LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ ბოჭორიშვილის განახლებული კლინიკა – რა ტრანსფორმაცია განიცადა სეფსისის ცენტრმა

16

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

16 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის მოზრდილთა ინფექციების დეპარტამენტის უფროსი, მედიცინის დოქტორი, ექიმთა ასოციაცია „სეფსისის“ პრეზიდენტი, ქალბატონი მარიამ გიგაური სტუმრობდა.

– ქალბატონო მარიამ, როგორ გაიცანით ბატონი ვახტანგი?

– ბედნიერი ვარ, რომ მთელი ჩემი ცხოვრება ბატონი ვახტანგის გვერდით გავატარე. სწორედ მასთან დავიწყე მუშაობა 1973 წელს, როცა განაწილების დროს ბოლო კურსის რამდენიმე სტუდენტი შეარჩია და პირადად მე უმნიშვნელოვანესი პრობლემის – სეფსისით გარდაცვლილთა სამედიცინო ისტორიის შესწავლა დამავალა. იმ პერიოდში სეფსისი საკმაოდ მძიმე შედეგებით ხასიათდებოდა, რადგან მსოფლიოში ყოველი მეორე ადამიანი იღუპებოდა, დიაგნოზის დასმა კი, სამწუხაროდ მხოლოდ გაკვეთის შემდეგ შეიძლებოდა. მასალის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სეფსისი მართლაც უზარმაზარი პრობლემა იყო, რადგან პაციენტები აბსოლუტურად სხვა დიაგნოზით მკურნალობდნენ და მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ ირკვეოდა, რომ რეალური პრობლემა სეფსისი იყო. ბატონ ვახტანგთან, რომელმაც რამდენიმე წლის მანძილზე ყველაფერი შეგვასწავლა, უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე, 1979 წელს კი, სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრი შიქმნა, რომელიც პირველი იყო და მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა. განვითარებული ქვეყნები მხოლოდ დღეს ცდილობენ მსგავსი დაწესებულების შექმნას, ბატონი ვახტანგი კი, მეტად პროგრესული ადამიანი იყო, რომელმაც დროს გაუსწრო, სტრუქტურულად ახალი, გამართული ორგანიზაცია შექმნა და ექიმთა მულტიპროფილური გუნდი შეკრიბა, რომელიც გაერთიანებული ძალით მუშაობდა ერთოს მხრივ ნაკლებად შესწავლილ, მეორეს მხრივ კი, მეტად აქტუალურ პრობლემაზე. სწორედ ამ გუნდის დაუღალავი შრომის შედეგია, რომ ძალიან მოკლე ხანში ლეტალობის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდა.

– კონკრეტულად რა დაავადებაა სეფსისი?

– სეფსისი ძალიან სახიფათო დაავადებაა, რადგან მიკრობი ადამიანის ორგანიზმში მრავლდება და და რაც უფრო გვაინდება დიაგნოზის დასმა, მით უფრო ძლიერდება ის, სხვადასხვა ორგანოში გადადის, მთელ სისტემას მოიცავს და შეუქცევადი პროცესები იწყება. სწორედ ამიტომაა დაგვიანებული დიაგნოზის დასმის შემთხვევაში სეფსისი მკურნალობა ძალიან რთული.

– რა მნიშვნელობა ენიჭება სეფსისის მკურნალობისას ანტიბაქტერიულ პრეპარატებს, რამდენად ემორჩილება დაავადება ანტიმიკრობულ მკურნალობას?

– სამწუხაროდ, ანტიობიოტიკებს მიზერული მგრძნობელობა აქვთ ზოგადად სეფსისი მიკრობების და განსაკუთრებით ნოზოკომიალური ანუ საავადმყოფოს შიდა ინფექციების მიმართ. ხშირად, პაციენტი სულ სხვა დიაგნოზით ხვდება, თუმცა, ავადმყოფობას მეორადი გართულებები ემატება და ამ შემთხვევაში ისეთ მიკრობებთან გვაქვს საქმე, რომელებიც რთულად ემორჩილებიან ანტიბაქტერიულ მკურნალობას. ბოლო დროს განსაკუთრებით იმატა სეფსისურმა ენდოკარდიტმა ანუ გულის შიგნითა გარსის დაზიანებამ, რომელიც მართალია იკურნება, მითუმეტეს ჩვენს კლინიკაში და იმ ანტიბაქტერიალური პრეპარატებით, რომლებიც არსენალში გვაქვს, მაგრამ სეფსისის დროული მკურნალობის შემთხვევაში თავისუფლად შეიძლებოდა მისი თავიდან აცილება.

– თქვენი უზარმაზარი გამოცდილების გათვალისწინებით, საინტერესოა რამდენად ემორჩილებოდა სეფსისი ანტიმიკრობულ მკურნალობას გასულ საუკუნეში, თუნდაც 30-40 წლის წინ და რა მდგომარეობაა დღეს?

– ცნობილია, რომ პენიცილინის შექმნის შემდეგ სეფსისით გარდაცვლილთა რიცხვი 20%-მდე დაეცა. თუმცა, დროთა განმავლობაში პრეპარატი ნაკლებად ეფექტური გახდა. ბოლო პერიოდში დაავადების იმგავრი ფორმებიც შემხვედრია, რომელთა მკურნალობა არანაირ ანტიბიოტიკებს არ ექვემდებრება, რადგან ისეთი პირობით-პათოგენური მიკრობებია განვითარებული, რომელთაც ადრე საერთოდ არ ვიცნობდით. დღეს ერთადერთი ხსნა ახალი პრეპარატებია, რომლებითაც ძველის ჩანაცვლებას და გარკვეული ეფექტის მიღებას ვცდილობთ.

– სტატისტიკას რომ გადავხედოთ, რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში და მთლიანად მსოფლიოში?

– რა თქმა უნდა, ვარიაბილობა ძალიან დიდია. ერთ დროს, საქართველოში მხოლოდ სტაფილოკოკური ინფექციების იყო გავრცელებული, დასავლეთის ქვეყნებში კი, მეტწილად გრამუარყოფითი მიკრობების აქტიურობა შეიმჩნეოდა. დღეს კი, აბსოლუტურად წაიშალა ზღვარი ჩვენსა და დანარჩენ სამყაროს შორის.

– საინტერესოა, რა ტრანსფორმაცია განიცადა ლეგენდარულმა სეფსისის ცენტრმა და რას წარმოადგენს დღეს ვახტანგ ბოჭორიშვილის განახლებული კლინიკა, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა?

– პირველ რიგში, ბატონ პაატა კურტანიძეს მინდა ვუთხრა მადლობა, რომლის წყალობითაც განადგურების პირას მისული ცენტრის გადარჩენა და აღორძინება მოხერხდა. კლინიკამ აბსოლუტურად შეიცვალა იერსახე, გაკეთდა რემონტი, გაიმართა კომუნიკაციები და აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით, გვაქვს სპეციალური ბოქსი განსაკუთრებით საშიში ინფექციით დაავადებულთათვის, გაიხსნა ახალი განყოფილება – გადაუდებელი ამბოლატორიული მომსახურეობით, აღვადგინეთ ბავშვთა განყოფილებაც, ჩვენ კი, საშუალება მოგვეცა ჩავატროთ მაღალტექნოლოგიური კვლევები და ბევრად ხარისხიანი სერვისები შევთავაზოთ პაციენტებს. საბედნიეროდ დღეს ჩვენს კლინიკაში არაჩვეულებრივი პირობებია შექმნლი პაციენტებისთვის და იმ მედიკოსებისთვის, რომლებიც ძალიან საჭირო საქმეს აკეთებს. აუცილებლად დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა შეუმსუბუქოს  პაციენტებს მკურნალობის ხარჯები და ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადოს ჩვენი სერვისები. გარდა ამისა, კლინიკას საშუალება აქვს აღზარდოს მომავალი თაობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა არ დაიკარგოს ჩვენი გამოცდილება და მთელი ცოდნა ახალგაზრდებს გადავცეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები