LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვანო იოსელიანი – უამრავი წარუმატებლობის შემდეგ, წარმატება აუცილებლად მოვა

21

19 სექტემბერს ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემა ”წარმატების ფორმულას” კომპანია ”თეთრი ქუდის” დირექტორი ივანე იოსელიანი ეწვია.

მისი განათლება მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. ტექნიკური უნივერსიტეტი კავშირგაბმულობის მიმართულებით, იურიდიული ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში და ფინანსები იესემში.

თვლის, რომ ბიზნესმენებისთვის მთავარი ბევრი მუშაობა და იღბალია. სწორედ ასე მიაღწია მან წარმატებას.

რატომ სოკოს ბიზნესი და ”თეთრი ქუდი”?

ალბათ იმიტომ, რომ იყო ახალი და ძალიან საინტერესო გამოწვევები, მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროშო გამოცდილება არ გვქონია, გვქონდა ძალიან დიდი მოტივაცია, რომ ჩვენ შეგვიძლია ეს გავაკეთოთ… შევქმნათ ბაზარი, მოთხოვნა და ხარიხიანი პროდუქტი, რაც გამოგვივიდა.

რა გზა გაიარეთ დღემდე? რთული იყო?

ძალიან რთული იყო. ძლიან ბევრი წარმატება და წარუმატებლობაც იყო.

როგორ იქცევით წარუმატებლობის დროს?

ვაგრძელებთ მუშაობას, სანამ არ მივალთ ლოგიკურ დასასრულამდე.

აპირებთ იმპორტრებული პროდუქცია ადგილობრივით ჩაანაცვლოთ. ეს არაერთხელ გითქვამთ და მოხდა უკვე პრაქტიკულად. ხსნით ახალ საწარმოსაც. ბაზრის რა ნაწილი გიკავიათ ამ პერიოდში და როგორ შეიცვლება თქვენი პოზიცია წარმოების გაფართოების შემდეგ? გაფართოება შეინიშნება თვიდან თვემდე, არა მხოლოდ წლიდან წლამდე.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი და მოხმარება დაახლოებით, 6-7-ჯერ გაიზარდა ბოლო 5-6 წელიწადში, ბაზრის 75% ჩვენ სტაბილურად გვიკავია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავაშენეთ და უახლოეს პერიოდში ახალი საამქროს მშენებლობას მოვრჩებით, რის შემდეგადაც წარმოებაში 100%-ით ქართულ ნედლეულს გამოვიყენებთ. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ბაზარი კიდევ გაფართოვდება, თუმცა აქაც, ალბათ, წილი იგივე იქნება. იმიტომ, რომ ამ ნედლეულს ჩვენ გამოვიყენებთ როგორც ჩვენი წარმოებისთვის, ასევე, სიამოვნებით მივაწვდით დაინტერესებულ პირებს გაცილებით იაფად, ვიდრე ნებისმიერი შეძლებს მის იმპორტს უცხოეთიდან, ასევე რეგიონებში, ახალციხეში, აჭარაში თუ სხვაგან, მზად ვართ მივაწოდოთ მცირე ბიზნესმენებს, ვინც მზად არის, რომ ეს სოკო თავად აწარმოს.

როგორც ვიცით, გაზაფხულამდე სოკოს საცდელი პარტია დუბაიში გაგზავნეთ როგორია შედეგი და სოკოს ექსპორტის პერსპექტივა?

შედეგი ძალიან პოზიტიურია. მხოლოდ ამ თვეში, დაახლოებით 15 ტონის გადაზიდვას ვფიქრობთ. ოქტომბრიდან კი დაახლოებით, 25 ტონის ფარგლებში. დაახლოებით ვიძახი იმიტომ, რომ საკმაოდ რთული ლოჯისტიკაა, ხდება ავიაგადაზიდვები და არის შეზღუდული ლიმიტები:  მაქსიმუმ ტონანახევარი თითო გაგზავნაზე. ეს ნიშნავს თითქმის ყოველდღიურ გადაზიდვებს.

სხვა საექსპორტო ბაზარიც ხომ არ განიხილება?

ამ ეტაპზე განიხილება ყატარის მიმართულება. ალბათ, ამ მიმართულებით ზამთარში უკვე აქტიურ ფაზაში გადავალთ.

ხაზი გავუსვათ იმასაც, რომ თქვენთან საწარმოში საერთაშორისო სტანდარტები დაინერგა. უფრო კონკრეტულად, რას გულისხმობს ეს სტანდარტები?

ორ სტანდარტზე გავიარეთ სერთიფიცირება: ეს არის ISO 22000; უპირველეს ყოვლისა, ეს არის სურსათის უვნებლობის ჰასპი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პროდუქტი სრულად შეესაბამება ევროპულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს. მეორე GLOBAL GAP-ია. ესეც საერთაშორისო სტანდარტია, უკვე აგრომიმართულებით. ერთადერთი კომპანია ვართ რეგიონში, რომელსაც ერთდროულად, ორივე სტანდარტი გააჩნია.

 როდის დაიწყო თქვენი ბიზნესი და რა იყო ინსპირაცია?

2011 წელს დაიწყო. პირველი მოსავალი 2011 წლის 8 იანვარს მოვიდა. ზუსტად გვახსოვს და ყოველწლიურად ავღნიშნავთ, როგორც დაბადების დღეს.

ძალიან მოკლე ხანში აყვავდა ბიზნესი და გაიცნო ის საზოგადოებამ. როგორ მოხდა ეს?

არაერთგვაროვნად. ბევრ რეგიონში სტერეოტიპებთან ბრძოლა მოგვიწია, რომ სოკო ჯანმრთელია, რომ სათბურში გაზრდილი სოკო უსაფრთხოა, ასევე ბევრი სხვა მიმართულებით… სავაჭრო ქსელებთან მოგვიწია ბევრი კამათი და ბრძოლა, იმისთვის რომ თაროებზე განეთავსებინათ. მათ არ სჯეროდათ, რომ ეს პროდუქტი გაიყიდებოდა.

ანალოგიური ქეისია დაჭრილ სოკოზე, რომელსაც არც ერთი ქსელი არ იღებდა. მარტო ერთმა ქსელმა გაბედა და შეგვპირდა, რომ დროებით, თაროებზე განათავსებდა. ერთი კვირის შემდეგ კი ფაქტობრივად ყველა ქსელმა დაგვირეკა და მოგვთხოვა მათთანაც განგვეთავსებინა. ახლა დაჭრილი სოკოს სახით, დღეში დაახლოებით, ნახევარ ტონას ვყიდით.

რა შეგვიძლია ვურჩიოთ დამწყებ ბიზნესმენებს?

თუ აქვთ საინტერესო ბიზნეს-იდეა, არასდროს დაყარონ ფარ-ხმალი და იმუშაონ მიზანდასახულად. უამრავი წარუმატებლობის შემდეგ, წარმატება აუცილებლად მოვა.

რა მთავარი პრინციპებია აუცილებელი ხელმძღვანელისთვის? თქვენს მაგალითზე ვისაუბროთ

ხელმძღვანელისთვის აუცილებელია ხედვა, როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი, აუცილებელია ასევე, ლიდერის უნარები და ძალიან მნიშვნელოვანია გუნდი, ვისთანაც მუშაობს. არასდროს არ მიყვარდა გუნდის გაწმენდა და ჩემი კადრებით დახუნძვლა. ყოველთვის ვცდილობ, რომ ადგილობრივი რესურსი  გამოვიყენო. მნიშვნელოვანია, რომ კადრი მოტივირებული იყოს და ზრდადი.

 როგორ ახდენთ მოტივაციას?

მოტივაციის ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს. არამარტო ფინანსური, არამედ სხვა წახალისება არსებობს – შექება, დაწინაურება და ა.შ. რაც მთავარია ჯანსაღი სამუშაო პირობები უნდა იყოს და მისი აზრი უნდა ისმოდეს. ნებისმიერ გუნდში, ნებისმიერი ადამიანის აზრი უნდა ისმოდეს. შეიძლება არის გასათვალისწინებელი, შეიძლება არა, მაგრამ მოსმენას წინ არაფერი უდგას.

თქვენს ბაზარზე იზრდება თუ არა კონკურეცია?

ბაზარზე კონკურენცია იზრდება, რადგან ის თავისუფალი გახდა. იყო მონოპოლიზირებული იმპორტი, რაც ჩვენ ადგილობრივი წარმოებით ჩავანაცვლეთ. ჩვენ მცირე მეწარმეებს ხელსაც ვუწყობთ – ნედლეულითა და უფასო კონსულტაციებით.

რატომ უნდა შეიძინოს მომხმარებელმა თეთრი ქუდი?

იმიტომ რომ, პირველ რიგში, არის სრულიად უსაფრთხო; მეორე – ევროპული სტანდარტებისაა; მესამე – ხელმისაწვდომია, როგორც ფასით, ასევე ნებისმიერ ქსელში და ბოლოს – უბრალოდ გემრიელია.

თქვენი გადმოსახედიდან, რომელია ყველაზე მომგებიანი ბიზნესმიმართულება დღეს? კიდევ რომელ ბიზნესს მოკიდებდით ხელს?

მომგებიანი ბევრია, მაგრამ ბევრს არ მოვკიდებდი ხელს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო…მიუხედავად მომგებიანობისა, სათამაშო ბიზნესს არ მოვკიდებდი ხელს.

ვინ გინდოდათ ყოფილიყავით ბავშვობაში? გამორჩეული რა გახსენდებათ, რისი რეალიზებაც ვერ მოახერხეთ?

სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ოცნებები მქონდა. ძალიან კარგად მახსოვს, რომ მინდოდა ვყოფილიყავი ჯარისკაცი, მეხანძრე, ფერმერი, თუმცა ცოტა სხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ უკანასკნელს ავისრულებ.

რთულია დღეს კვალიფიციური კადრის შერჩევა თუ მარტივად მოახერხეთ პროფესიონალი კადრების აყვანა?

მარტივად ბიზნესში არაფერი ხდება, განსაკუთრებით კადრების კუთხით. თუ შევხედავთ გარემოცვას ძალიან ბევრია უმუშევარი. სწორედ კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა ჩვენ ქვეყანაში.  ჩვენ ვარჩევთ კადრებს. პირველ რიგში, კადრებს რომლებსაც ზრდის პოტენციალი აქვთ, მონდომებულები არიან, ვხარჯავთ ძალიან ბევრ ენერგიას იმისთვის, რომ შევასწავლოთ, თუმცა, ვკარგავთ ძალიან ბევრ დროს ამაზე, რისი ფუფუნებაც ხშირად არ არის.

რა არის მთავარი კარგი მენეჯმენტისთვის?

კარგი გუნდი, ლიდერი, მკაფიო გეგმა და კრიტიკულ სიტუაციაში გადაწყვეტილების მიღების უნარი.

ერთი სიტყვით როგორი ხელმძღვანელი ბრძანდებით?

ვთვლი, რომ კარგი.

რას აქცევთ ყურადღებას საქმიანი შეხვედრებისას? თქვენთვის დადებითი და პოზიტიური რა არის თქვენი ბიზნესპარტნიორისგან, შეხვედრის პირველ დღეს?

აურა და ბექგრაუნდი (პიროვნული ან კომპანიის.) ასევე რა შეგრძნება მოდის, რეალურად, ამ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგად, მივიღებ თუ არა იმას, რაც მე მინდა.

რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს?

გააჩნია გადაწყვეტილებას. ვცდილობ, გადაწყვეტილება არ მივიღო ემოციურ ფონზე, იმიტომ რომ ემოცია საქმეს აფუჭებს. თუმცა, როდესაც გადაწყვეტილება სასწრაფოდ არის მისაღები, ამ შემთხვევაში არ უნდა დაიბნეს ადამიანი და მიიღოს გადაწყვეტილება. სწორია თუ არასწორია, მის არქონას ყოველთვის სჯობს, გქონდეს რაიმე გადწყვეტილება.

ბლიც-კითხვები:

ფრაზა რომელსაც საკუთარ თავს ამხნევებთ დღის განმავლობაში (თუ გჭირდებათ)

ბანალურია მაგრამ… ეს არის – შეუძლებელი არაფერია.

რომელ სიტყვას ხმარობთ დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად?

ალბათ, დავიწყოთ, ვცადოთ…

ადგილი ოფისში სადაც განტვირთვას ახერხებთ

ასეთი ადგილი არ არის. ზოგადად მიმაჩნია, რომ ოფისი არ არის განტვირთვის ადგილი.

ინფორმაციას სად ეცნობით?

სახლში გაღვიძებისთანავე ირთვება ტელევიზორი, ასევე გზაში რადიო, დღის განმავლობაში კი ტელეფონი.

დილით ყავა თუ წვენი?

ყავა.

სად გსურთ მოგზაურობა?

სადაც მსურს იქ ვმოგზაურობ. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილებში. გააჩნია ადგილს, სეზონს და განწყობას.

აქსესუარი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გამოდიხართ

ტელეფონი და საათი.

რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

მიზანდასახულობა.

სპორტსმენი იყავით ადრე. ახერხებთ თუ არა კალათბურთის თამაშს ახლა?

წელიწადში შეიძლება ორჯერ.

ახერხებთ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას?

მინდა მოვახერხო, მაგრამ ვერ ვახერხებ.

ფანქარი და ფურცელი რომ გადმოგცეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა?”

რაიმე მარტივს, ალბათ ქამა სოკოს.

რატომ?

მარტივია, ლამაზი და გემრიელი.

და ბოლოს, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, იმისთვის რომ მიაღწიოს წარმატებას

მიზანდასახულობა, საკმარისი ცოდნა შესაბამის სფეროში, იღბალი – მის გარეშე არაფერი გამოდის.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები