LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეო ჯორბენაძე: დათუნა ალადაშვილი გაუძღვება კონცერტს

14

16 მაისს, რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM”-ის სტუმრებმა, რეჟისორმა და სცენარისტმა თეო ჯორბენაძემ, პიანისტმა დათუნა ალადაშვილმა და გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელმა მაია ქურციკიძემ ფონდ „იავნანას“ საქველმოქმედო კონცერტზე ისაუბრეს, რომელიც 1 ივნისს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

– თეო, რას მიეძღვნება თქვენი საქველმოქმედო კონცერტი?

– 1 ივნისს – ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ფონდი „იავნანა“ ტრადიციულად მართავს საქველმოქმედო საღამოებს, თუმცა წლევანდელი კონცერტი მართლაც გამორჩეული იქნება. როგორც იცით, ჩვენი ფონდი აქტიურად ეხმარება სტუდენტებს და ნაწილობრივ აფინანსებს მათ სწავლას. სხვათაშორის, უკვე 900-ზე მეტი წარმატებული სტუდენტი გვყავს და ძალიან გვიხარია, რომ წელს, სწორედ ჩვენი პირველი სტუდენტი – დათუნა ალადაშვილი გაუძღვება კონცერტს. სხვათაშორის, დათუნას საკუთარი ორგანიზაცია, „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ აქვს, რომელიც ასევე საქველმოქმედოა და ახალგაზრდების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

– დათუნა, რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს წამყვანის ამპლიაში?

– ზოგადად, ძალიან კომფორტულად ვარ სცენაზე და მნიშვნელობა არ აქვს რომელ ამპლუაში. თუმცა, დიდი ნაწილი რა თქმა უნდა, მაინც პროფესიას ეთმობა.

– რომელ საკონცერტო დარბაზში ოცნებობთ გამოსვლას?

– ძალიან ბევრი ოცნება ავისრულე ნიუ-იორკში გადასვლის შემდეგ, თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, მაინც ლა სკალა იყო, სადაც ბევრი პიანისტი ალბათ არც ოცნებობს გამოსვლას, რადგან ეს უფრო საოპერო ან საბალეტო სცენაა და მხოლოდ ანიტა რაჭველიშვილის წყალობით, შევძელი ამ ოცნების ასრულება. დღეს, არცერთ სცენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ, რადგან ყველა გამოსვლა ერთნაირად საინტერესო,  საპასუხისმგებლო და სხვათაშორის სანერვიულოცაა.

– ვინ გადაწყვიტა, რომ სწორედ თქვენ უნდა წაგეყვანათ კონცერტი?

– იდეა ანიტა რაჭველიშვილს ეკუთვნოდა. ბავშვობაში სკოლა-სტუდია „ბერიკებში“ ვსწავლობდი, სადაც 7 წლის ასაკში მთავარი როლი შევასრულე დადგმაში „ლურჯ ფრინველი“ და ვფიქრობ, სამსახიობო გამოცდილება ძალიან გამომადგა, როგორც წამყვანის, ისე პიანისტის ამპულაში.

– დათუნა, რას ნიშნავს თქვენთვის ფონდი „იავნანა“?

– „იავნანა“ რომ არა, ვერასდროს შევძლებდი ჯულიარდის სკოლაში სწავლას და ვერ გავხდებოდი პიანისტი. ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, როცა სახლში დამირეკეს და მითხრეს, რომ ფონდ „იავნანას“ და ბატონ პაატა ბურჭულაძის წყალობით  ჯულიარდის სკოლაში ჩაბარების შანსი მქონდა. სწორედ ასე დაიწყო ჩვენი ურთოერთობა, სკოლაში ჩარიცხვის შემდეგ კი, ფონდმა სტიპენდია დამინიშნა, რომლითაც 7 წლის მანძილზე ვსარგებლობდი. ასე რომ, ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი წლები ნიუ-იორკში გავატარე ფონდ „იანვანას“ მფარველობით, აქვე ავღნიშნავ, რომ საქართველოდან სწორედ მე ვიყავი ჯულიარდის პირველი სტუდენტი.

– პოპულარულ ადამიანებზე ბევრს საუბრობენ და ხმებიც ხშირად ვრცელდება. არის თუ არა ჭორი, რომელმაც განსაკუთრებით გაგაღიზიანათ?

– მართალია, ხშირად მაქორწინებენ ადამიანებზე, ვისაც საერთოდ არ ვიცნობ, მაგრამ ჭორები ნაკლებად მაღიზიანებს, მითუმეტეს, რომ ცუდს  არასდროს ამბობენ ჩემზე.

– ქალბატონო მაია, რამდენადაც ვიცი, თქვენც საკმაოდ  აქტიურად ხართ ჩართული საქველმოქმედო კონცერტში.

– ბავშვთა დაცვის დღე ჩვენთვის კიდევ ერთი შესაძლებლობაა გავამახვილოთ ყურადღება იმ უნარშეზღუდულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებზე, რომელთაც განსაკუთრებით სჭირდებათ ჩვენი დახმარება. სხვა ღონისძიებებს შორის, რომლებიც ამ დღეს იმართება, ფონდ „იავნანას“ კონცერტი მართლაც გამორჩეულია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა პირველ რიგში თეო ჯორბენაძეს, რომელიც ყოველთვის ახერხებს წამოსწიოს წინა პლანზე სოციალური თემები. ალბათ იცით, რომ წლის დასაწყისში ჩვენ ორწლიანი საკომუნიკაციო კამპანია „დაინახე ყველაფერი“ წამოვიწყეთ იმ ნეგატიური განწყობების შეცვლის მიზნით, რომელიც საზოგადოებაში არსებობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ, რადგან სწორედ ამგვარი დამოკიდებულება უშლის ხელს მათ განვითარებას და საზოგადოებაში ინტეგრაციას, „იავნანას“ მოწყობილ საღამოიზე კი, საშუალება გვექნება კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას ამ ბავშვების შესახებ. გარდა ამისა, კონცერტში  შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას, რაც ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ გვსურს ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ რა შეუძლიათ ამ ბავშვებს, ფონდი „იავნანა“ კი, ეხმარება მათ გამოავლინონ საკუთარი თავი და პირველ რიგში საკუთარი ნიჭი. კონცერტის ბოლოს დათუნა ალადაშვილიც შეუერთდება მათ და ერთობლივად შესრულდება რამდენიმე ნაწარმოები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები