ყველაზე კარგი რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია

ყველაზე კარგი რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია

30 დეკემბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა” კომპანია ”დიოს” დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი სტუმრობდა.

1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების და ახალგაზრდულ ორგანიზაციაში მცირე გამოცდილების მიღების შემდეგ, ბატონმა თამაზმა პარტნიორებთან ერთად კომპანია ”დიო” დააფუძნა, რომელსაც უკვე თითქმის 20 წელია უდგას სათავეში.

– ბატონი თამაზ, როგორ ჩაეყარა საფუძველი კომპანია ”დიოს” და განვითარების რა გზა გაიარა, რამდენად რთული იყო 1990-იანი წლების ბოლოს ნოვაციის დანერგვა?

– იმ პერიოდში საქართველო იმ რთული ეკონომიკური კრზისიდან გამოდიოდა, რომელშიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმოჩნდა. ახალი დასრულებული იყო სამოქალაქო ომი, ნელ-ნელა მყარდებოდა წესრიგი და ადამიანებმა იმაზე დაიწყეს ფიქრი, თუ რითი ერჩინათ თავი. შესაბამისად, გაგვიჩნდა იდეა დაგვეწყო ფარდა-ჟალუზების მიწოდება, რაც აბსოლუტურად ახალი პროდუქტი იყო ჩვენს ქვეყანაში. მაქსიმალურად გამოვიყენეთ ჩვენი შესაძლებლობები – ცოდნა და გამოცდილება. მე ძალიან გამიმართლა, რადგან განათლება ბიზნესის სფეროში მქონდა მიღებული, ამიტომ მთელი ჩემი ცოდნა კომპანიის განვითარებას მოვახმარე, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოგეპოვებინა მომხმარებლის ნდობა და პოპულარობა.

– როგორი ბიზნესგარემო იყო იმ პერიოდში საქართველოში?

– ძალიან რთული ბიზნესგარემო იყო. მოსახლეობას პრაქტიკულად არანაირი შემოსავალი არ ჰქონდა, ამიტომ ჩვენი პირველი დამკვეთებიც არა კერძო პირები, არამედ უცხოური ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოში მოქმედი საელჩოები იყვნენ.1331edd3-82a7-4b3b-9a28-ffc691aa49b1

– ასეთ მძიმე ფინანსურ პირობებში როგორ მოახერხეთ პოპულარობის მოპოვება?

– ჩვენი მთავარი მიზანი ბიზნესის განვითარება იყო. არ ვფლანგავდით შემოსავლებს და ვცდილობდით ყველაფერი ისევ კომპანიის განვითარებას მოხმარებოდა.

– რა ტემპით იზრდებოდა მომხმარებელთა რიცხვი?

– დაუწერელი კანონია, რომ ყველაზე კარგი რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია. იმ პერიოდში პრაქტიკულად არ იყო რეკლამის დამზადების ან განთავსების საშუალება, ამიტომ ვცდილობდით მაქსიმალურად ბევრი კმაყოფილი კლიენტი გვყოლოდა, რათა შემდეგ მათ გაევრცელებინათ ინფორმაცია თავის ახლობლებსა თუ ნაცნობებში. დაარსების დღიდან ჩვენთვის ამოსავალი წერტილი მომხმარებელთა დაკმაყოფილება იყო და დღემდე ასეა.

– როგორი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოსი?

– საინტერესო განვითარება ჰქონდა ბიზნესს საქართველოში. ჩემი აზრით, ნებისმიერი ცვლილება რაც განხორციელდა წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა, ყოველთვის არის გაუმჯობესების და კიდევ უფრო კარგის შექმნის შესაძლებლობა.

– რამდენი ადამიანია დღეს კომპანიაში დასაქმებული?

– კომპანია სამმა ადამიანმა დავაარსეთ, დღეს კი, თითქმის 110 ადამიანი მუშაობს ჩვენს კომპანიაში.

– შეცვლილი შრომის კოდექსის პირობებში, როგორ ვითარდება ურთიერთობა თქვენსა და თქვენს თანამშრომლებს შორის?

– ჩვენთვის ეს ცვლილებები არ იყო ახალი, რადგან კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანიაში მანამდეც ყველა პირობა იყო შექმნილი. გვქონდა კორპორატიული დაზღვევა და ყველა შეღავათი. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე, ასე რომ ამ კანონით ჩვენთვის ბევრი არაფერი შეცვლილა.

– რა გავლენა მოახდინა თქვენზე ლარის დევალვაციამ?

– რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ყველას შეეხო და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, რადგან შეუძლებელია ამგვარმა დევალვაციამ გავლენაა არ მოახდინოს ბიზნესზე. თუმცა, ჩვენ ისეთი პეროპეტიები გამოვიარეთ, არანაირი სირთულე აღარ გვაშინებს. მართალია შემოსავლები შემცირდა, არც ის მოგება გვაქვს, რასაც ვგეგმავდით და ისევ კომპანიის განვითარებაში ვაპირებდით ჩადებას, მაგრამ რა ვქნათ, რეალობა ასეთია და ჩვენც იძულებულები ვართ მოვერგოთ მას.

– როგორი ურთიერთობა აქვს ბიზნესს და ხელისუფლებას, რა დადებითი თვისებები ან რა ხარვეზებია თქვენს კომუნიკაციაში?

– ჩემი აზრით, ბიზნესთან კომუნიკაციაში არა მარტო ის კონკრეტული ორგანო უნდა იყოს ჩართული, რომელიც ბიზნესის საკითხებზე მუშაობს, არამედ ყველა, ვისაც რაიმე შეხება აქვს. ყველა თანამდებობის პირი ვალდებულია ემსახუროს მათ, ვისაც გადასახადების გადახდაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვს. ვფიქრობ, მთავარი სწორედ ესაა, თორემ ზოგადად ძალიან ბევრი საინტერესო პროექტს ახორციელებს მთავრობა და საკმაოდ დიდ ენერგიას ხარჯავს, რა თქმა უნდა, ამის წყალში გადაყრა არ შეიძლება, მაგრამ ამაზე არა ერთი და ორი ადამიანი უნდა მუშაობდეს, არამედ კომპლექსური პროცესი უნდა იყოს.

– თქვენი აზრით, რა პოტენციალი აქვს დღეს ბიზნესს, რომელ ბიზნესმიმართულებაში ხედავთ პოტენციალს?

– საქართველოში უნიკალური პირობებია ინვესტიციების დასაბანდებლად. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს ევროკავშირთან და აბრეშუმის გზის პროექტს, რომელშიც უმნიშვნელოვანესი ადგილი გვიჭირას, ასევე კარგ საგადასახადო და საბაჟო სისტემას, დაბალ ტარიფებს ელექტროენერგიაზე და კიდევ ბევრს სხვას, საქართველო ძალიან მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. ჩვენ კი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რათა ის კაპიტალი მივიზიდოთ, რომელიც ამერიკასა და ევროპაშია და დაბანდებას ელოდება. მართალია, ეს საკმაოდ რთული მისია, მაგრამ აუცილებლად შესრულებადი.

– რამდენად რთულია კონკურენციის პირობებში ლიდერის პოზიციის შენარჩუნება?

– მართალია, კონკურენცია ყოველდღიურად იზრდება, მაგრამ ეს კარგიცაა, რადგან ყოველთვის ფორმაში ყოფნისთვის კონკურენცია მთავარი მოტივაციაა. როგორც ადამიანს ჭირდება ვარჯიში სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, ზუსტად ისე ჭირდება კომპანიას მუდმივი ტრეინინგი, განვითარება და ინოვაციები.

 – როგორ უნდა გავართვათ თავი სირთულეებს?

– არცერთი დაძლეული პრობლემა არ უნდა დაივიწყო და გაკვეთილივით ჩაიწერო, რადგან ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოგადგება. ადამიანი როგორც წესი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს და ძალიან ცოტამ თუ შეძლო სხვისი შეცდომების გათვალისწინება.

 – საქმიან შეხვედრაზე რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას?

– ჩემთვის მთავარია იმ ადამიანის გულწრფელობა, რომელთანაც ურთიერთობა მაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორთან საერთო ენის გამონახვა, რადგან ამ შემთხვევაში წარმატების შანსიც ძალიან მაღალია.

– რა კრიტერიუმებით არჩევთ თანამშრომლებს?

– მთავარია ერთმანეთთან შევძლოთ მუშაობა. შეიძლება ძალიან კარგი პროფესიონალი იყოს, მაგრამ ვერ გავუგოთ ერთმანეთს და არ შედგეს ჩვენი თანამშრომლობა.

– ნელა ღებულობთ გადაწყვეტილებას თუ სწრაფად?

– ზოგჯერ ძალიან სწრაფად ვღებულობ და მერე ხშირად ვნანობ. თუმცა, მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას, რა თქმა უნდა საკმაოდ ბევრს ვფიქრობ.

ბლიცკითხვები:

 – კომპანია ”დიოს” სლოგანი?

– ”აირჩიე მუდამ დიო!”    

 – ფრაზა, რომელსაც დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– გმადლობთ.

– დღის მთავარი საქმიანობა, რის გარეშეც არ იწყებთ მუშაობას?

– ელექტრონული ფოსტის შემოწმება.

– მთავარი ბიზნესლიტერატურა თქვენს სამუშაო მაგიდაზე?

– გაყიდვების თემასთან დაკავშირებული ლიტერატურა.

– ხართ თუ არა კოლექციონერი და რისი კოლექცია გაქვთ?

– არასდროს მეგონა კოლექციონერი თუ გავხდებოდი. თუმცა, სუვენირებს ვაგროვებ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვმოგზაურობ და უკვე საკმაოდ ბევრი მაქვს.  

– თქვენთვის სამაგალითო ბიზნესმენი?

– სტივ ჯობსი.

– პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– რომელიმე წარმატებასთან დაკავშირებულ ფორმულას. მაგალითად კვადრატული განტოლების ამოხსნის ფორმულას.

დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, რა გირჩევნიათ – ბარი მეგობრებთან ერთად თუ აუზი და სპორტდარბაზი?

 

– აუზზე დილაობით დავდივარ, საღამოს გატარებას კი, ყოველთვის ოჯახთან ერთად ვცდილობ.

თამაზ დაუშვილის ”წარმატების ფორმულა” ? რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

–  პირველ რიგში უნდა იყოს გულწრფელი და პატიოსანი, უნდა ჰქონდეს ადამიანური ურთიერთობების დამყარების უნარი. გარდა ამისა, ყოველთვის პიროვნულ განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არასდროს შეჩერდეს მიღწეულზე.

 

 

აუდიო ჩანაწერი

 

5e60d941-6fbb-4d45-a3b4-1f7ae3493dfa

 

 

 

1 დეკემბერი, 2015

სხვა ჩანაწერები