LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ბაღდავაძე: „სწორედ ქალების განათლებაზე, მათ აქტიურ საქმიანობაზეა დამოკიდებული ქვეყანის წარმატება”

4

26 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ თეონა ბაღდავაძე სტუმრობდა.

პიარ-მენეჯერმა თეონა ბაღდავაძემ სამუშაო გამოცდილება ჯერ „ბილაინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე შეიძინა, მერე  საკომუნიკაციო კომპანია Key Communications დააფუძნა, სულ ცოტა ხნის წინ კი, ფედერაციის Women of Tomorrow ბორდის წევრი გახდა.

– თეონა, სოლიდური გამოცდილების შეძენის შემდეგ, დღეს რას თვლით თქვენს მთავარ გამოწვევად?

– გამოწვევების დაძლევა ნებისმიერს უწევს, ვინც კომუნიკაციების მეტად სტრესულ სფეროში მუშაობს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს კომუნიკაცა პურიცაა და სანახაობაც, რომლის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება. საქმე მართლაც ძალიან ბევრია, სულ რამდენიმე თვის წინ ლიდერ ქალთა ბიზნეს-გაერთიანების Women of Tomorrow ბორდის წევრი გავხდი, რაც დიდი პატივია ჩემთვის, თუმცა პასუხისმგებლობაც დიდია. გაერთიანების მთავარი მიზანი იმ ქალბატონების ხელშეწყობაა, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აძლიერებენ, რადგან ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ მეტწილად სწორედ ქალების განათლებაზე, მათ აქტიურ საქმიანობაზეა დამოკიდებული ქვეყანის წარმატება. ფონდმა Women of Tomorrow მართლაც უზარმაზარი მისია იტვირთა და იმედი მაქვს, კოლეგებთან ერთად აუცილებლად ყველა იმედს გავამართლებთ.

– გასულ წლებთან შედარებით, დღეს რამდენად აქტიურად არიან ქალბატონები ჩართული მენეჯმენტში?

– ბოლო 10 წელიწადში საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციებზე ვიმუშავე და ძალიან გამიმართლა, რადგან არ მომიწია საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტერეოტიპებთან ბრძოლა, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მსგავსი შემთხვევები არ არსებობს, რადგან ქალბატონებს დღემდე ძალიან უჭირთ, როგორც მარგარეტ ტეტჩერი იტყოდა, ე.წ. „შუშის ჭერის“ განგრევა. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მათ გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, პირიქით, ყოველთვის თამამად ღებულობენ საკმაოდ სერიოზულ გადაწყვეტილებებს, თუმცა შედეგებით რატომღაც ყოველთვის სხვები სარგებლობენ. ჩვენი ფონდის მიზანი კი, სწორედ ამ ქალბატონების დახმარებაა, რათა შექმნან საკუთარი ბიზნესი და თავად განკარგონ საკუთარი ბედი. ვფიქრობ, ბოლო დროს განსაკუთრებით გაიზარდა იმ კომპანიების რიცხი, სადაც ქალები წამყვან პოზიციებზე საქმიანობენ, რაც არა ხელოვნური ჩარევის, არამედ ბუნებრივი კონკურენციის შედეგია. თუმცა, ვისურვებდით რომ ზოგიერთი სფერო უფრო მეტი ქალბატონით იყოს წარმოდგენილი. ვფიქრობ, ყოველთვის შეიძლება თანამოაზრეების მოძიება და საკუთარი საქმის დაწყება, მით უფრო, რომ ქალებს ყოველთვის კარგად გამოსდით კომუნიკაცია, თანამედროვე სამყაროში კი, სწორედ კომუნიკაციები განაპირობებს წარმატებას.

                           

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს ფონდს?

– უამრავი საინტერესო გეგმა გვაქვს, თუმცა ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესში ვართ, რადგან გვინდა, რომ ყველა ჩვენი პროექტი ფუნდამენტური და სწორად გათვლილი იყოს. პირადად მე საინტერესო იდეები მაქვს როგორც მედიის, ისე კომუნიკაციის სფეროში. გარდა ამისა, ძალიან მიზიდავს მსხვილ საერთაშორისო პროექტებში ადგილობრივ კონსულტანტად ჩართვის იდეა. საქართველოს უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რადგან ჩვენ ძალიან მოკლე დროსა და მცირე რესურსებით შეგვიძლია იმის გაკეთება, რაც სხვა ქვეყნებში ბოიუროკრატით იზღუდება.  ვფიქრობ, ჩემი შემდეგი ნაბიჯი, ზუსტად ისე როგორც ზოგადად ქართული საკონსულტაციო ბიზნესის, ექსპორტზე გასვლა იქნება იმ ქვეყნებში, სადაც შევძლებთ ჩვენით დაინტერესებას.

– რამდენად ხშირად მოგმართავენ ბიზნესმენები კონსულტაციისთვის?

– უნიკალური გამოცდილება შევიძინეთ იმ სამ წელიწადში, რაც ბაზარზე ვართ წარმოდგენილი. მიხარია, რომ ყველგან მოვსინჯეთ საკუთარი ძალები არასამთავრობო სფეროთი დაწყებული, კომერციული პროექტებით დასრულებული და წარმატებითაც გავართვით თავი დაკისრებულ მისიას. ბიზნესის დაინტერესება საკომუნიკაციო კომპანიებით განსაკუთრებით ბოლო დროს გაიზარდა, როცა ნათელი გახდა, რომ კრიზისული კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი „ფაილია“, რომელიც  ნებისმიერი ბიზნესის განვითარების „საქაღალდეში“ უნდა იყოს. კრიზისული სიტუაციები სწრაფად ჩნდება და საჭიროა მათი სწრაფადვე გადაწყვეტა, ბიზნესმენებისთვის კი,  მნიშვნელოვანია საკომუნიკაციო კომპანიების მხარდაჭერა, რასაც თავადაც კარგად ხვდებიან  და მახარებს, რომ ბევრი კომპანია სწორედ ჩვენთან თანამშრომლობას ანიჭებს უპირატესობას.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას სწრაფად და საკმაოდ თამამად ვიღებ, თუმცა ყოველთვის ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას უზარმაზარი პასუხისმგებლობა ახლავს თან, რადგან როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ერთის მხრივ, მაგალითი ვარ თანამშრომლებისთვის, მეორეს მხრივ კი, იმედი, რომ მათი სამუშაო გარემო ყოველთვის სტაბილური იქნება.

გადაცემის ლაივი

ბლიც კითხვები:

– სხვადასხვა სფეროში საქმიანობისას, რომელ ლოკაციაზე ჰქონდა ყველაზე დასამახსოვრებელი სლოგანი?

– „გადმოდი ნათელ მხარეზე!“

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ხშირად ვფიქრობ, „რომ ცხოვრებას ჩვენზე კარგი ფანტაზია აქვს“.

– ხართ თუ არა გატაცებული სპორტით?

– ძალიან მიყვარს ცურვა.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– როგორ გავანთავისუფლოთ ქალაქი საცობებისგან?

– საყვარელი წიგნი, რომელსაც ხშირად მიმართავთ რჩევისთვის?

– ბევრი წიგნი მიყვარს, თუმცა მაინც ელიოტ არონსონის „სოციალურ ცხოველს“ გამოვარჩევდი, რომელიც უამრავ მინიშნებას მაძლევს ადამიანის ქცევაზე.

– გყავთ თუ არა მისაბაძი პიარმენეჯერი?

– ალბათ ჩვენი სფეროს ერთ-ერთი დამფუძნებელი ედვარდ ბერნსი.

– როგორ მოქმედებთ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში?

– ჯანსაღად!

– მთავარი მოტივაცია, რომელიც ყოველთვის გეხმარებათ წარმატების მიღწევაში?

– ალბათ, ნებისმიერი დედისთვის მთავარი მოტივაცია შვილებია.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– დიდ გულს, რადგან სხვა რამის ხატვა არ მეხერხება.

– თქვენი აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ჩემი აზრით, მთავარი ნებისყოფა და სხვების პატივისცემაა.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები