LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაფხულის სეზონისთვის აუცილებელი ძირითადი რეკომენდაციები პედიატრ ნუგზარ უბერისგან

5

გადაცემას ”პულსი” თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ნუგზარ უბერი ესტუმრა. პედიატრმა „ფორტუნას“ ეთერში მშობლებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

ვინ არიან ბავშვები? პატარა დიდები თუ განსაკუთრებული ადმიანები, რომლებსაც განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ?

ჩემთვის პატივია თქვენთან ერთად სტუდიაში ყოფნა და პატივია მივმართო საზოგადოებას და ვესაუბრო იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აინტერესებთ. პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ ისინი არიან ყველაზე ახლობელი ადამიანები, რომელთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მთელი ქვეყანა ფეხზე დგას. სადღეგრძელო რომ არ გამომივიდეს, ცნობილია, რომ თავისი პატარა ყველას უყვარს. მაგრამ, მე მაინც მგონია, რომ ქართველს განსაკუთრებულად უყვარს საკუთარი შვილი. თუმცა, ხანდახან მათი შეხედულებები გადამეტებულია ხოლმე.

ძალიან დიდი სიყვარულის ფონზე, არის ბევრი შეცდომა – კვების, მოვლის, ქართული შეფუთვის, ზამთარში სასეირნოდ არ გაყვანის საკითხებში. ახსენეთ ქართული ფენომენი, რაში ვუშვებთ შეცდომებს?

ჩემი მრავალწლიანი გამოცდილების ანალიზის შედეგად, ვხედავ, რომ ქართული ოჯახის ფენომენი თავისებურებებით ხასიათდება. წარსულის ცოდნა, შეფასებები, რომლებიც ჩვენს ბებიებსა და ბაბუებს აქვთ, ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს ყოველთვის არ ადგებათ. ბებია-ბაბუის გავლენა ოჯახზე ეს კიდევ ცალკე თემაა და ეს იმდენად დიდია, რომ ხანდახან სამედიცინო საკითხებში განათლებული მშობლებიც კი ვერ აღუდგებიან წინ. ძალიან ხშირად, დედას უნდა სხვა, მაგრამ ვერ ეწინააღმდეგება უფროსს. პირადად მეც რეკომენდაციების გამეორება რამდენიმენაირად მიხდება ხოლმე. სანამ პატარა გაჩნდება, მიმაჩნია, რომ მშობლებმა მანამდე ბევრი რამ უნდა გაიაზრონ.

ამდენი წლის პრაქტიკა გაქვთ, რამდენად შეიცვალა სიტუაცია, თუნდაც პედიატრიული მიდგომები?

საინტერესო და რთული კითხვაა, თუმცა ამავე დროს მარტივი. თუნდაც, თითქოსდა მარტივი, შეუმჩნეველი ვაქცინაცია – მშობლები ძალიან მარტივად ამბობენ, რომ აცრეს პატარა, სინამდვილეში, ვერც კი იაზრებენ, რამდენად სერიოზული დაცვა შეუქმნა სახელმწიფომ სრულიად უსასყიდლოდ ბავშვებს. დღეისათვის საქართველოში მაღალი ხარისხის ვაქცინა შემოდის. რამდენიმე წელია უფასოა ე.წ. პნევმო ვაქცინა. ეს არის ფილტვების ანთების საწინააღმდეგო აცრა. ძალიან ბევრმა მშობელმა ვერ გაითავისა, თუ რა სერიოზული საქმე გაკეთდა ვაქცინაციის კუთხით საქართველოში. წლამდე აცრილი ბავშვი 60-80%-ით ნაკლებად იავადებს ფილტვების ანთებით. ალბათ, ხშირად გაგიგიათ, რომ ფილტვების ანთების გამო ბავშვი წევს საავადმყოფოში… ეს არის სასუნთქი სისტემის უხშირესი პათოლოგია.

რამდენად შეუწყო ხელი საყოველთაო ჯანდაცვამ ბავშვების ავადობის შემცირებას და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას?

ეს არის უდიდესი სიკეთე, რომელიც ქვეყანამ ჩვენი პატარებისთვის შექმნა. 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი კლინიკა თავაზობს პაციენტს გადაუდებელ დახმარებას, ყოველგვარი თანხის გარეშე, შესაბამისი კვლევებით. ყველა ქვეყნისთვის პრიორიტეტია საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა. ვაქცინაცია და სუფთა წყალი მთელ მსოფლიოში ერთადერთი გამართლებული სამედიცინო ინვესტიციაა. საქართველოში ბავშვები 12 ინფექციაზე იცრებიან. მაგალითად, პატარები იცრებიან ე.წ. როტა ვირუსზე. ეს არის ავბედითი ვირუსი, რომელიც 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ფაღარათით მიმდინარე დაავადების გამომწვევია. ხშირად გაგიგონიათ სიტყვა ენტეროვირუსი. ის არასოდეს იწვევს ფაღარათს, ”ენტერონ” არის ნაწლავი და ამიტომაც ამბობენ ექიმები ასე. ახლა ეს ტერმინი აცრის გამო შეიცვალა და მშობლებიც და ექიმებიც ამბობენ, რომ პატარას ჰქონდა როტა ვირუსული ინფექცია.

ზაფხულის სეზონისათვის რამდენიმე ძირითადი რეკომენდაცია მოგვეცით…

საკვები პატარებისთვის უნდა იყოს ერთჯერადად მომზადებული. თუ ეეჭვება მშობელს წყლის ხარისხი, უმჯობესია იყოს გადადუღებული, რადგან წყლით ბევრი ინფექცია გადადის. ხშირად უცხოეთში ყოფნისას ქართველი დამსვენებლებისთვის აღმომიჩენია დახმარება და სულ გაკვირვებული ვარ, რატომ აჭმევენ ბავშვებს ისეთ საკვებს მაინცდამაინც სხვა ქვეყანაში, რომელიც საქართველოში არც გაუსინჯავს. ეგზოტიკურმა საკვებმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდირებული უცხო საკვების მიღება.

სად სჯობს დავასვენოთ პატარები?

ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ექიმთან უნდა იყოს კონსულტირებული. წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გადაადგილება, თუ არ არის აუცილებლობა, არ არის სასურველი, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ექიმთან კონსულტაცია საუკეთესო გადაწყვეტილებაა: დასვენების ადგილის არჩევა, რა წამალი წაიღოს მშობელმა, რომ არ ჩამწარდეს დასვენება… ეს საკითხები უმჯობესია წინასწარ შეთანხმდეს.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები