LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წარმატების მისაღწევად მთავარია საკუთარი სურვილების ზუსტად ჩამოყალიბება

8

8 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ახალდაარსებული კომპანიის „ქვიქ ტესტი“ მარკეტინგის მენეჯერი გიორგი დარბაიძე სტუმრობდა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, 11-წლიანი გამოცდილება გიორგიმ გაყიდვების და მარკეტინგის სფეროში შეიძინა, სულ ცოტა ხნის წინ კი, კომპანიის „ქვიქ ტესტი“ მარკეტინგის მენეჯერი გახდა.

– გიორგი, რა საქმიანობას ითვალისწინებს კომპანია „ქვიქ ტესტი“?

– „ქვიქ ტესტი“ – ამ ეტაპზე საქართველოში არსებულ კომპანიებს შორის ავტომობილების ინსპექტირების ყველაზე მსხვილი ცენტრია თავისი ფილიალებით თბილისში და რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. გვაქვს ავტომობილების ინსპექტირების 17 ხაზი, ანუ ყველა ქალაქში ტესტირების მინიმუმ 4 ხაზია, რაც მომხმარებლის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების, სწრფად და ხარისხიანად მომსახურების საშუალებას იძლევა. ჩვენთან ავტომობილის ინსპექტირებას მხოლოდ 15-20 წუთი სჭირდება, საიტის გამოყენებით კი, ნებისმიერ მსურველს შეუძლია რეგისტრაციის გავლა და ვიზიტის წინასწარ დაგეგმვა.

– რამდენად აქტიურია მომხმარებელი?

– იურიდიული პირებისთვის და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ინსპექტირება 1 ივლისიდან გახდა სავალდებულო, 1 ოქტომბრიდან – 3000 კბ/სმ-ზე მეტი ძრავის ავტომობილების ტესტირება დაიწყო და მომხმარებელიც გააქტიურდა, 1 იანვრიდან კი, ყველა ავტომობილს მოუწევს ინსპექტირება რეგისტრაციის თარიღის მიხედვით.

– საინტერესოა, როგორ მიიღეს ავტომფლობელებმა ამგვარი სიახლე?

– ზოგადად, ქართულ საზოგადოებას ძალიან უჭირს სიახლის მიღება. ბევრ მძღოლს ღვედის გაკეთებაც არ სურდა, თუმცა ამგვარი წესის უგულველყოფით მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენა ზიანი. ვფიქრობ, საზოგადოება ნელ-ნელა აცნობიერებს, რომ ავტომობილის პერიოდული ინსპექტირება აუცილებელია, რადგან მხოლოდ ასე შევძლებთ გარემოზე, ეკოლოგიასა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვას.

– რა არის თქვენი კომპანიის მთავარი მიზანი?

– სწრაფად მზარდ და განვითარებად ქალაქში ავტომობილებიც სწრაფად მომრავლდა, რამაც ჰაერის მკვეთრი დაბინძურება გამოიწვია. ჩვენი მიზანი გარემოზე ზრუნვა, საზოგადოებისთვის ამ სფეროში ზოგადი ინფორმაციის მიწოდებაა და საუკეთესო მომსახურეობის შეთავაზებაა.

– როგორ ზრუნავს თქვენი კომპანია გარემოზე?

– ჩვენ CO-ს შემადგენლობას ვამოწმებთ. ბენზინზე მომუშავე ავტომობილის შემთხვევაში CO-ს დაშვებული ნორმა 0,8-ს შეადგენს, რაც ორი წლის მანძილზე შენარჩუნდება, 2020-წლიდან კი, სავალდებულო გახდება ე.წ. კატალიზატარი და CO-ს ნორმებიც გამკაცრდება.

– რამდენად რთულია პროფესიონალი კადრების მოძიება თქვენს სფეროში?

– არსებულ ვაკანსიებს რომ გადავხედოთ, ყველაზე დიდი მოთხოვნა მარკეტინგის მენეჯერზეა, რაც არა ვაკანსიის სიმრავლეზე, არამედ კვალიფიციური კადრების სიმცირეზე მიუთითებს. კომპანიებს ჰგონიათ, რომ ახალბედა სწრაფად შეძლებს სასურველი შედეგის მიღწევას, თუმცა ცოდნის და გამოცდილების სიმცირის გამო, მისი მუშაობა არასდროსაა დამაკმაყოფილებელი და მენეჯერებიც სისტემატურად იცვლებიან.

– ჩაცმის რა სტილს ანიჭებთ უპირატესობას საქმიან შეხვედრაზე?

– სიმართლე ვთქვა, სამოსს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას. ზოგადად, საქმიან შეხვედრაზე უშუალო ურთიერთობის მომხრე ვარ, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ სწრაფად დავმეგობრდე პარტნიორთან. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია თავად შეხვედრა და საბოლოო შედეგი,  ამიტომ პარტნიორის ფსიქოტიპს და მენეჯერული თვისებებს ვსწავლობ, ვინტერესდები მისი პუნქტუალურობით და ოპერატიულობით.

– რა შემთხვევაში აუქმებთ მოლაპარაკებს?

– როცა ვხედავ, რომ არ სრულდება შეთანხმების პირობები.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად. სხვათაშორის, კვლევები ადასტურებენ, რომ მეტწილად სწორედ სწრაფად მიღებული გადაწყვეტილებაა მართებული.

ბლიცშეკითხვები:

– თქვენი კომპანიის სლოგანი?

– „იზრუნე გარემოზე!“

– როგორ იწყება თქვენი დილა, ფინჯანი ყავით, თუ ნატურალური წვენით?

– დილა ფინჯანი ყავით იწყება.

– რა იწვევს თქვენს კმაყოფილებას?

– კარგად შესრულებული სამუშაო.

– რამდენად იყენებთ პროფესიულ უნარებს ცხოვრებაში?

– ვფიქრობ, მარკეტინგის კარგად ცოდნა არა მხოლოდ ყოველდრიურ ცხოვრებაშია სასარგებლო, არამედ ადამიანებთან ურთიერთობაშიც.

– როგორია თქვენი „წარმატების ფორმულა“?

– წარმატების მისაღწევად მთავარია საკუთარი სურვილების ზუსტად ჩამოყალიბება და მიზნის მიღწევის ყველაზე ოპტიმალური გზების მოძიება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ყოველთვის ენერგიულად მოქმედება და ადამიანებთან ინტენსიური კომუნიკაცია.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები