LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინაცია დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა

11

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

7 აპრილს, ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“ ვაქცინაციის თემაზე სასაუბროდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა დეპარტამენტის პროფესორი, ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს კონსულტანტი მანანა ხოჭავა და ექიმ-იმფექციონისტი მანანა აბრამიძე მოიწვია.

– რას ნიშნავს ზოგადად ვაქცინაცია?

– (მანანა აბრამიძე) ვაქცინაციის ანუ იმუნიზაციის მიზანია წარმოქმნას  ორგანიზმში ანტისხეულები იმ საშიში დაავადებების გამომწვევების მიმართ, რომელთა წინააღმდეგაც კეთდება ვაქცინაცია. არსებობის მანძილზე კაცობრიობამ არაერთი ინფექციური დაავადებების ეპიდემია გადაიტანა უმძიმესი შედეგებით და უზარმაზარი მსხვერპლით, რომელთა შორის უამრავი ბავშვი იყო.

სხვებზე ხშირად სწორედ ბავშვები ავადდებიან ინფექციური დაავადებებით, რაც მათი იმუნური სისტემის თავისებურებებითაა განპირობებული, მოზრდილებში კი, ე.წ. ბავშვთა ინფექციური დაავადებების მიმართ სპეციფიკური იმუნიტეტის არარსებობა ინფიცირების არა ერთეულ შემთხვევებს, არამედ ეპიდემიურ აფეთქებებს იწვევს.

საუკეთესო მაგალითი ბოლო წლებში წითელას და ჩუტყვავილას განსაკუთრებით ბევრი შემთხვევაა, როცა ჩუტყვავილას მიმდინარეობა იმდენად რთული ფორმით იყო გამოხატული, რომ თითქმის ნატურალური ყვავილის სახე მიიღო. რა თქმა უნდა, ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, როგორც მსოფლიში, ისე საქართველოში და ამას ვერსად გავექცევით. მაგალითად, ვაქცინაციას ჩუტყვავილას წინააღმდეგ ექიმთა დიდი ნაწილი უჭერს მხარს, თუმცა, ზოგი პირიქით ეწინააღმდეგება და თვლის რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა გადაიტანოს მსგავსი დაავადება. მეტიც, ხშირად დაავადებულ ბავშვთან აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანები შეჰყავთ კონტაქტში, რათა ისინიც დასნეულდნენ. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგან ჩუტყვავილას გადატანის შემთხვევაში მისი გამომწვევი რთული ჰერპესის ელიმინირება ანუ ორგანიზმიდან სრულად გამოდევნა არასდროს ხდება, ის ზურგის ტვინის უკანა რქების ნერვულ განგლიებში რჩება, ძალიან დაბალი ტიტრით მუდმივად პერსისტირებს და სხვადასხვა მიზეზით, თუნდაც ძლიერი სტრესის შემთხვევაში განიცდის რეაქტივაციას და იწყება ჩუთყვავილას გამომწვევი რთული გერპესის მეორადი მანიფესტაცია.

ზოგადად, ჩუტყვავილა საკმაოდ მძიმე დაავადებაა, რომლიც ორსული ქალის, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში ინფიცირების შემთხვევაში, ნაყოფის დაზიანებას და ზოგჯერ დაღუპვასაც იწვევს.

– მშობელთა გარკვეული ნაწილი დარწმუნებულია, რომ ვაქცინაცია არაა საჭირო, ბევრმა კი არ იცის ღირს თუ არა ბავშვის აცრა. თქვენი აზრით, რატომ ჩნდება ამგვარი ეჭვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით?

– (მანანა ხოჭავა) საკმაოდ რთული შეკითხვაა და მარტივად პასუხის გაცემა შეუძლებელია. მიზეზი ბევრია – მედიკოსების არაპროფესიონალიზმით და  საზოგადოების განათლების დაბალი დონით დაწყებული, ცრურწმენებით და რელიგიური მოსაზრებებით დამთავრებული. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, მიმართონ მხოლოდ პროფესიონალებს ანუ მათ, ვისაც დიდი გამოცდილება აქვს კლინიკურ ვაქცინოლოგიაში, რადგან სწორედ ისინი განუმარტავენ მშობლებს ვაქცინაციის აუცილებლობას და მის ეფექტურობას. საზღვარგარეთ ბავშვის აცრას არავის აიძულებენ, თუმცა, მშობელთა განათლების და განვითარების დონე იმდენად მაღალია, რომ ისინი თითქმის არასდროს ამბობენ უარს აცრაზე. რამდენიმე შეხვედრა მქონდა ამერიკელ ექიმებთან და სწორედ მათგან ვიცი, რომ ვაქცინაცია ნაკლებად პრობლემური საკითხია და გამონაკლისი მხოლოდ რელიგიური მრწამსი შეიძლება გახდეს.

– ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რეგულაციები, თუმცა, ხშირად ორაზროვანი და ლავირებადი. თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია ამ რეგულაციების გამკაცრება და როგორია ამ მხრივ წარმატებული ქვეყნების გამოცდილება?

– დასავლურ სამყაროს არაჩვეულებრივი გამოცდილება აქვს. მართალია, ისინი ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია ნებაყოფლობითია, მაგრამ საბოლოო ჯამში, ის მაინც იძულებით კეთდება. ზოგადად, ვაქცინაცია საკმაოდ რთული პროცესია, ექიმს კი, უზარმაზარი ცოდნა და პროფესიონალიზმი სჭირდება, რადგან კარგად უნდა იცნობდეს იმ დაავადებას, რომლის წინააღმდეგადაც კეთდება ვაქცინაცია და ზუსტად იცოდეს მისი მიმდინარეობის პროცესი, გართულებები და მკურნალობის მეთოდები. გარდა ამისა, სწორედ ექიმმა უნდა აუხსნას მშობელს, რომ ვაქცინაცია დაავადების პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა და ისე მიაწოდოს ინფორმაცია, რომ არ დაუტოვოს უარის თქმის საშუალება. სხვათაშორის, ექიმის მხრიდან ვაქცინაციის უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად გადაავადება ან აცილება, ბევრ ქვეყანაში სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმად განიხილება და სხვადასხვა ფორმით ისჯება, იგივე სანქციები ვრცელდება მშობლებზეც. სხვაგვარად არ გამოდის, რადგან რაც არ უნდა  ნებაყოფლობითი იყოს ვაქცინაცია, მისი გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა მაინც აუცილებელია. აქვე ყველა მინდა გავაფრთხილო, რომ ვაქცინაციაზე უარის თქმა, რაც თავის მხრივ იმუნიტეტის უქონლობას ნიშნავს, საკმაოდ მძიმე შედეგებით და ხშირად ლეტალურადაც მთავრდება.

– რას ურჩევით მშობლებს?

– (მანანა ხოჭავა) პროფილაქტიკა ყოველთვის პრიორიტეტულია, რადგან პროფილაქტიკის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება გლობალიზაციის პირობებში. მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან აქტიური მიგრაცია, შემოტანილ ვირუსებს კი, მეტად სერიოზული პრობლემების შეიქმნა შეუძლიათ. აქვე მინდა დავარწმუნო ყველა, რომ ვაქცინები მაქსიმალურად გაწმენდილია, აქვს მაღალი იმუნოგენობის თვისები ანუ  შეუძლია გამოიმუშაოს ანტისხეულების ძალიან მყარი ტიტრი და საოცრად მაღალი სანდოობის ხარისხით გამოირჩევა.

– (მანანა აბრამიძე) მე კი, სადაზღვევო კომპანიებს მინდა მოვუწოდო, აიღონ საკუთარ თავზე ვაქცინაციის დაფინანსება, რადგან პრევენცია და მცირე ხარჯების გაწევა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე საშინელი გართულებების მკურნალობა და ბევრად მეტი თანხის დახარჯვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები