LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა ჩიხლაძე – დასვენების, გართობის და შოპინგის ქალაქის მერი

10

20 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” ”ისთ-ფოინთის” მერი, საქმიანი ქალბატონი თეონა ჩიხლაძე სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს საინტერესო ბიზნესგამოცდილება გაუზიარა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა თეონა გენერალური დირექტორის თანაშემწის პოზიცია ჩაიბარა ”თიბისი ბანკში”. 2001-2005 წლებში ”ჯორჯიან გლას ენდ მინერალ ვოთერს კომპანის” ლოგისტიკის დეპარტამენტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობდა, 2007-2008 წლებში ”კია მოტორს ჯორჯიას” გაყიდვების მენეჯერი იყო, 2015- 2016 წლებში კი, ”ბასტი ბუბუ დაბი-დუბის” დირექტორი გახდა.

– ქალბატონო თეონა, როგორ გრძნობთ თავს საკმაოდ რთული არჩევნების შემდეგ?

– მძიმე, მაგრამ საინტერესო საარჩევნო პერიოდი გავიარე. ახლაც ძალიან შემართული ვარ და განწყობაც შესაბამისი მაქვს.

– როგორ ჩაიარა ქასთინგმა და რა იყო თქვენი ე.წ. ”ფიშკა”?

– არჩევნების პირველ ეტაპზე 200 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, მოგვიანებით 50 შეირჩა, რომელთაც საშუალება მიეცათ ერთ წუთში ჩამოეყალიბებინათ ”ისთ ფოინთის” განვითარების საკუთარი ხედვა და სწორედ ამ ერთწუთიანი სფიჩებით შეარჩია სარჩევნო კომისიამ სამი კანდიდატი. საკმაოდ კონკურენტული ბრძოლა იყო, ზუსტად ისეთი, როგორიც ნამდვილ არჩევნებს შეეფერება.

– როდის შეუდგებით საკუთარი უფლებამოსილების შესრულებას?

–  უკვე მერის პოზიციაზე ვარ. აქტიურად ჩავერთე საქმეებში. ”ისთ ფოინთის” მარკეტინგის ჯგუფთან ერთად დასახული და გაწერილია სამოქმედო გეგმა. უამრავი თანამშრომელი გავიცანი არჩევნების პერიოდში და ახლაც აქტიურად ვაგრძელებ მათთან ურთიერთობას.

– როდის გადაწყვიტეთ ”ისთ ფოინთის” მერობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება?

– როგორც იცით, ”ისთ ფოინთი” ჯერ ერთი წლისაც არაა. მოუთმენლად ველოდი მის გახსნას. ძალიან მასშტაბური და პომპეზური გახსნის ცერემონია გაიმართა და სწორედ მაშინ გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღება. მეტიც, როცა ქალაქში გამოფენილ ბანერებს ვუყურებდი, ხუმრობით ვამბობდი, ”აქ აუცილებლად იქნება ჩემი ფოტო იქნება-მეთქი”. საარჩევნო კამპანიაში მთელი ოჯახი ვიყავით ჩართული, მათ შორის ჩემი 5 და 9 წლის შვილები, რომლებიც აქტიურად ეწეოდნენ აგიტაციას.

– რა ცვლილებები იგეგმება ”ისთ ფოინთიში”, როგორია თქვენი პირველადი სტრატეგია?

– ”ისთ ფოინთი” ყოველთვის ნოვაციებზე იყო ორიენტირებული. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო წლებში ჩემს ცხოვრებაში ძალიან აქტუალური გახდა დედის როლი, მინდა აქცენტი სწორედ ბავშვებზე გავაკეთო. უამრავი ღონისძიება მოეწყობა ბავშვებისთვის, თუმცა ჩემი საარჩევნო სლოგანი ”შოპინგი ჩემი დოპინგია” და ”მეტი ფასდაკლება, მეტი ბრენდი” ისევ ძალაშია და აუცილებლად განხორციელდება. სხვათაშორის, უკვე დაწყებულია დიდი ფასდაკლებების სეზონი. ჩვენ მამაკაცებზეც ვზრუნავთ, ამიტომ, ისინი, ვისაც შოპინგი იზიდავს, ჩვენი ბრენდული მაღაზიებით ისიამოვნებენ, სხვები კი, დროს პაბებში ან ბოულინგ-ცენტრში გაატარებენ და ბილიარდსაც ითამაშებენ. გარდა ამისა, სამომავლოდ მათთვისაც, გვექნება გარკვეული სიახლეები.

– როგორც ქალბატონი, გრძნობთ თუ არა პრივილეგიებს იმ ბიზნესგარემოში, სადაც მამაკაცები ჭარბობენ?

– პრივილეგიები ნაკლებად არის. უზარმაზარი ნდობა გამომიცხადეს, ამიტომ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩემს გვერდით იყო და ბოლომდე მიერთგულა. მაქსიმალურად ვეცდები უფრო ხალისიანი, პოზიტიური გარემო შევქმნა ”ისთ-ფოინთში” და იმ ქალაქად ვაქციო, სადაც ყოველთვის სიხარულით ელიან სტუმრებს და სადაც ყველა დიდი სიამოვნებით ისურვებდა სტუმრობას.

– გახდა თუ არა საბანკო სისტემასა და ბავშვთა გასართობ ცენტრში მიღებული მრავალმხრივი გამოცდილება ერთ-ერთი მოტივატორი გამხდარიყავით ”ისთ ფოინთის” მერი?

– რა თქმა უნდა. თუმცა, ვფიქრობ, მერობის პერიოდში მეოჯახის – დედის და მეუღლის გამოცდილება უფრო გამომადგება, რადგან როგორც მეოჯახე ქალი ითავსებს ერთდროულად უამრავ ფუნქციას, ზუსტად ისეთი მასპინძელი ვიქნები ”ისთ ფოინთში” და მაქსიმალურად ვეცდები შევქმნა თბილი და შინაურული გარემო.

– რომელია თქვენი საყვარელი ლოკაცია ”ისტ-ფოინთში” გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– ძალიან მომწონს ”ფოკუს-მოკუსი”, სადაც ბავშვებთან ერთად უფროსებიც ძალიან კარგად ერთობიან. სხვათაშორის, არდადეგების დაწყებასთან ერთად, ბოულინგ-ცენტრში მერის ინიციატივით საზაფხულო სკოლა მოეწყობა, სადაც პროფესიონალი ინსტრუქტორები ბავშვებს თეორიულად და პრაქტიკულად ასწავლიან ბოულინგის თამაშს.

– გიოცნებიათ თუ არა ოდესმე მერობაზე?

– ასეთი ბედნიერი ქალაქის მერობაზე ნამდვილად არასდროს მიოცნებია.

– თქვენი აზრით, ბიზნესის რომელი სფეროა დღეს საქართველოში მომგებიანი და თავად რა საქმიანობას მოკიდებდით ხელს?

– ვფიქრობ, ახლა ზუსტად იმ სფეროში ვარ, სადაც უნდა ვიყო და სადაც ისე ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში.

– სჭირდება თუ არა ხელშეწყობა ”ისთ ფოინთის” მერს თბილისის მერისგან?  

– რა თქმა უნდა, გვჭირდება. სავარაუდოდ მოგვიწევს გამგეობასთან თანამშრომლობა გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად.

– ერთგვარი შეჯამება რომ გავაკეთოთ, რა მოხდება ”ისთ ფოინთში”?

– ”ისთ ფოინთში” უამრავი საოცრება მოხდება, რადგან თვითონ ქალაქია საოცარი. ძალიან ბევრ საინტერესო ღონისძიებას და აბსოლუტურად განსხვავებული დღესასწაულის გამართვას ვგეგმავთ. გარდა ამისა, მაქსიმალურად ბევრი აქცია და გათამაშება იქნება.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– არ მეგონა ასეთი მებრძოლი თუ ვიყავი. სირთულეების დაძლევის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ადამიანების წინაშე ავიღე და უბრალოდ არ მაქვს უფლება ვიყო სუსტი.

– რას აფასებთ ყველაზე მეტად ბიზნესპარტნიორებში?

– ერთგულებას, რადგან სწორედ ერთგულებაზე ეწყობა შემდგომი ურთიერთობა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ, პრეზიდენტობას ხომ არ აპირებთ?

– ვფიქრობ, ჩემი ”პოლიტიკასთან” ურთიერთობა მხოლოდ ”ისთ ფოინთის” მერობით შემოიფარგლება, თუმცა ასეთი ფანტასტიური ქალქის პრეზიდენტობაზეც ვიტყოდი უარს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– კრიტიკულ სიტუაციებში საკმაოდ სწრაფად, ყოფით საკითხებში კი, როგორც ყველა ქალი, მეც ხშირად ვორჭოფობ.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს ”ისთ ფოინთს”?  

– ”დასვენების, გართობის და შოპინგის ქალაქი!”

– რომელია თქვენი საყვარელი ატრაქციონი ”ფოკუს-მოკუსში”?

– მთვარეზე გაფრენა.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს რადიო ”ფორტუნა”

– თქვენი საყვარელი კინომსახიობი?

– სოფი ლორენი.

– არჩევანი და შესაძლებლობება რომ გქონდეთ, რა როლს შეასრულებდით სცენაზე – დრამატულს თუ კომედიურს?

– ალბათ უფრო დრამატულს.

– აქსესუარი რომლის გარეშეც არასდროს გამოდიხართ სახლიდან?

– ტელეფონი.

– როგორ იწყება თქვენი დილა, ყავით თუ ნატურალური წვენით?

– ყავით.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– არ მახსოვს, ალბათ არასდროს დავკვირვებივარ.

– როგორი იყო 18 აპრილიდან 5 ივნისამდე პერიოდი თქვენთვის?

– ძალიან ენერგიული.

– რას გააკეთებთ პირველ რიგში შენობიდან გასვლის შემდეგ?

– მეუღლეს დავურეკავ.

– როგორია მერის თანამდებობა?

– ძალიან საინტერესო.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, პირველ რიგში მიზნის სწორად დასახვაა საჭირო. მერე კი, ამ მიზნისკენ სწრაფვა, დაუღალავი შრომა და საქმისადმი ერთგულება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები