LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ჯანეზაშვილი: “ყველაზე მნიშვნელოვანია სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბება და ხარისხის შენარჩუნება”

6

7 მარტს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” საწარმოს ”ქართული წინდა” გენერალური დირექტორი ზაზა ჯანეზაშვილი სტუმრობდა.

სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის ბოლო კურსზე სწავლისას, ზაზამ საბანკო სექტორში დაიწყო მუშაობა და 10-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში თითქმის ყველა საფეხური გაიარა და ყველა ბანკში მოსინჯა ძალები.

– საწარმო ”ქართული წინდა”  2011 წელს დაარსდა. რა ინვესტიცია ჩაიდო თავიდან და რატომ მაინცდამაინც  წინდების ბიზნესი, იყო თუ არა მოთხოვნა ამ მიმართულებაზე?

IMG_0432– წინდების საწარმოს დაარსების იდეა სპონტანურად გაჩნდა. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, პროდუქტზე მოთხოვნა რა თქმა უნდა იყო, წარმოების დასაწყებად კი, გარკვეული ძალისხმევა დაგვჭირდა, რადგან იმ დროს ძალიან მცირე იყო ნდობა ქართული პროდუქტის მიმართ. ინვესტიციაც ეტაპობრივად განხორციელდა. ზოგადად, ინვესტიციების მოზიდვა მარტივი არაა და ჩვენც გაგვიჭირდა, თუმცა მაინც შევძელით და თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაციაც შევძელით და გარკვეული წარმატების მიღწევაც.

– რამდენადაც ვიცი, საწარმო დაახლოებით 80 სახეობის წინდას აწარმოებს. რა რაოდენობით დაიწყეთ და მოთხოვნის მიხედვით გაზარდეთ თუ არა პროდუქცია?

– წარმოება რამდენიმე ათეულით დავიწყეთ, ახლა კი, 20 ათასს წყვილს მივაღწიეთ. პირველ რიგში ბაზრის კვლევა ჩავატარეთ და ჩვენი პროდუქციის გასაღების მთავარ წერტილად სუპერმარკეტები ავირჩიეთ, ანუ ის ადგილები, რომლებსაც ყველაზე ხშირად სტუმრობს მომხმარებელი. ამგვარმა სტრატეგიამ საკმაოდ კარგი შედეგი გამოიღო და პროდუქციის პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი. ცოტა ხნის წინ ახალი ხაზი – ”ფერადი წინდები” გამოვუშვით, რადგან ბაზრის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მოთხოვნა მხიარული ფერის წინდებზე.

– იმპორტს თუ არ ჩავთვლით, ჰყავს თუ არა ”ქართული წინდას” კონკურენტები ქართულ ბაზარზე?

– ჯერჯერობით ერთადერთი საწარმო ჩვენ გვაქვს, თუმცა იმედი მაქვს, მალე გამოჩნდებიან კონკურენტები. ჩემი აზრით, კონკურენცია ერთგვარი მოტივატორია და განვითარების საუკეთესო საშუალება. 

– რამდენი ადამიანია დასაქმებული საწარმოში?

– საწარმოში 20-მდე ადამიანია დასაქმებული. მცირე შტატია, რადგან პროცესი მექანიზირებულია და საქმის ძირითად ნაწილს დანადგარები ასრულებენ, რომლებიც იტალიაში შევიძინეთ. მართალია, საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა, მაგრამ ჩვენ აქცენტი თავიდანვე მაღალ ხარისხზე გავაკეთეთ.

IMG_0436– არის თუ არა დღევანდელი ბიზნესგარემო თქვენთვის ხელსაყრელი და რამდენად უნდა ეხმარებოდეს სახელმწიფო ბიზნესს?

– ზოგადად, რაც უფრო მეტი ხელშეწყობა იქნება სახელმწიფოსგან, მით უკეთესი. ჩვენ კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამ გარემოში, თუმცა არც უკეთესზე ვიტყოდით უარს.

– რა უწყობს ხელს პროდუქციის პოპულარიზაციას ყველაზე კარგად?

– ყველაზე მნიშვნელოვანია თავიდანვე სწორი სტრატეგიის ჩამოყალიბება და ხარისხის შენარჩუნება, რადგან როგორი კარგიც არ უნდა იყოს პიარ-კამპანია, თუ პროდუქტი უხარისხოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ ის აუცილებლად დაკარგავს აქტუალობას.

– ინფორმაციის მიღებისას რას ანიჭებთ უპირატესობას – ინტერნეტს, ტელევიზიას თუ ბეჭდური მედიას? 

– რა თქმა უნდა, ინტერნეტს.

– რა გეგმები აქვს ”ქართული წინდას” სამომავლოდ?

– ამჟამად ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ჩვენი პროდუქციის ექსპორტზე. უკვე დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები ფრანგ, იტალიელ და გერმანელ პარტნიორებთან, რომლებთანაც გრძელვადიან თანამშრომლობას ვაპირებთ. გარდა ამისა, ერთ თვეში თურქეთში ტექსტილის საერთაშორისო გამოფენა იმართება, რომელშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას.

IMG_0427– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში მათემატიკა მიყვარდა, თუმცა განსაკუთრებული ოცნება არასდროს მქონია. მიუხედავად ამისა, დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესი და წარმოება ჩემთვის ყველაზე საინტერესო სფეროა.

– როგორი ურთიერთობა გაქვთ თანამშრომლებთან?

– ძალიან ბევრ კომპანიაში მიმუშავია, ამიტომ კორპორატიული მუშაობის ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე ვიცი. ჩვენი პრიორიტეტი და მთავარი ღირებულება ოჯახური გარემოს შექმნაა, რადგან სწორედ ეს განაპირობებს თანამშრომლების განვითარებას და იდეების გენერირებას, რაც თავის მხრივ კომპანიის წარმატების მთავარი ფაქტორია.

– როგორ ახერხებთ განტვირთვას სამუშაო დღის განმავლობაში?

– ყოველდღიური რუტინული საქმისგან ძირითადად თანამშრომლებთან ერთად ვისვენებ.

– რა თვისებები უნდა ჰქონდეს თქვენთვის მისაღებ თანამშრომელს?

IMG_0430– პირველ რიგში მეგობრული და კომპანიის წარმატებაზე ორიენტირებული უნდა იყოს, რაშიც ძალიან დიდ როლს ასრულებს მენეჯერი, რადგან მენეჯერის ხელშეწყობის და წახალისების შემთხვევაში, თანამშრომელიც ყოველთვის გახსნილი იქნება.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– სირთულეს გააჩნია.

ბლიც-კითხვები:

– კომპანია ”ქართული წინდას” სლოგანი?

– მართალია, კომპანიას სლოგანი არ აქვს, მაგრამ შეგვიძლია ახლა მოვიფიქროთ: მაგალითად, ”იცხოვრე ხარისხიანად!”

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– წინდებს ვაგროვებ, ბევრი სხვადასხვა ფერის წინდა მაქვს, რადგან ყველა ახალ მოდელს პირადად ვტესტავ.

– ჩაცმის რომელ სტილს ანიჭებთ უპირატესობას?

– აუცილებლად თავისუფალ ჩაცმის სტილს.

– გიყვართ თუ არა სპორტი?

– მიყვარს, თუმცა იშვიათად მაქვს სპორტისთვის დრო.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში?

– ყოველ დილას ვიმეორებთ, რომ უნდა გვიხაროდეს სამსახურში მისვლა.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარია მიზანდასახულობა და მონდომება, რადგან თუ ნებისყოფა ეყოფა, ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები