„ვერც ერთი ლიდერი ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს მარტო”

„ვერც ერთი ლიდერი ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს მარტო”

30 მაისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” საბანკო სექტორის წარმომადგენელი, ”ტერაბანკის” გენერალური დირექტორი, ქალბატონი თეა ლორთქიფანიძე სტუმრობდა.

– ქალბატონო თეა, რამ განაპირობა თქვენი საბანკო სისტემით დაინტერესება და რამდენად მართებულია აზრი, თითქოს საბანკო სექტორი საკმაოდ რთული სფეროა და ნაკლებად საინტერესო ქალბატონისთვის?

– ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, თითქოს საბანკო სექტორი საინტერესო არაა. პირიქით, განსაკუთრებით საინტერესოა კრედიტების მიმართულება, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მომიხდა მუშაობა. შეხება მქონდა ეკონომიკის პრაქტიკულად ყველა დარგთან და გარკვეული წარმოდგენა შემექმნა ბიზნესის ყველა სფეროზე. ხშირად მქონია შესაძლებლობა, საკუთარი თვალით მენახა ჩვენს მიერ დაფინანსებული განხორციელებული პროექტები და ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა იცი, რომ შენც მიიღე მონაწილეობა რაღაც მნიშვნელოვანის შექმნაში. რაც შეეხება ქალის და მენეჯერის როლს – ზოგადად მენეჯერობაა რთული და არც ქალია  გამონაკლისი. თუმცა, ჩემი აზრით, ეს უფრო ადამიანზეა დამოკიდებული, ვიდრე სქესზე.

– წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელმძღვანელი ქალბატონების რიცხვი. გექმნებათ თუ არა სირთულეები როგორც ”სუსტი სქესის” წარმომადგენელს?

– პირადად მე პრობლემა არასდროს შემქმნია. მართალია, პირველი კომუნიკაციის დროს, მამაკაცები გარკვეული უნდობლობით უყურებენ ქალ მენეჯერებს, მაგრამ ეს მხოლოდ საწყის ეტაპზე ხდება, მერე კი, მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რა შთაბეჭდილებას დატოვებ.

– როგორ ახერხებთ ოჯახის და კარიერის შეთავსებას?

– ნამდვილად ძალიან რთულია და არ ვიცი, რამდენად კარგად გამომდის. სამი  შვილი მყავს, რომლებიც ბევრად უფრო მეტ დროს მოითხოვენ ჩემგან, ვიდრე შემიძლია დავუთმო და ალბათ, როგორც ყველა დაკავებულ დედას, მეც ძალიან გული მწყდება, რომ დიდ დროს ვერ ვატარებ მათთან.

– რა რჩევას მისცემთ დასაქმებულ დედებს?

– არ ვიცი, რამდენად გამოვდგები რჩევების მისაცემად. პირადად მე ძალიან ხშირად მაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ საკმარის დროს ვერ ვუთმობ საკუთარ შვილებს. თუმცა, ვფიქრობ, რეალიზებული ქალი ბევრად უფრო კარგი დედა და მეუღლეა.

 – როდის ჩაერთეთ აქტიურ საქმიანობაში, რამდენი ხანია ასეთი დატვირთული ცხოვრების რიტმით ცხოვრობთ?

– ძალიან დიდი ხანია. ალბათ, უკვე 20 წელი იქნება.

– ქალბატონო თეა, არის თუ არა დღეს ხელსაყრელი გარემო საბანკო სექტორის განვითარებისთვის?

– ვფიქრობ, არის. რაც მთავარია, საბანკო სექტორს ძალიან კარგი, ერთდროულად კონსერვატიული და თანამედროვე რეგულაციები აქვს. გახსნილია ეკონომიკა, კარგი გარემოა ინვესტორებისთვის. გვაქვს ეკონომიკის დაგეგმილი კარგი ზრდის ტემპი და იმედია, რეალურად ბევრად უკეთესი იქნება. მაღალია ინვესტორების დაინტერესება საბანკო სფეროთი და ვფიქრობ, ეს პოზიტიური ტრენდი მომავალშიც შენარჩუნდება.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად მაღალია კონკურენცია და არის თუ არა კონკურენცია ერთგვარი მოტივაცია?

– კონკურენცია მართლაც მაღალია. რაც შეეხება მოტივაციას, რა თქმა უნდა, ყველა დარგს უხდება კონკურენცია.

– რას ფიქრობთ დეპოზიტების დაზღვევის კანონპროექტთან დაკავშირებით? ხომ არ იქნება ეს დამატებითი ტვირთი საბანკო სექტორისთვის და ხომ არ შემცირდება დეპოზიტებზე უკვე დარიცხული პროცენტი?

– საპროცენტო განაკვეთები ყოველთვის მოცავს რისკის ფასს. ასე რომ, როცა რისკი შემცირდება, დაიწევს საპროცენტო განაკვეთებიც. დაზღვევა აუცილებლად გამოიწვევს განაკვეთების დაწევას, რაც ვფიქრობ პოზიტიური და ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირო წამოწყებაა, თუმცა ჩვენს ქვეყანაში მეანაბრეები იმდენად ენდობიან ბანკებს, არ ვიცი რამდენად იგრძნობენ იმ ბენეფიტს, რასაც შემცირებული რისკების წყალობით მიიღებენ.

– თქვენ საქართველოს ლიზინგის ასოციაციის პრეზიდენტი იყავით, როცა ეს საქმიანობა საქართველოსთვის ჯერ კიდევ ახალი ხილი იყო. რა შეიცვალა მას შემდეგ და რამდენად განვითარდა ეს სექტორი?

– რამდენადაც ინფორმირებული ვარ, საკმაოდ კარგად განვითარდა, რასაც პირველ რიგში კანონმდებლობის ცვლილებებმა შეუწყო ხელი. ჩემი მოღვაწეობის პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემა იყო კანონმდებლობაში ლიზინგთან დაკავშირებით. ძალიან ვგულშემატკივრობ ამ ბიზნესს და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო განვითარდება, რადგან ამ მიმართულებას მართლა ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად.

– რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს ბანკში?

– ჩვენს ბანკში 400-მდე ადამიანი მუშაობს.

2– არის თუ არა გენდერული თანასწორობა დაცული თქვენს ბანკში?

– გენდერული თანასწორობა დაცული არაა, რადგან ჩვენი თანამშრომლობის 60%-ს ქალბატონები შეადგენენ.

– რამდენადაც ვიცი, საბაზო განათლება საქართველოში მიიღეთ, ამერიკაში კი, საბანკო საქმიანობის სრული კურსი გაიარეთ. როგორ ფიქრობთ, საკმარისია საქართველოში მიღებული განათლება საკუთარი შესაძლებლობების წარმატებით რეალიზებისთვის თუ აუცილებელია დამატებითი განათლების საზღვარგარეთ მიღება?

– ზოგადად, რაც უფრო მაღალი ხარისხისაა განათლება, მით უფრო ადვილია მომავალში კარიერის გაკეთება. თუმცა, ყველაფერი მაინც ბიზნესის სპეციფიკასა და მის სიდიდეზეა დამოკიდებული. დღეს საქართველოში საბანკო სექტორი იმდენადაა განვითარებული, ისე ახლოსაა ის საერთაშორისო სტანდარტებთან, რომ მაღალ თანამდებობაზე ყოფნისას, სასურველია საერთაშორისო განათლების და გამოცდილების ქონა.

– რამ განაპირობა ყოფილი ”კონსტანტარ ბანკის” და ახლა უკვე ”ტერაბანკად” რებრენდინგი?  

– დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენმა ბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა განსაზღვრა თავის მთავარ სტრატეგიად, რასაც ახალი საკომუნიკაციო პლატფორმის და ახალი, ყველასგან განსხვავებული, თანამედროვე და ჩვენი სტრატეგიის შესაბამისი  ბრენდის შექმნა დასჭირდა.  სწორედ ასე გადაიქცა ”კონსტანტარ ბანკი” ”ტერაბანკად”. დიდხანს ვეძებდით სწორ სახელს ჩვენი ბანკითვის და ძალიან ბევრი ჩავდეთ ამ სიტყვაში.

– მუშაობდით თუ არა გუნდური პრინციპით და რამდენად ხშირად საუბრობდით განახლებაზე?

– ფაქტიურად ყოველდღე გვქონდა საუბარი და საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს პროსესი. არც ისე დიდი ხანია ბრენდი ბაზარზეა და უკვე დავიმსახურეთ მომხმარებლის პოზიტიური გამოხმაურება. ძალიან მოსწონთ ჩვენს კლიენტებს ის მყუდრო, შინაურული და უშუალო გარემო, რომელიც ჩვენ მათთვის შევქმენით.

– როგორ შეიცვლება ბანკის სტრატეგია რებრენდინგის შემდეგ?

– როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ სტრატეგია შეიცვალა და მერე ბრენდი. ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ცვლილება განხორციელდა – შეიცვალა ბიზნეს-მოდელი, სტრუქტურა, პროდუქტები და მომსახურების სტანდარტები, ვიზუალური ცვლილებები კი, პრაქტიკულად დასკვნითი ეტაპი იყო.

– რამდენად რთული იყო რებრენდინგი?

– საკმაოდ რთული. ადგილობრივ კონსულტანტებთან ერთად ამ პროცესში საერთაშორისო ბრენდინგის კომპანიებიც ჩავრთეთ. ვფიქრობ, მათი დახმარებით ძალიან წარმატებით გავიარეთ ეს პროცესი.

– რთულია ბაზარზე თავიდან დამკვიდრება, რამდენად დიდი შრომაა ამისთვის გასაწევი?

– ბრენდის შექმნა ნახევარი საქმეა, მთავარი – მისი შენარჩუნება, ბრენდში ჩადებული დაპირების მომხმარებლამდე მიტანა და მისი შესრულებაა. ასე რომ, მთელი სამუშაო წინ გვაქვს. თუმცა, პირველი შედეგები იმდენად დადებითია, დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.

– სამომავლო გეგმებში რას თვლით ყველაზე პრიორიტეტულად?

– ჩვენი მთავარი გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ჩვენი ბაზრის წილის გაფართოება და ამ მიმართულებით ხუთი უმსხვილესი ბანკის რიცხვში მოხვედრაა. რასაც აუცილებლად მოყვება ფილიალების გახსნა. წელს ხუთი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ რეგიონებში.

– რას საქმიანობდით საბანკო სექტორში მისვლამდე?

– საბანკო სქტორში სტუდენტობის შემდეგ მივედი და მას შემდეგ სულ ამ სფეროში ვარ.

– რატომ გააკეთეთ არჩევანი ბანკზე, მშობლების პროფესიიდან გამომდინარე თუ თავად გსურდათ ასე?

– ჩემი სტუდენტობის პერიოდში ამ სფეროს გარკვეული რომანტიზმი ჰქონდა. ერთ-ერთ ბანკში აფხაზეთის დახმარების ფონდი იყო გახსნილი და სწორედ იქ მინდოდა მუშაობა, მერე კი, შესაძლებლობა მომეცა ბანკთან ერთად გავზრდილიყავი და განვითარებულიყავი. უამრავი ცვლილება განიცადა საბანკო სისტემამ ამ პერიოდში და ვფიქრობ, მეც ძალიან საინტერესო პროცესი გავიარე.

– თქვენი აზრით, რა მთავარი პრინციპებია ხელმძღვანელისთვის აუცილებელი ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად?

– მთავარი გუნდის მნიშვნელობის აღიარებაა, რადგან ვერც ერთი ლიდერი ვერ მიაღწევს სასურველ შედეგს მარტო. საჭიროა ჰქონდეთ თანამშრომლებს სამართლიანობის შეგრძნება და სჯეროდეთ იმის, რასაც აკეთებენ. მართალია, დღევანდელ ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ცვლილებების და ადაპტაციის უნარი, მაგრამ არასდროს არ უნდა დაკარგო შენი სტრატეგიული ფოკუსი და არ უღალატო იმ ღირებულებებს, რომლებიც თავიდან აირჩიე.

– რატომ უნდა ისარგებლოს მომხმარებელმა სწორედ თქვენი ბანკით?

– ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს. ჩვენი ბანკი შესაძლებლობას აძლევს მეწარმეებს მიიღონ სრული ფინანსური მხარდაჭერა როგორც საკუთარი ბიზნესისთვის, ისე პირადი საჭიროებისთვის და კლიენტებისთვის. ერთი სიტყვით, ჩვენ, ჩვენი კლიენტების სრულყოფილი პარტნიორები ვართ და ყველა გადაწყვეტილებაში მხარს ვუჭერთ. გარდა ამისა, რეალურად შეგვიძლია მოვერგოთ და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მივიღოთ ყველა კონკრეტული კლიენტისთვის. ასევე, ძალიან მყუდრო, კომფორტული და შინაურული გარემო გვაქვს შექმნილი, სადაც ყველასთვის სასიამოვნოა ურთიერთობა.

– თქვენი აზრით, ბიზნესის რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მომგებიანი და რომ არა საბანკო სექტორი, რომელ ბიზნესს მოკიდებდით თავად ხელს?

– საბანკო სექტორი რომ არა, რომელიც ასევე მომგებიანი და ძალიან საინტერესოა, ალბათ ტურიზმის ინდუსტრიაში, სასტუმროს სახით ჩავდებდი ინვესტიციას, რადგან დღეს ტურიზმი საკმაოდ მომგებიანი და პერსპექტიული მიმართულებაა.

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– მომღერლობაზე ვოცნებობდი, თუმცა მონაცემები არ მქონდა. ცოტა ხანს ბალეტზეც დავდიოდი, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ვერც იქ მივაღწიე დიდ წარმატებას.

– რამდენად რთულია დღეს პროფესიონალი კადრების მოძიება?

– საკმაოდ რთულია, რადგან პროფესიონალებზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. ჩვენ, როგორც ბევრი სხვა კომპანია თვითონ ვცდილობთ კადრების გაზრდას, რისი დროც ხშირად, სამწუხაროდ, არ გვაქვს.

– როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი კარგი მენეჯმენტისთვის?

– მთავარი, სტრატეგიის და გრძელვადიანი ხედვის არსებობაა, ასევე კარგი გუნდის ჩამოყალიბების, გადაწყვეტილების მიღების და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების უნარი. გარდა ამისა, არასდროს არ უნდა დაკმაყოფილდე მიღწეულით და ყოველთვის უნდა გქონდეს განვითარების სურვილი.

– პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას თანამშრომლების შერჩევისას?

– პირველ რიგში საჭიროა ჰქონდეს ადამიანს განვითარების სურვილი და უნარი, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოტივაცია და პროფესიონალიზმი. ძალიან არ მიყვარს გულგრილი დამოკიდებულება საქმის მიმართ.

– უამრავი საქმის გათვალისწინებით, როგორ ახერხებთ კარგი ფორმის შენარჩუნებას?

– არასდროს მავიწყდება, რომ ჯერ ქალი ვარ და მერე ბანკირი და მენეჯერი.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– როგორც წესი, სწრაფად ვიღებ. თუმცა, არის გადაწყვეტილებები, რომლებსაც გარკვეული დრო და მნიშვნელოვანი ანალიზი ჭირდება. სწორედ ასეთი გადაწყვეტილება იყო ჩვენი ბანკის რებრენდინგი.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომლითაც საკუთარ თავს ამხნევებთ და ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– სიმართლე ვთქვა, განსაკუთრებული გამხნევება არასდროს მჭირდება. თუმცა, ძალიან მომწონს ფრაზა: ”თუ სხვამ შეძლო, მაშინ მეც შევძლებ!”

– ადგილი ოფისში, სადაც განტვირთვას ახერხებთ?

– ოფისში ნამდვილად არ მაქვს განტვირთვის დრო. დასვენებას მხოლოდ შვილებთან ერთად ვახერხებ.

– დღის განმავლობაში ძირითადად სად ეცნობით ახალ ინფორმაციას?

– ძირითადად ინტერნეტ-პორტალებზე.

– სად გსურთ მოგზაურობა ყველაზე მეტად?

– იტალია ჩემი საყვარელი ქვეყანაა, ამიტომ როცა მოგზაურობაზე ვფიქრობ, ყოველთვის ეს ქვეყანა მახსენდება.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გამოდიხართ სახლიდან?

– საათი.

– თქვენი აზრით რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარია ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა, იყოს ოპტიმისტი და შეეძლოს ადამიანებთან კომუნიკაცია. გარდა ამისა, არასდროს არ უნდა შეეშინდეს სირთულეების.

– რა არის თქვენი ბანკის სლოგანი?

– ”ჩემი ფინანსების სახლი!” – ჩვენი ახალი სლოგანია.

– გაქვთ თუ არა ჰობი?

– ფაქტიურად არა, თუ არ ჩავთვლით, რომ თავისუფალ დროს ბავშვებთან ერთად ხატვაში ვატარებ.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ალბათ რაიმე ფერადს და სახალისოს. მაგალითად, ჩვენი ბანკის ლოგოს.

– როგორია თქვენი ”წარმატების ფორმულა”?

– ყველა ადამიანს საკუთარი ”წარმატების ფორმულა” აქვს. უნივერსალური კი, ალბათ კარგად ჩამოყალიბებული მიზნის არსებობა და ამ მიზნისთვის ბოლომდე დახარჯვაა, არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა და საკუთარი ძალების რწმენა, ასევე ოპტიმიზმი და ცოტა იღბალი.

გადაცემის ჩანაწერი

1 ივნისი, 2016

სხვა ჩანაწერები