LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვახტანგ კიკაბიძე კონცერტებისთვის ემზადება

10

28 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ბატონები ვახტანგ კიკაბიძე და სოსო აბზიანიძე სტუმრობდნენ.

– ბატონო ვახტანგ, როგორი იყო თქვენი და ქალბატონ ელენა პროკლოვას შეხვედრა?

– ერევანში გამოსვლა გვქონდა, სადაც ქალბატონი ელენაც მიწვეული იყო. მოულოდნელად გამოჩნდა, თუმცა ისე თბილად ჩავეხუტეთ ერთმანეთს, თითქოს სულ რამდენიმე დღის წინ დავშორდით. სამი დღე ერთად გავატარეთ და ალბათ, იუბილეზეც მოვიწვევ.

– ბატონო სოსო, მართალია, იუბილემდე წელიწადზე მეტია დარჩენილი, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა ღონისძიებები იგეგმება?

– საკმაოდ მასშტაბური ღონიძიებები გვაქვს ჩაფიქრებული და ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდება. უამრავ სტუმარს ველოდებით, ამიტომ დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია.

– ბატონო ვახტანგ, იმ კონცერტებზე მინდა გკითხოთ, რომლებიც უკვე დაიგეგმა. უამრავი მიწვევა გაქვთ და უახლოეს მომავალში სად აპირებთ გამოსვლას?

– შარშან 14 გამოსვლა გვქონდა უკრაინაში, წელს – 9 კონცერტს ვგეგმავთ. ამერიკელების მიწვევას უარი ვუთხარი. მართალია, იქაც ბევრჯერ ვიყავით გასტროლებით, მაგრამ ამჯერად უარი ვთქვი, ცოტა ხნის წინ კი, მონტე-კარლოში ვიმოგზაურეთ. სამუშაო მართლაც ძალიან ბევრია, მთავარია ჯანმრთელობამ არ მიღალატოს.

– თქვენს შვილთაშვილზე, ალექსანდრაზე მინდა გკითხოთ, ისიც მუსიკოსობაზე ხომ არ ოცნებობს?

– ალექსანდრა ძალიან ლამაზი გოგონაა. სულ ცეკვავს და მღერის. ბათუმში, კონცერტზე კონფერანსიობა ითავა და ჯერ მაყურებლის წინაშე წარმადგინა, მერე კი, რევერანსიც გააკეთა. გახდება თუ არა მუსიკოსი არ ვიცი, მაგრამ ძალიან უყვარს სცენა.

– საზოგადოება ნაკლებად იცნობს თქვენს მეუღლეს, ამიტომ ხშირად ჩნდება კითხვა, ვინაა ვახტანგ კიკაბიძის ცოლი?

– ჩემი მეუღლე ყოფილი ბალერინაა, რომელიც ვახტანგ ჭაბუკიანის დასში ცეკვავდა. ძალიან არ მიყვარს, როცა მეუღლეები ერთმანეთს აქებენ და ადიდებენ. რა თქმა უნდა, თუ გადაცემა ჩვენს სახლში კეთდება, უარს არასდროს ამბობს მონაწილეობაზე, ისე კი, ნაკლებად ჩნდება პუბლიკაზე, რაც ვფიქრობ სწორიცაა. ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ძალიან მიყვარს და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ახლა აქ ვარ, რადგან სამჯერ გადამარჩინა სიკვდილს.

– ხშირად ახსენებთ თქვენს შვილს, რა პროფესიისაა თქვენი ვაჟი და რას საქმიანობს?

– ჩემი შვილი კანადაში ცხოვრობს. მართალია, სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მაგრამ ახლა ბიზნესითაა დაკავებული. ყოველდღე გვირეკავს, საახალწლოდ კი, სამი თვით ჩამოდის და ახლაც აქაა. ისე მივლის და მიფრთხილდება, ზოგჯერ მრცხვენია კიდეც.

– რამდენადაც ვიცი, თქვენი ჰობი თევზაობაა, სად თევზაობთ ყველაზე ხშირად?

– ყვარლის ტბაზე დავდივართ, თუმცა, ისე ძალიან მიყვარს ეს საქმე ყველგან შემიძლია ვითევზაო.

– რამდენადაც ვიცი სცენარს წერთ, რაზე იქნება ფილმი და ვინ იქნება მისი რეჟისორი?

– სცენარის წერა ცოტა ხნის წინ დავასრულე. მემგონი კარგი გამოვიდა, რადგან ყველამ მოიწონა, ვის აზრსაც ვენდობი და ჩემთვის მნიშვნელოვანია. სცენარი ექვსი ნოველისგან შედგება და სავარაუდოდ „თეთრი ყვავები“ ერქმევა, რადაგნ კეთილი და მოაზროვნე ადამიანები ანუ „თეთრი ყვავები“ უმცირესობაში არიან ჩევნს ქვეყანაში. ძალიან მინდა ფილმი ახალგაზრდა რეჟისორმა გადაიღოს, ამიტომ არაა გამორიცხული მასზე მუშაობას რეზო გიგინეიშვილმა მოჰკიდოს ხელი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები