LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

18

რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი გადაცემა „რას უსმენენ ცნობილები“ დაიწყო. მუსიკალური პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს. ნია მოძმანაშვილის საავტორო გადაცემის პირველი სტუმარი პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო. ამჯერად კი მუსიკალური გადაცემის სტუმარია პოლიტიკური ცენტრის ,,გირჩის“ დამფუძნებელი, პრეზიდენტობის კანდიდატი ზურა ჯაფარიძე. წარმოგიდგენთ ზურა ჯაფარიძის 7 რჩეულ სიმღერას.

 

ხშირად უსმენთ რადიოს?

რადიოს ხშირად ვუსმენ მანქანაში და „ფორტუნაც” ის რადიოა, რომელსაც ვუსმენ. იმიტომ, რომ საკმაოდ მრავალფეროვანია და ძალიან მომწონს.

რის მიხედვით შეარჩიეთ ეს შვიდეული?

ზოგადად საკმაოდ რთულია, რომ მხოლოდ 7 სიმღერა შეარჩიო, მით უმეტეს თუ მუსიკას უსმენ, ასარჩევი ყოველთვის ბევრია. თავდაპირველად 5 სიმღერა ავარჩიე, იმ მუსიკოსების მიხედვით, რომლებიც ნამდვილად იმსახურებდნენ, რომ ჩემს საუკეთესო ხუთეულში ყოფილიყვნენ და შემდეგ დავამატე 2 სიმღერა, რადგან გული დამწყდა, ასე გამოვიდა 7 სიმღერა.

მეშვიდე ადგილი – Deep Purple–ის – Child in Time. მახსოვს პატარა ვიყავი, როცა ამ სიმღერას მოვუსმინე და იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ რამდენჯერმე ზედიზედ მოვუსმინე. არასოდეს არ მბეზრება და შემიძლია ვუსმინო სულ.

მეექვსე ადგილი ერგო led zeppelin-ს სიღერით black dog. არის სიმღერები, რომლებიც ჩემი ცხოვრებისთვის კლასიკაა, იმდენად მყარად დგას, რომ ვერანაირი სხვა ახალი ნამუშევარი ვერ ჩაანაცვლებს. ეს სწორედ ასეთი სიმღერაა.led zeppelin-ის სხვა სიმღერებიც შეიძლება ამერჩია, თუმცა, არჩევანი გავაკეთე ამ სიმღერაზე. black dog ძალიან კარგი სიმღერაა. (იღიმის)

გაგეღიმათ და რაიმე ისტორია ხომ არ გაგახსენდათ?

თითონ სიმღერასთან არა, მაგრამ led zeppelin -თან დაკავშირებით კი. პირველად ვიდეოკასეტაზე მოვუსმინე, ჩემმა ძმამ მოიტანა და მახსოვს, შოკი მქონდა, რადგან მსგავსი არაფერი მქონდა მოსმენილი და ნანახი.

მიბაძვა არ გიცდიათ?

სამწუხაროდ სმენა არ მაქვს და მივხვდი, რომ ამ მიმართულებით ძალიან ცუდი მდგომარეობა მქონდა, ამიტომ მხოლოდ მუსიკის მოსმენა მიყვარს.

მეხუთე ადგილზეა ფრენკ ზაპა – muffin man

ზაპა იყო მუსიკოსი, რომელიც უფრო გვიან გავიცანი და ჩემთვის ეს იყო აღმოჩენა, ფენომენალური ნიჭის მქონე ადამიანი და სრულიად განსხვავებული. ის იყო ინტელექტუალური დებატების იმ მხარეს, სადაც მეც ვარ. არ უყვარდა სოციალისტები, კომუნისტები და სახელმწიფო ტიპის რეგულაციებსაც ეწინააღმდეგებოდა… იყო კარგი, ჭკვიანი ადამიანი და თან უზომოდ ნიჭიერი მუსიკოსი. შეუძლებელია ასეთი ნამუშევრები შექმნა, თუ არ ხარ გონიერი.  სწორედ ამ სიმღერით ასრულებდა ის თავის კონცერტებს.

მეოთხე ადგილზეა დევიდ ბოუის სიმღერა  – Ashes To Ashes. ეს შემსრულებელი იყო მოვლენა. დევიდ ბოუის შემოქმედებას რომ გადახედოთ, მან წარმოუდგენელი გზა გაიარა და სიკვდილამდე იყო შემოქმედებით პროცესში. ეს სიმღერა ახლა განსაკუთრებით მიყვარს, მე მყავს 4 წლის შვილი, რომელსაც კარგი მუსიკა მინდა მოვასმენინო, ამიტომ მანქანაში გვაქვს ასეთი თამაში: ერთ სიმღერას ვუკვეთავ მე, ერთ სიმღერას ის (იღიმის). Ashes To Ashes ის სიმღერაა, რომელიც მას ძალიან მოსწონს. პირველად რომ მოისმინა, თქვა, რომ უცნაური არისო, მაგრამ მეორე მოსმენისას უკვე ძალიან შეუყვარდა, 4 წლის ბავში უსმენს David Bowie – Ashes To Ashes

ერთად მღერით ხოლმე?

მე ხომ სმენა არ მაქვს მაგრამ pink floyd-ის Another Brick In The Wall ამ სიმღერას ერთად ვმღერით ხოლმე. მან სიტყვები არ იცის და უფრო ყვირის, ვიდრე მღერის, მაგრამ ერთად რაღაცა გამოგვდის (იცინის).


მესამე ადგილზეა ნიკ ქეივის  Lay Me Low
. ნიკ ქეივი ჩემი საყვარელი მუსიკოსია და ცხადია, მისი რეპერტუარიდან ბევრი რამ შემეძლო ამერჩია. როცა ამ სიმღერას მოვუსმინე, ტექსტი არ ვიცოდი და მერე ვნახე… კომიკურიც არის, ტრაგიკულიც… მას შემდეგ დამამახსოვრდა. ახლა თუკი სადმე მეკითხებიან, რომელია შენი საყვარელი სიმღერა, მე ამ სიმღერას ვასახელებ.

მეორე ადგილზეა Velvet Underground–ის – Pale Blue Eyes, რომელიც მაინცდამაინც არ არის ცნობილი სიმღერა, მაგრამ პირველ რიგში არის იმ ჯგუფის სიმღერა, რომელიც ჩემთვის ძალიან საყვარელია და მეორე რიგში უკავშირდება ჩემს მეუღლეს. ჩვენ 90–იან წლებში გავიცანით ერთმანეთი, ერთად ვიყავით, შემდეგ გარკვეული პერიოდი დავშორდით, სხვადასხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით და შემდეგ ისევ შევხვდით ერთმანეთს. ეს სიმღერა შეიძლება ითქვას, რომ თან სდევდა ჩვენს ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ცისფერი თვალები მე მაქვს და მას არა, ეს სიმღერა მაინც მას უკავშირდება (იცინის). მახსოვს Velvet Underground–ის CD-იც ვაჩუქე.

პირველ ადგილზეა Pink Floyd – The Trial. ეს სიმღერა, შეიძლება ითქვას, რომ პატარა ოპერაა, მაგრამ რატომღაც არ გახდა პოპულარული. მგონია რომ ჩვენს რეალობას ესადაგება და იმ სამყაროს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ესაა იმაზე, თუ რა გავლენა აქვს განათლების სისტემას ადამიანებზე და შემდეგ, ადამიანები როგორ ცდილობენ ამ განათლების სისტემას ხელიდან დაუსხლტნენ და მართლმსაჯულება როგორ სჯის… ვფიქრობ, რომ საქართველოში ეს პრობლემა დღესაც არის. შეიძლება ფილოსოფიაში წავედი, მაგრამ ასეა. რაც შეეხება სიმღერას, მუსიკაც და შესრულებაც ძალიან კარგია.

https://www.youtube.com/watch?v=y8Zuxsqp78M

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები