„წარმატება იწყება აქ!“, რადგან სასახლემ მართლაც უამრავი ცნობილი და წარმატებული ადამიანი აღზარდა – თიკა რუხაძე

„წარმატება იწყება აქ!“, რადგან სასახლემ მართლაც უამრავი ცნობილი და წარმატებული ადამიანი აღზარდა – თიკა რუხაძე

გადაცემის ლაივი LIVE

24 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის ახალი სეზონის პირველ „წარმატების ფორმულას“ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე სტუმრობდა.

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრის წოდებით დასრულების შემდეგ, მდიდარი სამუშაო გამოცდილება თიკამ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის „TBC TV”-ში გენერალური პროდიუსერის, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში გენერალური დირექტორის და საქართველოს ტელევიზიის აპარატის უფროსის პოსტებზე შეიძინა, ორი წლის წინ კი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობა ჩაიბარა.

– თიკა, ბოლო ორი წელია მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე მუდმივი სიახლეებით გვანებივრებს. საინტერესოა, ამჯერად რას შემოგვთავაზებთ?

– სიახლე მართლაც ბევრია. შევიმუშავეთ ფინანსურ-სოციალური განათლების პროექტი, რომელიც ლიდერთა სკოლის ინტერკლუბის ერთგვარი განახლებული ვერსიაა და მოზარდებისთვის ცხოვრების სწორად დაგეგმვის სწავლებას გულისხმობს. ვფიქრობ, დღეს განსაკუთრებით გვჭირდება ახალგაზრდა ლიდერები, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის წარმატება. გარდა ამისა, წელს პირველად მოვემსახურებით აბიტურიენტებს, რომელთაც პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დავეხმარებით, რადგან  ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიის სწორად შერჩევა და საკუთარი თავის ამ პროფესიაში პოვნა. სხვათაშორის, აქამდე ჩვენი სასახლე მხოლოდ 6-დან 18 წლამდე მოზარდებს ღებულობდა, ახლა კი, ასაკი 27 წლამდე გავზარდეთ და უამრავი საინტერესო პროექტიც დავგეგმეთ საერთაშორისო და ტურიზმის კლუბების, მუსიკალურ-ქორეოგრაფიული, მედიასკოლის და ასტრონომიის კლასის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი სასახლე ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელსაც საკუთარი პლანეტარიუმი და ორი არაჩვეულებრივი ტელესკოპი აქვს. ამასთანავე, გვაქვს მუზეუმი, რომელიც სამშაბათიდან კვირის ჩათვლით მუშაობს და ჩვენი ქვეყნის, ქალაქის და სასახლის ისტორიის გაცნობას მოზარდებთან ერთად უცხოელ ტურისტებსაც სთავაზობს. რა თქმა უნდა, პროექტების მრავალფეროვნება აუცილებელია, თუმცა ვფიქრობ, მთავარი მაინც ჩვენი მიდგომა, პროფესიონალიზმია და სწავლების იმ მეთოდიკის შერჩევაა, რომელიც სწორედ აღზრდის მომავალ თაობას, არ დააზიანებს ბავშვების მეტად ფაქიზ ფსიქიკას და არ შეზღუდავს მათ მდიდარ შინაგან სამყაროს, არანაკლებ  მნიშვნელოვანია უფროსების მობილიზიციაც, რათა მოზარდებს არასდროს მობეზრდეთ ჩვენთან ურთიერთობა.

ჩემი მთავარი მიზანი სწორედ თანამედროვე პედაგიგიური მეთოდიკის შემუშავება და გამართული ინფრასტრუქტურის შექმნაა, რათა ერთის მხრივ, ჩვენს სასახლეს – განათლების ყველაზე დიდ ცენტრს შევუნარჩუნოთ კულტურული ძეგლის და ისტორიული მნიშვნელობის სტატუსი, მეორეს მხრივ კი, ყველა რესურსი გამოვიყენოთ მომავალი თაობის სრულფასოვნი აღზრდისთვის. სხვათაშორის, ჩვენი სლოგანია „წარმატება იწყება აქ!“ რადგან სასახლემ მართლაც უამრავი ცნობილი და წარმატებული ადამიანი აღზარდა.

– ახალი მედია-პროექტების განხორციელებას ხომ არ გეგმავთ?

– ზოგადად, ძალიან მიყვარს მედია. მართალია, ჟურნალისტი არ ვარ, მაგრამ მედია-მენეჯმენტში მრავალწლიანი მუშაობის დროს მართლაც უზარმაზარი გამოცდილება შევიძინე. უამრავი გადაცემა მოვამზადე, რომელთა შორის ერთ-ერთი „ჭორ-ნიუსი“ იყო. გადაცემა 1990-იანი წლების დასაწყიში გადიოდა ეთერში, მე კი, პროდიუსერი ვიყავი, რაც იმ პერიოდში საკმაოდ ახალი, უცხო პროფესია იყო და ბევრს წარმოდგენაც არ ჰქონდა რა შედიოდა მის ფუნქციებში. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოებას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, აუცილებლად უნდა ჰყავდეს ძლიერი მედია, რომელიც განათლების მსგავსად ყოველთვის ავანგარდში იქნება და ერთი ნაბიჯით გაუსწრებს საზოგადოებას. სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიების პირობებში ძალიან მარტვია მსოფლიოს ყურადღების მიპყრობა და პროგრესს არც ჩვენ უნდა ჩამოვრჩეთ. სასახლის მედიასკოლა ახლო მომავალში ტექნიკურ უნივერსიტეტთან გეგმავს შეთანხმების გაფორმებას, რომელსაც ძალიან კარგი ბაზა აქვს და იმედი მაქვს, ჩვენს ბავშვებთანაც ბევრი კარგი სპეციალისტი იმუშავებს. ჩემი აზრით, ჟურნალისტიკაში ადამიანები სხვადსახვა პროფესიიდან უნდა მიდიოდნენ, რადგან ის, ვინც საკუთარ სფეროში ერკვევა კარგად,  ჟურნალისტიკაშიც ბევრად მეტის მიაღწევას შეძლებს.

– რატომ აირჩიეთ მუსიკათმცოდნეს პროფესია?

– მუსიკა ბავშვობიდან მიყვარს. ბებია არაჩვეულებრივად მღეროდა, დედა კი, მუსიკას ასწავლიდა და სწორედ მათი წყალობით ავირჩიე პროფესია. სხვათაშორის, პიანისტის დიპლომი მაქვს და საკმაოდ კარგად ვუკრავ, თუმცა საბოლოოდ მაინც მუსიკათმცოდნეოაბაში გადავწყვიტე საკუთარი თავის მოსინჯვა. კონსერვატორიაში სწავლისას სტუდენტურ ორკესტრს ვხელმძღვანელობდი, მერე კულტურის სამინისტროში გადავინაცვლე, მოგვიანებით კი, მედიაში ვმუშაობდი პროდიუსერად და საქმიანობის ყველა სფეროში შევძელი მუსიკის მენეჯერის ფუნქციებთან შეთავსებას.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– რა თქმა უნდა, სამოსს თავისი ფუნქცია აქვს და ეტიკეტის დაცვაც საჭიროა. ჩემთვის საქმიანი სტილია მისაღები და ძალიან კომფორულად ვგრძნობ თავს პიჯაკში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, მთავარი კომფორტის შეგრძნებაა, ამიტომ უპირატესობას ყოველთვის მოხერხებულ სამოსს ვანიჭებ.

– გაქვთ თუ არა საყვარელი აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– მართალია, თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია ტელეფონის გარეშე, მაგრამ მე ჩემი ბროშების გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

– ეტიკეტის არცოდნის გამო ხომ არ შეგქმიან დისკომფორტი უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობისას?

– უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა და ღონისძიება მომიწყვია როგორც საზღვარგარეთ, ისე საქართველოში, თუმცა უხერხულობა ნამდვილად არასდროს შემქმნია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად. თუმცა, არასდროს მიჭირს საკუთარი შეცდომის აღიარება, თუ ვინმე არგუნენტირებულ ოპონირებას გამიწევს.

ბლიც-კითხვები:

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ჩვენს მედიასკოლაზე, რომელიც დარწმუნებული ვარ წარმატებული იქნება და ბავშვების შექმნილ პროდუქტსაც უამრავი მაყურებელი ეყოლება.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ძალიან მიყვარს ბროშების შეგროვება.

– ორ ცნობილ პროექტს „მელოდიის ღამე“ და „უფრო დიდი საქართველო“ შორის, რომელს ანიჭებთ უპირატესობას?

– მართალია, „მელოდიის ღამე“ პოპ-პროექტი იყო, რომელიც წლების მანძილზე სარგებლობდა წარმატებით, მაგრამ მე „უფრო დიდი საქართველოს“ ვანიჭებ უპირატესობას, რომელიც მართლაც უდიდეს ადამიანებს მიეძღვნა.

– სად ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– მეგობრების წრეში, რადგან მართლაც არაჩვეულებრივი მეგობრები მყავს და სწორედ მათთან ვისვენებ ყველაზე კარგად.

– ხართ თუ არა გატაცებული სპორტით?

– სამწუხაროდ ჯანსაღი ცხოვრების წესს ნაკლებად მივსდევ, თუმცა ვცდილობ ბევრი ვიარო ფეხით.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვიებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემს ცხოვრებაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, ვისგანაც ცოდნის და გამოცდილების შეძენას შევძლებდი. დღესაც ბევრს ვსწავლობ ბავშვებისგან, რადგან მართლაც არაჩვეულებრივი თაობა გვეზრდება, ძალიან თამამი, შეუზღუდავი და ფსევდოღირებულებებისგან თავისუფალი ახალგაზრდები არიან.  ვფიქრობ, წარმატების მიღწევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა საკუთარ თავს მიაგნებ კონკრეტულ სფეროში და ყოველთვის სიყვარულით გააკეთებ შენს საქმეს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობა და მუდმივად თვითგანვითარებაზე ზრუნვა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

25 სექტემბერი, 2018

სხვა ჩანაწერები