LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გახსნის თბილისის საიუბილეო „ჯაზ-ფესტივალს”

8

31 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს „ისთერნ ფრომოუშნის“ დირექტორი გიორგი კერესელიძე სტუმრობდა, რომელმაც 2-5 ნოემბერს დაგეგმილ თბილისის ჯაზ-ფესტივალზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, როგორ დაარსდა ფესტივალი?

– თბილისის ჯაზ-ფესტივალი 20 წლის წინ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქაში დაარსდა და პირველად 1978 წელს გაიმართა, 1989-ში კი, პირველი საერთაშორისო ფესტივალი მოეწყო, ამერიკელ მუსიკოსებს ვუმასპინძლეთ და უამრავი სირთულის მიუხედავად, მაინც ნამდვილი დღესასწაული მოვაწყვეთ.

– მრავალწლიანი ისტორიის მანძილზე ფესტივალს უამრავი სტუმარი ჰყავდა, განსაკუთრებით ვის გამოარჩევდით?

– ჩამოთვლა ძალიან გამიჭირდება, რადგან უამრავი ბრწყინვალე მუსიკოსი სტუმრობდა როგორც თბილისის, ისე ბათუმის ჯაზ-ფესტივალს. ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნო ჰერბი ჰენკოკის, ჩიკ ორეას, ჯონ მაკლაფინის და ჯო ზავინულის ჩამოსვლა იყო.

– გყავთ თუ არა ერთგული მსმენელი, ვინც 20 წლის მანძილზე არასდროს გღალატობთ?

– რა თქმა უნდა, უამარვი ერთგული მსმენელი გვყავს, რომელთაც ძალიან ვაფასებთ და ყოველთვის ინტენსიურად ვურთიერთობთ მათთან.

– რამდენადაც ვიცი, კიდევ ერთი, ამჯერად კახეთის ჯაზ-ფესტივალს ჩაუყარეთ საფუძველი.  სხვა რეგიონებშიც ხომ არა აპირებთ გაფართოვებას?

– ბათუმის ფესტივალი ერთგვარი ბიძგი აღმოჩნდა, რათა მსგავსი ღონისძიება  სხვა რეგიონებშიც მოგვეწყო. კახეთის ფესტივალი, რომელსაც „Jazz and Wine“ დავარქვით, წელს პირველად გაიმართა, თუმცა აუცილებლად იქცევა ტრადიციად. საზღვარგარეთ უამრავი მსგავსი პროექტი არსებობს, რადგან დიდი ხანია ცნობილია, რომ ღვინო და ჯაზი „საუკეთესო მეგობრები“ არიან. ძალიან სახალისო ორი დღე გვქონდა კახეთში, ლოპოტას ტერიტორიაზე, რადგან მუსიკალური პროგრამის გარდა, უამრავი ღვინოსთან დაკავშირებული ღონისძიება მოეწყო, რა თქმა უნდა მუსიკის თანხლებით.

– წელს ვინ იქნება საიუბილეო ფესტივალის სტუმარი?

– 2 ნოემბერს ფესტივალს ამერიკული ჯგუფი Tower of Power გახსნის, 4 ნოემბერს ლეგენდარული ჯო ლოვანო წარსდგება მსმენელის წინაშე კვარტეტთან ერთად, 5 ნოემბერს – პირველ განყოფილებაში პაპუნა შარიქაძე და ედი გომესი გამოვლენ სცენაზე, ფესტივალს კი, ბექა გოჩიაშვილი და სტენლი კლარკი დახურავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები