LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თიკა ფაცაცია: “წერილი უკვე გაგზავნილია თოვლის ბაბუასთან”

“ახალი წლისთვის მზადება ჯერ არ დამიწყია. სიმართლე რომ გითხრა, ყველაფერი შვილებისთვის ხდება. მოტივაცია არის – ჩემი ბიჭები; ჩვენ გვაქვს ასეთი ტრადიცია, იქიდან გამომდინარე, რომ დეკემბერში არიან დაბადებულები – ერთი ათში და ერთი თორმეტში. ათ რიცხვში ვდგამთ ხოლმე ნაძვის ხეს, რომ დაბადების დღეს ხაზი გაესვას და იყოს ნამდვილი დღესასწაული და ვუმატებთ ამას საახალწლო განწყობას; რაც ეხება დიზაინს – ყოველ წელს ვცვლით იმიტომ, რომ გვაქვს ორი, თეთრი და მწვანე ნაძვის ხე; ნაძვის ხეს მე და პატარა ბიჭები ვრთავთ; ცოტა მტვრევით, მაგრამ ასეთი ტრადიციაა. მერე ბედნიერები ვგვით ნამსხვრევებს; წელს, რატომღაც, თეთრზე გავაკეთე აქცენტი და მინდა, ამავე ფერის სათამაშოებით მოვრთო ნაძვის ხე; მწვანეს უფრო წითელ ფერებში ვაწყობთ ხოლმე; გვყავს ირმები, დიდი თოვლის ბაბუა და ძალიან გავანათებთ ჩვენს გარემოს; ვიცი, რომ რაღაც სიახლე უნდა დაამატო და ამიტომ რამდენიმე ახალი სათამაშო ვიყიდე; ნაძვის ხის ნაწილში რჩევებს არ ვითვალისწინებ – რაც მაქვს, ის მაქვს. ამისთვის არც თავს ვიღლი და არც ფინანსებს ვტანჯავ; წელს, ცოტა ურთიერთგამომრიცხავი ფერები დომინირებს. ხან ყვითელი ტონალობებიო, ხან მიწის. ცოტა მწვანე, ცოტა ლურჯი და ცოტა დავიბენი; საახალწლო კაბა რა ფერი მქონდეს არ ვიცი; მითხრეს, რომ ვეფხვის და კატის სიჭრელეს უნდა მოვერიდოთ, რომ არ გავაბრაზოთ ძაღლი; თბილი და მეგობრული წელი მინდა ვისურვო, როგორიც ძაღლია; ძალიან დიდი ხნის წინ არის წერილი დაწერილ და გაგზავნილია თოვლის ბაბუასთან; ბიჭები ფიქრობენ, რომ თოვლის ბაბუა არის ძალიან უხვი და ბევრს შეძლებს; ვეუბნები, რომ შეიძლება ყველაფერი ვერ მოასწროს, მაგრამ ძალიან ვცდილობ და მინდა, რომ ეს ღამე რეალობადქცეული ოცნების ღამე იყოს ახალი წელი; დოგმასავით არ გვაქვს, რომ აუცილებლად უნდა იყოს საცივი; უპირატესობას ვანიჭებ ერთ თავ სადილს, მოდი ასე ვთქვათ; ვირჩევთ ერთ პროდუქტს და ამ ერთით ვქმნით ზეიმს; ბავშვები მიჩვეული არიან იმას, რომ დედა მუშაობს, ყველა დღესასწაულზე. შესაბამისად, ან სახლში ვხვდები და გავრბივარ, ან თავიდანვე არ ვარ და მეორე დღეს ვზეიმობთ; წელს არ მაქვს სიახლე, მაგრამ საახალწლო სიმღერის გარეშე არ დაგტოვებთ – მაინც ვიღიღინებ ახალ წელს; არ ვყრი ფარ-ხმალს, ყურებს და ძაღლივით ავაქიცინებ კუდს შემდეგი წლისთვის” – რადიო “ფორტუნას” ეთერში თიკა ფაცაციამ საახალწლო სამზადისზე ისაუბრა. ქართველმა მომღერალმა და ტელეწამყვანმა ის ოჯახური ტრადიციები გაგვიმხილა, რომელშიც მისი შვილები ყოველ წელს მონაწილეობენ.