წარმატება დაუღალავი შრომით მიიღწევა, თუმცა იღბალიც აუცილებელია

წარმატება დაუღალავი შრომით მიიღწევა, თუმცა იღბალიც აუცილებელია

11 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდოს პირველი ქართველი მფლობელი, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი, ქალბატონი ირმა დაუშვილი სტუმრობდა.

– ქალბატონო ირმა, თქვენი კომპანია 20 წელზე მეტია არსებობს. საინტერესოა, რა გეხმარებათ მუდმივ განვითარებასა და წარმატების შენარჩუნებაში?

– წარმატებას პირველ რიგში გუნდი განაპირობებს, რომელიც დაუღალავად შრომობს, ჩვენ კი, მაქსიმალურად ვცდილობთ მათ მოტივირებას. მართალია, ეტაპობრივად, მაგრამ საბოლოოდ მაინც შევძელით ძლიერი და ერთიანი გუნდის შექმნა, რომელიც ისევეა განწყობილი წარმატებისთვის, როგორც კომპანიის დამფუძნებლები. ასე რომ, ვფიქრობ წარმატების მისაღწევად და მის შესანარჩუნებლად მთავარი პროფესიონალი და სანდო ადამაინების მხარდაჭერაა.

– როგორ იქმნება კომპანიაშია სიახლე, გუნდური თუ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით?

– რა თქმა უნდა, გარკვეულ სიტუაციაში პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაა საჭიროა, თუმცა სიახლეებზე ყოველთვის ერთად ვმუშაობთ და ინოვაციურ იდეებს მომხმარებლისგანაც სიამოვნებით ვიღებთ, რადგან კარგად გვესმის, რომ სიახლის გარეშე, კომპანია არც მომხმარებლისთვის იქნება საინტერესო, არც ჩვენთვის.

– როგორია კომპანიის მიდგომა ინკლუზიური სამუშაო გარემოს მიმართ?

– ვფიქრობ, წარმატებულ კომპანიას უფლება არ აქვს თვალი დახუჭოს რეალობაზე და მიმდინარე მოვლენებზე, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს კი, განსაკუთრებით სჭირდებათ თანადგომა. ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ ამ საკითხზე და ხშირად ვასაქმებდით უნარშეზღუდულ ადამიანებს ჩვენს პიარ-ღონისძიებებში, წელს კი, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეწყობით ახალგაზრდა კაცი, სახელად ალექსი დავასაქმეთ, რომელსაც მართალია ფეხის პრობლემა აქვს, მაგრამ ეს სულაც არ უშლის ხელს სრულფასოვან საქმიანობაში და სხვათაშორის, ზოგჯერ გაცილებით უკეთ მუშაობს, ვიდრე გამოცდილი თანამშრომლები.

– წელს კომპანიამ სამი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. რამდენად შეეჩვიეთ გამარჯვებას, თუ ყოველი ახალი წარმატება ახალი მიზნისკენ სწრაფვაა?

– რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოტივაცია კონკურსებში გამარჯვებაა, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ სასურველი შედეგი მხოლოდ დაუღალავი შრომით მიიღწევა. სიმართლე ვთქვა, მოულოდნელი იყო ერთ წელს სამი პრესტიჟული ჯილდოს მიღება, თუმცა ძალიან გვახარებს და განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რადგან უფლება აღარ გვაქვს შევჩერდეთ მიღწეულზე.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს წარმატებულ საქმიან ქალს?

– ვფიქრობ, მთავარი დროის სწორად განაწილების, სწრაფად მობილიზების და ცვლილებებს  მორგების უნარია, რადგან გარემო ძალიან სწრაფად იცვლება და ხშირად საკმაოდ რთულია თავად მართო სიტუაცია და არ მოექცე მისი გავლენის ქვეშ.

– როგორ უნდა გაანაწილოს ქალმა დრო ისე, რომ არც სამუშაოს მიადგეს ზარალი, საკუთარი თავისთვის მოიცალოს და ოჯახისთვისაც?

– ვფიქრობ, წარმატებული ქალი ყოველთვის შესაბამისად უნდა გამოიყურებოდეს, ჰქონდეს სტილი, კმაყოფილი იყოს საკუთარი თავით, გარეგნობით და ყოველთვის იცავდეს ბალანსს ოჯახსა და სამსახურს შორის, რაც საკმაოდ რთულია, რადგან ერთდროულად უნდა იყოს კარგი დედაც, მეუღლეც და თავისი საქმის პროფესიონალიც.

– როდის ხართ ყველაზე მკაცრი?

– ნამდვილად არ მაქვს კომპანიის ან ოჯახის მკაცრად მართვის სურვილი, რადგან ყოველთვის მეგობრობა და საერთო ენის გამოძებნა მირჩევნია, სიმკაცრეს კი, მხოლოდ უპასუხისმგებლობის შემთხვევაში ვიჩენ ან როცა ვგრძნობ, რომ ადამიანი იტყუება.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– მთავარია, გადაწყვეტილება საღი გონებით იყოს მიღებული და არა ემოციებით.

 

ბლიცკითხვები:

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენთან ყოფნა.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– დილა ყოველთვის ქაოტურია, რადგან ორი მცირეწლოვანი შვილი სკოლაში მყავს გასამგზავრებელი.

– უმნიშვნელოვანესი საქმე, რომელსაც ყოველდღე აკეთებთ?

– დღის განრიგს ვადგენ.

– სად ისვენებთ სიამოვნებით?

– სახლში ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ვფიქრობ, წარმატება დაუღალავი შრომით მიიღწევა, თუმცა იღბალიც აუცილებელია.

13 დეკემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები