ-ერთი აკრედიტირებული ავტორი. იმ პერიოდში მეტად პასიური იყო ქართული კულტურული ცხოვრება, ფესტივალი კი, ორი კვირით ყველას სიცოცხლეს გვჩუქნიდა.

– ახლო მომავალში საზღვარგარეთ ხომ არ გეგმავს ”სინათლის წელიწადი” ანალოგიური კონცერტის გამართვას?

თეო ჯორბენაძე:

– ვფიქრობ აუცილებლად გაიმართება. რამდენიმე დღის წინ სწორედ ამ თემაზე ვსაუბრობდით. უკვე არსებობს თარგმანი და ვფიქრობ ეს სწორედ ის მუსიკალური ჟანრია, რომელიც საერთაშორისო მუსიკალური საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება.

გიგი გეგელაშვილი:

– 2006 წელს, როცა პირველად წარმოვადგინეთ პროექტი, ქართული საზოგადოება არ იყო მზად ამგვარი პერფორმანსისთვის, ახლა კი, ძალიან კარგად გამოიკვეთა საზოგადოების ინტერესი, რადგან  გასართობი ჟანრის მუსიკამ უკანა პლანზე გადაინაცვლა, წინა პლანზე კი, ის მუსიკა გადმოვიდა, რომელიც სიამოვნების მიღებასათან ერთად სერიოზულად ფიქრის მიზეზსაც გვაძლევს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პროექტი დიდი ხნით დარჩება მაყურებლის მეხსიერებაში.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები