LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ავალიანი: მაქსიმალურად ვცდილობთ ტუბერკულოზთან ბრძოლა ეფექტური და შედეგიანი გავხადოთ

14

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

19 მაისს რადიო “ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ზაზა ავალიანი სტუმრობდა.

– ბატონო ზაზა, ტუბერკულოზი უძველესი დაავადებაა, რომელის შესახებ ყველაფერი ვიცით და თითქოს დავამარცხეთ კიდეც, თუმცა მაინც გამუდმებით გვახსენებს თავს ახალი და ბევრად რთული ფორმებით. საინტერესოა, ტუბერკულოზთან ბრძოლის რა საშუალებები აქვს ზოგადად მსოფლიო მედიცინას და კონკრეტულად თქვენს ცენტრს?

– “რეზისტენტობა მოდის!” – სწორედ ეს იყო ბოლო დიდი ფორუმის ლეიტმოტივი, რომელიც მსოფლიოს ავტორიტეტული ორგანიზაციების ხელშეწყობით ჩატარდა და მსოფლიო ჯანდაცვის ყველაზე სერიოზულ გამოწვევას – ტუბერკულოზს მიეძღვნა. ზოგადად რეზისტენტობა დიდი ხანია მედიცინის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ითვლება, თუმცა ტუბერკულოზთან მიმართებაში შედარებით ახალია. 1944 წელს, როცა ვაქსმანმა პირველი ანტიტუბერკულოზული ხელოვნური ანტიბიოტიკის  სინთეზირება მოახერხა, მკურნალობის ეფექტურ შედეგს რამდენიმე საათი წყვეტდა, დღეს კი, ანალოგიური პრეპარატებით მკურნალობა საერთოდ წარმოუდგენელია და მეტწილად ოთხი უმძლავრესი ანტიბიოტიკის კომბინაცია გამოიყენება – ე.წ. პირველი რიგის, მეორე რიგის და ის ახალი მედიკამენტი, რომელიც ბოლოს გამოჩნდა. რეზისტენტობამ იმდენად ცუდი ფონი შექმნა ტუბერლულოზის მკურნალობის თვალსაზრისით, რომ მედიცინა იძულებული გახდა ახალი პრეპარატის გამოგონებაზე ეზრუნა და მხოლოდ 40-წლიანი მუშაობის შემდეგ შეიქმნა უშუალოდ ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი “ბედაქილინი” – ახალი თაობის მედიკამენტი, რომელიც პირველ რიგში მზრუნველობითი თერაპიის ფარგლებში მოქმედ პრეპარატად დამკვიდრდა, თუმცა იმდენად ეფექტური აღმოჩნდა, რომ მალე რუტინულ თერაპიაში გადაინაცვლა. დელამანიდი, ინეზოლიდი –  პრეპარატების ის ჯგუფია, რომლებიც უმძიმეს შემთხვევებშიც კი ძალიან კარგ შედეგს იძლევა, თუმცა ეს პანაცეა არაა, რადგან თავისუფლად შეიძლება, ტუბერკულოზის მიკობაქტერიამ ამ მედიკამენტების მიმართაც გამომუშავოს იმუნიტეტი. ტუბერკულოზი მართლაც უძველესი დაავადებაა, კაცობრიობის ასაკის და შეიძლება უფრო “ხანდაზმულიც”, რადგან ძალიან ბევრ ბიოლოგიურ ორგანიზმშია აღმოჩენილი. შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ სწრაფად შევძლებთ მის დამარცხებას, მითუმეტეს რომ, ბოლო პერიოდში დაავადებამ შეგუების საოცარი უნარი გამოიმუშავა.

– ეპიდემიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით, რა მდგომარეობაა მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის გავრცელების თვალსაზრისით მსოფლიოში და როგორია რეალობა საქართველოში?

– სამწუხაროდ, ფონი ძალიან მძიმეა. 2016 წლამდე საქართველო მე-10 ადგილზე იყო მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნების რეგისტრში. ამავე მონაცემებით, 2016 წელს ტუბერკულოზის 3 311 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთა შორის 2 452 ახალი შემთხვევა იყო, 859 – კი მკურნალობა გავლილი პაციენტი, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის ფორმითაა დაავადებული, რისი მთავარი მიზეზიც დაუსრულებელი მკურნალობა ან დაგვიანებული დიაგნოსტიკა, არასწორი მართვა ან არასწორი რეჟიმი ანუ ცხოვრების წესია. უამრავი მიზეზი შეიძლბა არსებობდეს, მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ჩვენს ახლადაშენებულ ბავშვთა ცენტრში, 13 წლის მოზარდი მოვათავსეთ ტოტალური რეზისტენტობით, რაც ძალიან მძიმე და სხვათაშორის, იშვიათი შემთხვევაა.

– როგორ ებრძვის ტუბერკულოზს მსოფლიო მედიცინა და კონკრეტულად ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი. რა შესაძლებლობები გაქვთ და რამდენად ეფექტურია მათი გამოყენება. რამდენადაც ვიცი, ქართველმა ფტიზიატრებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს ამ სფეროში?

– ჩვენ სამყაროს ნაწილი ვართ, ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო იქნება საერთო სტატისტიკა. საწუხაროდ, მსოფლიოში ყოელწლიურად 470 ათასზე მეტი, ანუ თითქმის ნახევარ მილიონი მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის შემთხევა ფიქსირდება, ერთიანობაში კი, 60 მლნ-ზე  მეტი ადამიანია დაავადებული და ეს მხოლოდ სტატისტიკის მონაცემებით, ისე კი, არაა გამორიცხული ბევრად მეტიც იყოს დასნეულებული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ პროცესებში ინტეგრაცია, რომელიც მსოფლიოში მიმდინარეობს და სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო რეგიონალურ ლიდერია ტუბერკულოზთან ბრძოლის სფეროში, რაც პირველ რიგში ჩვენი მედიკოსების  მრავალწლიანი შრომის შედეგია. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვლევის შედეგების განხილვა მოეწყო, ახლა კი, ე.წ. STREAM კვლევისთვის ვემზადებით, რომელიც მსოფლიო ორგანიზაციის Union-ის და ჩვენი ძირითადი დონორის – USAID-ის  ორგანიზებით ხორციელდება 13 ქვეყნის მონაწილეობით. მართალია, მულტიცენტრული კვლევა მეორე ფაზის კვლევაა, მაგრამ ის არ იქნება ერთჯერადი, მითუმეტეს, რომ კვლევები არასდროსაა მხოლოდ ერთი რეჟიმით შემოფარგლული, არსებობს მესამე ფაზის კლინიკური კვლევაც, რომელიც ე.წ. პოსტმარკეტინგულ კვლევევას განეკუთვნება და პრეპარატის ბაზარზე შემოსვლიდან 10 წლის განმავლობაში ახორციელებს მის სრულ მონიტორინგს გვერდითი ეფექტების ჩათვლით. ძალიან გვეამაყება, რომ მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის კველევის საქმეში, ჩვენი წამყვანი სპეციალისტები მსოფლიო მკვლევარებთან ერთად და ამჯერად ბრიტანელი პროფესორის ენდრიუ ნანის ხელმძღვანელობით მუშაობენ, რომელიც ლონდონის სამეფო კოლეჯიდან გვეწვია და აღფრთოვანებული დარჩა როგორც ჩვენი თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციით, კომპეტენციითა და პასუხისმგებლობით, ისე ცენტრის ინფრასტრუქტურით, საერთო ორგანიზაციითა და მიდგომებით. აქვე ავღნიშნავ, რომ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია ახალი მედიკამენტების გამოყენებით როგორც მზრუნველობითი, ისე რუტინული თერაპიის ფარგლებში. ჩვენ პრაქტიკულად პირველებმა დავიწყეთ ამ მედიკამენტების გამოყენება, გამოცდილების გასაზიარებლად კი, თითქმის ყოველ თვე ვმასპინძლობთ უცხოური დელეგაციებს ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან.

– კონკრეტულად რომელ ქვეყნებთან თანამშრომლობთ, ძირითადად  ვის უზიარებთ საკუთარ გამოცდილებას?

– ახლო მომავალში აზერბეიჯანის დელეგაციას ველოდებით, მანამდე, ივნისის ბოლოს კი, ყაზახები ჩამოვლენ. სულ რამდენიმე დღის წინ  მივიღე მათი წერილი, სადაც კონკრეტულ საკითხებზე და პირველ რიგში   ახალი მედიკამენტების გამოყენებაზე გვთხოვენ კონსულტაციას.   საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როცა მედიკამენტი ხელმისაწვდომია, მაგრამ მედიკოსებს არ აქვთ მათი გამოყენების კომპეტენცია და სწორედ  გამოცდილების შესაძენად ჩამოდიან ჩვენთან. მართალია, რამდენიმე თვის წინ ყაზახები უკვე გვსტუმრობდნენ, მაგრამ ახლა, სხვა სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფით მოისურვეს ჩამოსვლა, რაც განსაკუთრებით სასიხარულოა. აღსანიშნავია ქირურგიაც, რომელიც ბევრ პოსტსაბჭოურ ქვეყნებში პრაქტიკულად არ არსებობს, ჩვენთან კი, უმძლავრესი სკოლაა, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს და ხშირად, სწორედ ფილტვის ქირურგიის შესასწავლად ჩამოდიან ჩვენთან. გარდა ამისა, ცენტრში სისტემატურად ტარდება სიმპოზიუმები და სემინარები, რომელთაც ჩვენი სომეხი, მოლდაველი კოლეგები და სხვა მეზობელი ქვეყნების წარმომადგენლების სტუმრობენ. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ქართველი სპეციალისტები არა მხოლოდ ლოკალურად მუშაობენ, არამედ საერთაშორისო ექსპერტების რანგშიც გვევლინებიან. მაგალითად, ქალბატონი ნინო ლომთაძე – ჩვენი თანამშრომელი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ  ფარმაკოუსაფრთხოების ექსპერტად მიიწვია და საერთაშორისო ტრენინგ-სემინარი ბანგკოკში არა როგორც კონკრეტული ცენტრის წარმოამდგენელმა, არამედ მსოფლიო რანგის ექსპერტმა ჩაატარა. იგივე შემიძლია ვთქვა ქალბატონ ნანა ქირიაზე, ჩვენს კლინიკურ ხელმძღვანელზე, რომელიც მსოფლიო ექსპერტია ახალი მედიკამენტებით მკურნალობის დარგში, რაც სხვათაშორის ძალიან დიდი პრობლემაა ბევრი ქვეყნისთვის, რადგან მართალია, აქვთ მედიკამენტები, მაგრამ არ აქვთ მათი გამოყენების გამოცდილება,  რადგან ამგვარი კომპეტენციის შეძენა, მხოლოდ ხანგრძლივი და დაუღალავი შრომით შეიძლება. სხვათაშორის, კოლეგები ხშირად გვთხოვენ რომელიმე კონკრეტულ თემაზე მოხსენების მომზადებას და ახლაც მორიგი მსოფლიო კონგრესისთვის ვემზადებით, რომელიც  გვადალახარაში გაიმართება მიმდინარე წლის ოქტომბერში. დიდი წარმატებით იმოგზაურა ჩვენმა დელეგაციამ იაპონიაში, სადაც ფანტასტიკური კვლევები ჩატარდა, როგორც უსაფრთხოების, ისე ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით. ჩვენს გამოსვლას, რომელიც იაპონიის ტელევიზიით გადაიცა პირდაპირ ეთერში, 40-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა, გარდა ამისა, მოეწყო ტელეხიდი ინდონეზიასთან, სადაც ანალოგიური საკითხები განვიხილეთ.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს თქვენს ცენტრს?

– არსებობს ტუბერკულოზთან ბრძოლის გეგმა, რომელიც 2016-2020 წლებს მოიცავს და ჩვენც სწორედ ამ გეგმას მივყვებით. ჩვენი დარგის კოორდინატორი ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული საბჭო – ტუბერკულოზის, მალარიის და შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო მექანიზმია, რომელსაც უშუალოდ მინისტრი, ბატონი დავით სერგეენკო ხელმძღვანელობს, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, სამინისტროს მაღალ ინტერსზე დარგის მიმართ და მის აქტიურ თანამშრომლობაზე, რომლის გარეშე მართლაც შეუძლებელი იქნებოდა ჩვენი სრულფასოვანი მუშაობა. სწორედ სამინისტროს და უშუალოდ მინისტრის მიერ დაიგეგმა და განხორციელდა ბავშვთა ცენტრის ახალი კორპუსის მშენებლობა, რომელიც გაუსაძლის პირობებში იყო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. გარდა ამისა, მალე ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტის – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერის მშენებლობა დასრულდება, რომელიც აღმოსავლეთ თბილისის რაიონებს მოემსახურება, დასავლეთით კი, გლდანის ტერიტორიაზე იგეგმება ახალი დისპანსერის მოწყობა ჩვენი მთავარი პარტნიორის – გლობალური ფონდის და სახელმწიფოს თანადგომით, ექსპლუატაციაში შევა რეფელარული ლაბორატორიაც, რომელიც ჩვენი გერმანელი პარტნიორობის და სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდა და სადაც უმაღლესი სტანდარტის ინფრასტრუქტურა შეიქმნა ლაბორატორიული დიაგნოსტიკისათვის, ცვლილებებს ველოდებით მთელი საქართველოს მასშტაბით, ალბათ იცით, რომ ჩვენ ტუბერკულოზის 10 რეგიონალური ცენტრი და 64 ტუბსაწინააღმდეგო კაბინეტი გვაქვს, სადაც  ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის, მკურნალობის და პროფილაქტიკის, პრევენციის და მონიტორინგის ხარჯებს, სრულად ფარავს სახელმწიფო. ვფიქრობ, ახლა ჯერია ჩვენზე – სამედიცინო პერსონალზეა, არა მხოლოდ რეფერალურ ცენტრში, არამედ მთელ სისტემაში, რათა სახელმწიფოს დახმარება სწორად და რაციონალურად გამოვიყენოთ ინფექციასთან ბრძოლაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია პაციენტების ჩართულობაც, რადგან ტუბერკულოზის ეფექტური მკურნალობისთვის პაციენტის და მისი ახლობლების განსაკუთრებული ყურადღება და პასუხისმგებლობაა აუცილებელი. ტუბერკულოზს ერთგვარი სტიგმა ახლავს და ამას ვერსად გავექცევით, გარდა ამისა, მას საკმაოდ ხანგრძლივი – 20-22 თვიანი მკურნალობა სჭირდება. თუმცა, ახალი კვლევის ფარგლებში, რომელიც ჩვენი ცენტრის ბაზაზე ტარდება, მაქსიმალურად ვდილობთ  მკურნალობის რეჟიმი 6-9 თვემდე შევამციროთ, ბევრად ეფექტური და შედეგიანი გავხადოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები