LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმთავრესი საბჭოური განათლების სისტემისგან განთავისუფლება და თანამედროვეობას მორგებაა

8

10 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საერთაშორისო აკადემია ლოგოსის დამფუძნებელი გიორგი ჩავლეიშვილი სტუმრობდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში წამყვან სასწავლებლებში განათლების მიღების შემდეგ, გიორგი საქართველოში დაბრუნდა და კომპანია „სკა კაპიტალში“ მიიღო პირველი სამუშაო გამოცდილება. მოგვიანებით, განათლების სფეროთი დაინტერესდა და ჯერ ამერიკულ-ქართული სასაწავლო ცენტრი დაარსა, მერე კი, საერთაშორისო აკადემია „ლოგოსს“ ჩაუდგა სათავეშუი.

– ბატონო გიორგი, თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საერთაშორისო განათლების მიღება?

– ვფიქრობ, საერთაშორისო განათლება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და არა მარტო ქართველებისთვის, არამედ უცხოელებისთვის. ბოლო დროს, სულ უფრო აქტიურად ჩადიან ამერიკელები ევროპაში განათლების მისაღებად და პირიქით, რადგან რაც დრო გადის სამყარო სულ უფრო პატარავდება და ადამიანებს არა მარტო საკუთარ ქვეყანაში, არამედ საზღვარგარეთაც უწევთ კონკურენციის გაწევა. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელებთან მუშაობის სპეციფიკის ცოდნა.

– ქართველი ახალგაზრდები საკმაოდ ხშირად მიემგზავრებიან საზღვარგარეთ განათლების მისაღებად, თქვენ რამდენად მოგწონთ ახალი თაობა?

– ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს. ბევრად გახსნილები არიან, მეტი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ და სტერეოტიპებსაც თავისუფლად ამსხვრევენ. ჩვენი აკადემიის შარშანდელი კურსდამთავრებულებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ბევრმა არა ტრადიციული ბიზნესი, არამედ სხვა სპეციალობა აირჩია საქმიანების სფეროდ.

– თავად რა გამოცდილება შეიძინეთ უცხოეთში და თავიდანვე გქონდათ თუ არა გადაწყვეტილი საქართველოში დაბრუნება?

– მართალია, საზღვარგარეთ რვა წელი ვიყავი, მაგრამ ვერ შევეჩვიე და ყოველთვის უკან დაბრუნებაზე ვფიქრობდი. განათლების სფეროში მუშაობით მე-12 კლასში დავინტერესდი, როცა დავინახე რამდენად მნიშვნელოვანია კარგი განათლება ახალგაზრდისთვის. სწორედ მაშინ დავიწყე ამ თემაზე ფიქრი, უნივერსიტეტში კი, ჩემმა იდეებმა ბევრად რეალური ფორმა მიიღო. 2008 წელს საქართველოში დაბრუნდი, ჯერ კომპანია “სკა კაპიტალში” ვმუშაობდი, მერე კი, განათლების თემით დავინტერესდი, რადგან ყოველთვის მინდოდა ამ სფეროში მუშაობა.

– როგორ გაჩნდა “ლოგოსის” დაარსების იდეა?

– საკუთარი სახსრებით თანამოაზრეებთან ერთად ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი leaf დავაარსეთ, რომელსაც ძალიან წარმატებული სტარტი ჰქონდა, რადგან ბავშვები ჩვენს ცენტრში უფრო მეტ დროს ატარებდნენ, ვიდრე საკუთარ სკოლაში. მივხვდით, რომ სწორი კურსი გვქონდა არჩეული და ცენტრი დაგეგმილზე ადრე გადავაკეთეთ სკოლად. 2010 წელს “ლოგოსი” დაარსდა და პირველი სამი მოსწავლე მიიღო. სასწავლებელი სწრაფად განვითარდით, სამ წელიწადში უკვე 70 მოსწავლე გვყავდა, წელს კი, 125 ბავშვი სწავლობს ჩვენს აკადემიაში.

– რა პრინციპით მოხდა პედაგოგების შერჩევა?

– რა თქმა უნდა პედაგოგების კვალიფიკაცია უმნიშვნელოვანესია, რადგან სკოლა ვერასდროს იქნება წარმატებული პროფესიონალების გარეშე. რამდენიმე წელი ვმუშაობდით გუნდის შექმნაზე და დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პედაგოგები ზუსტად იმ განათლებას აძლევენ ბავშვებს, რომლითაც თავისუფლად გაუწევენ კონკურენციას არა მარტო ქართველ, არამედ უცხოელ კოლეგებსაც. პედაგოგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებთ, ხშირად ვიწვევთ სპეციალისტებს ინდოეთიდან, შვეიცარიიდან, ჰოლანდიიდან, აშშ-დან და ინგლისიდან. გარდა ამისა, სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით, ჩვენ, ბავშვებს აპლიკაციების დამოუკიდებლად შევსებას, უნივერსიტეტების მოძიებას და დაფინანსების მოპოვებას ვასწავლით, ინდივიდუალურად ვმუშაობთ თითოეულ მათგანთან, ვცდილობთ სწორად განვსაზღვროთ მათი შესაძლებლობები და ზუსტად  ის უნივერსიტეტი შევურჩიოთ, სადაც აუცილებლად  მიაღწევენ წარმატებას.

– როგორ შეაფასებთ საქართველოს განათლების სისტემას. რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარეები?

– გარკვეული საგნები საქართველოში ძალიან კარგად ისწავლება. მე 1990-იან წლებში ვსწავლობდი სკოლაში და ჩემი ცოდნა, თუნდაც ფიზიკასა და მათემატიკაში ბევრად აღემატებოდა ამერიკელი თანატოლების ცოდნას, თუმცა, დღეს სკოლებში ბევრი ისეთიც ისწავლება, რაც აბსოლუტურად არაა საჭირო. უმთავრესი კი, მაინც საბჭოური განათლების სისტემისგან განთავისუფლება და თანამედროვეობას მორგებაა, რაც საკმაოდ რთულია. განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ პრობლემაზე და დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგსაც მალე მივაღწევთ.

– რა პროექტებს ახორციელებს სკოლა, გაქვთ თუ არა გაცვლითი პროგრამები და რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ?

– მეტწილად, შეერთებულ შტატებთან, იმ ორ სასწავლო ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რომელიც თავად დავამთავრე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჰამილტონის უნივერსიტეტი, რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის “ლოგოსის” შექმნაში, მის განვითარებაში და მრჩეველთა საბჭოს წევრთა უმრავლესობაც სწორედ ამ უნივერსიტეტიდანაა. გარდა ამისა, ვთანამშრომლობთ რამდენიმე ევროპულ სასწავლებელთანაც, თუმცა, ჩვენი მოსწავლეები ყოველთვის საკუთარი სურვილით ირჩევენ დარჩნენ საქართველოში თუ საზღვარგარეთ გააგრძელონ სწავლა.

– კიდევ რა სფეროში ხედავთ საკუთარ თავს, სად ისურვებდით მოღვაწეობას?

– მართალია, განათლების სფერო ყველაზე მეტად მაინტერესებს, მაგრამ სერიოზულად ვარ გატაცებული თანამედროვე ტექნოლოგიებით და სამომავლოდ მეტად მასშტაბური პროექტის განხორციელებას ვგეგმავ, რომელიც სწორედ ამ სფეროსთან იქნება დაკავშირებული.

– რა გეგმები აქვს თქვენს სკოლას სამომავლოდ?

– სკოლის გეგმები პირველ რიგში ზრდასა და განვითარებასთანაა დაკავშირებული, თუმცა არასდროს ვუღალატებთ ერთხელ არჩეულ პრინციპებს – ყოველთვის მოვამზადებთ ბავშვებს საერთაშორისო ტესტებისთვის, რათა ამ სერვისების ძებნა სხვაგან არ მოუწიოთ და შევინარჩუნებთ მცირე კლასებს, მხოლოდ 12 მოსწავლისთვის.

– რამდენადაც ვიცი, აკადემიის ხელმძღვანელობასთან ერთად, პედაგოგობასაც საკმაოდ წარმატებულად ითავსებთ. როგორი ურთიერთობა გაქვთ მოსწავლეებთან?

– საერთოდ ძალიან მიყვარს ბავშვებთან მუშაობა და საკმაოდ მეგობრულიც ვარ, ახლო ურთიერთობა მაქვს როგორც  კურსდამთავრებულებთან, ისე მოსწავლეებთან, თუმცა, ყოველთვის ვცდილობ იმ დისტანციის დაცვას, რაც მოსწავლესა და პედაგოგს შორის უნდა იყოს. სხვათა შორის, ყველა დისციპლინა, რომელიც ჩვენთან ისწავლება, უნიკალურია და ბავშვებს ინგლისურის სწავლასთან ერთად არაფორმალური განათლების მიღებაშიც ეხმარება.

– თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია საქმიან შეხვედრაზე ეტიკეტის დაცვა და თავად თუ შეგქმნიათ დისკომფორტი უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობისას?

– დისკომფორტი არასდროს შემქმნია. აღსანიშნავია, რომ ეტიკეტი მუდმივად იცვლება, ბოლო დროს საქმიანი შეხვედრები ბევრად თავისუფალი და უშუალოა, ვიდრე მანამდე იყო. დღეს კლასიკური ეტიკეტი ნაკლებად აქტუალურია, ბევრად მნიშვნელოვანია საკუთარი სტილის ქონა და თვითრწმენა, პროფესიონალიზმი და საკუთარი უნარების წარმოჩენის უნარი.

– თქვენთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიან შეხვედრაზე?

– ჩემთვის მთავარია, პარტნიორი არ ღელავდეს, რადგან მისი ნერვიულობა, ყოველთვის შეხვედრისთვის მოუმზადებლობას ნიშნავს.

– არსებობს თუ არა აკადემიაში შიდა წესები პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის?

– ჩვენ მაქსიმალურად  ვცდილობთ კომფორტული გარემოს შექმნას როგორც პედაგოგებისთვის, ისე მოსწავლეებისთვის, თუმცა, ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ სკოლაში დროულად გამოცხადებას.

– არის თუ არა აკადემიაში სპეციალური კურსები ან ტრენინგები?

– გვაქვს სპეციალური კურსი – ცხოვრებისეული უნარები, რომელიც 7-11 კლასებში ისწავლება და საკუთარი თავის, უნარების წარმოჩენას,  ბიზნესეტიკეტის და გუნდური მუშაობის პრინციპების სწავლებას ითვალისწინებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეებს ყველა ის უნარი, რაც მომამავლში გამოადგებათ  წარმატების მიღწევააში.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად, რადგან ვფიქრობ, ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება სწორედ კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარია.

 

ბლიც-კითხვები:

– ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარდათ სკოლაში სწავლისას?

– ქართული ენა და ლიტერატურა.

– პედაგოგმა განაპირობა საგნის სიყვარული, თუ პირიქით, საგანმა შეგაყვარათ პედაგოგი.

– ვფიქრობ, ორივე ერთად, რადგან პედაგოგშიც გამიმართლა და საგანიც ძალიან მიყვარდა.

– როგორ გამოხატავთ სიმკაცრეს მოსწავლეთან?

– ყოველთვის ძალიან პირდაპირი ვარ.

– რა სლოგანი აქვს ლოგოსს?

– „ისწავლე, იყო წარმატებული!“

– მთავარი თვისება, რაც სკოლის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს?

– სწრაფი რეაგირების უნარი.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– ბარში მეგობრებთან ერთად.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– კალათბურთით ვარ გატაცებული და დღემდე ვთამაშობ სამოყვარულო ლიგაში. სხვათა შორის, ჩვენს გუნდს „ლოგოსი, დირექტორები“ ჰქვია.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– სამწუხაროდ, ხატვა არ მეხერხება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში წარმატებისთვის უნდა იყოს მზად, ანუ ყოველთვის იმაზე მეტის გაცემა უნდა შეეძლოს, ვიდრე თავიდან გეგმავდა, არანაკლებ  მნიშვნელოვანია  სწორი გუნდის შერჩევაც. გარდა ამისა, ყოველთვის უნდა შეეძლოს ექსტრემალური სიტუაციების პანიკის გარეშე მართვა და რეალობის ადეკვატურად აღქმა, რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია შეცდომებისგან თავის დაღწევა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები