„ვგეგმავთ მეტად საინტერესო პერფორმანსების მოწყობას, გვეყოლება უამრავი სტუმარი” – „თბილისის მოდის კვირეულის” საინტერესო დეტალები „არტ-FM“–ში

„ვგეგმავთ მეტად საინტერესო პერფორმანსების მოწყობას, გვეყოლება უამრავი სტუმარი”  – „თბილისის მოდის კვირეულის” საინტერესო დეტალები „არტ-FM“–ში

გადაცემის ლაივი LIVE

16 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“  „თბილისის მოდის კვირეულის” შოურუმის ორგანიზატორი ანი დალაქიშვილი და დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე სტუმრობდნენ, რომელთაც 18 ოქტომბერს დაგეგმილ მოდის კვირეულის მე-18 სეზონის გახსნაზე ისაუბრეს.

– ანი, ძალიან ცოტა დრო რჩება მე-18 სეზონის გახსნამდე. საინტერესოა, კონკრეტულად რა სიახლეს შესთავაზებთ მოდის მოყვარულებს?

– სპეციალურად მოწყობილ კონფერენციაზე უკვე განვაცხადეთ, რომ წლევანდელი მოდის კვირეული აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგან სწორედ ჩვენი ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა გლამურული ეკობაზარი, სადაც ქართულ ეკოპროდუქციას წარმოვადგენთ. ეკოლოგიური პრობლემები მთელ მსოფლიოში აქტუალურია, ამიტომ ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ მხარი ავუბათ მოძრაობას და წლევანდელი ღონისძიებაც ერთგვარ ეკოკვირეულად ვაქციეთ. ამასთანავე, ვგეგმავთ მეტად საინტერესო პერფორმანსების მოწყობას, გვეყოლება უამრავი სტუმარი უკვე პოპულარული და ჯერ ნაკლებად ცნობილი უცხოელი დიზინერების ჩათვლით. კვირეულს ლაშა ჯოხაძის ჩვენება გახსნის, ქეთი ჩხიკვაძე კი, დახურვის საღამოზე წარმოადგენს საკუთარ კოლექციას. აღსანიშნავია, რომ ისევ ეკოპროექტის ფარგლებში წელს უარი ვთქვით მოსაწვევების დაბეჭვდაზე და სტუმრებიც მხოლოდ სოციალური ქსელთ მოვიწვიეთ. თუმცა, ჩვენი კვირეული ისე კარგად გაიცნო არა მხოლოდ ქართულმა, არამედ უცხოურმა მოდის სამყარომ რომ პრაქტიკულად მოწვევაც აღარავის სჭირდება. სხვათაშორის, წლების წინ, ბევრი ჟურნალისტი ჩვენს წერილს საერთოდ არ პასუხობდა, ახალ კი, თვითონაც გვსტუმრობს და მეგობრები – მოდის ინდუსტრიის ავტორიტეტული წარმომადგენლებიც ჩამოჰყავს, რომლებიც ქართული კულტურით, ტრადიციებით მოხიბლული, ჩვენს ღონისძიებასაც ყოველთვის აქტიურად აშუქებენ. აქვე ავღნიშნავ, რომ Style Icon – სპეციალური საღამო, რომელიც ტრადიციულად ცნობილი ქართველი ქალბატონების პატივსაცემად ეწყობა, წელს ქალბატონ ბელა მირიანაშვილს მიეძღვნება.

– ქეთი, კოლექციაზე მუშაობისას რა იქცა შთაგონების მთავარ წყაროდ?

– გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციაში, რომელსაც კვირეულის დახურვაზე წარმოვადგენ, აქსესუარებს ძირითადად გულის ფორმა აქვთ. შესაბამისად, შთაგონების წყაროდაც სიყვარული, არა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს, არამედ მშობლის, მეგობრის ან თუნდაც ბუნების სიყვარული იქცა, რომელიც წელს ჩვენი კვირეულის მთავარი თემაცაა. მართალია, ცოტას ვღელავ, რადგან დახურვის საღამო, რომელსაც უამრავი მოდის მოყვარული ელის, მართლაც ძალიან საპასუხისმგებლოა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სრულად გადმოვცემ ის სიყვარულს, რომლითაც კოლექციაზე ვმუშაობდი და ზოგადად ჩემი პროფესიის მიმართ მაქვს.

– როგორ ემზადებით ჩვენებისთვის?

– სამზადისში აქტიურად ვარ ჩაბმული. მეგობართან, ავთანდილთან ერთად მოდელებს ვარჩევ, ვისაც ჩემს სამოსს მოვარგებ. ამასთანავე, საფრანგეთიდან სტუმარს – ცნობილ ჟურნალისტს ველი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენებაში, რადგან სწორედ ისაა კონცეფციის ავტორი. მაქსიმალურად ვცდილობთ, წლევანდელი წარმოდგენა, არაფრით ჩამორჩეს ზამთრის კოლექციის ჩვენებას, რომელიც მეტად ეფექტური აღმოჩნდა და დიდი მოწონება დაიმსახურა.

– ანი, წელს უამრავი ახალბედა მოდელი მონაწილეობს კვირეულში?

– რა თქმა უნდა, რადგან ჩვენ ყველა ახალბედას ვაძლევთ კვირეულში მონაწილეობის შესაძლებლობას.

– ქეთი, თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენებაში ახალი მოდელების მონაწილეობა?

– ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ მიიღებს მონაწილეობას. რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ გამოცდილ, პროფესიონალ მოდელებს, თუმცა ჩემთვის ბევრად მნიშვნელოვანია მომეწონოს გოგონას გარეგნობა, რომელსაც ზუსტად მოვარგებ ჩემს სამოსს.

– სად გაიმართება ჩვენება?

– ჩვენი გასვლითი ჩვენება ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში მოეწყობა, თუმცა შეზღუდული იქნება ფართო საზოგადოებისთვის, რადგან მხოლოდ მოწვეულ სტუმრებს ვუმასპინძლებთ.

– ანა, რამდენადაც ვიცი, შოურუმების სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია?

– შოურუმების მოწყობისას, მეტწილად იმ დიზაინერებს ვარჩევთ, ვისაც არ აქვს საკუთარი ჩვენების მოწყობის საშუალება და პუბლიკაც ნაკლებად იცნობს, თუმცა ჩვენს კვირეულში მონაწილეობის შემდეგ სწრაფად იძენს პოპულარობას, რაც პირველ რიგში სწორედ იმ მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებაა, ვინც ინტენსიურად სტუმრობს მათ შოიურუმებს. ასე რომ, წელსაც ყველას ვეპატიჟებით ღვინის უბანში, ყოველდღე 12-დან 22 საათამდე.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

17 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები