LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩხაიძე: გუნდური მუშაობის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა

42

25 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანიის „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე სტუმრობდა.

– ბატონო ზურაბ, როგორ შაფასებდით გასულ წელს, რამდენად წარმატებული იყო 2017 თქვენი კომპამნიისთვის?

– 2017 მართლაც გამორჩეული იყო, რადგან 2015-1016 წლები საკმაოდ რთული აღმოჩნდა 2017 კი – პირიქით, აქტიური და რაც მთავარია, შედეგიანი. კომპანია სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა, გაფორმდა ახალი კონტრაქტები და გაიზარდა გაყიდვები საზღვარგარეთ. ასე რომ, გადაჭარბების გარშე შემიძლია ვთქთვა, წელი მართლაც ნაყოფიერი იყო.

– ძალიან საინტერესო გამოდგა თქვენი წიგნი, რომლის პრეზენტაციაც სულ მალე იგეგმება

– წიგნში, რომელიც სულ ორი კვირის წინ გამოიცა, ილია ჭავჭავაძის წერილებია თავმოყრილი, სადაც ის საკუთარ აზრს გამოთქვამს ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებაზე. გარდა ამისა, აღწერილია კახური, იმერული ღვინის დაყენების და ჭაჭას გამოხდის ტექნოლოგიები. წიგნზე ბატონებთან თამაზ ტყემალაძესთან და ილია ფერაძესთან ერთად ვმუშაობდით, უზარმაზარი მასალიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაშრომები ამოვკრიფეთ და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო კრებული გამოვეცით.

– თქვენი კომპანია ყოველთვის აქტიურად იყო ჩართული ქართული ღვინის და კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციაში. როგორ ხვდებიან უცხოელები ახალ შეთავაზებებს გაზრდილ საექსპორტო ბაზარზე?

– ქართველი მეღვინეების ფუნქცია არა მხოლოდ პროდუქციის გაყიდვა, არამედ საქართველოს ისტორიის წარმოჩენა და ქვეყნის პროპაგანდაა, რადგან სწორედ ასე შეგვიძლია უცხოელების დაინტერესება. დიდი ხანია დამტკიცებულია, რომ სწორედ საქართველოა ღვინის აკვანი, რაც საუკეთესოდ ბორდოში წარმოჩინდა, ახალ ღვინის მუზეუმში. თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. შესაძლოა, არ ჩანს თუმცა ჩვენ მუდმივად მუშაობის პროცესში ვართ, ვეძებთ ახალ და საინტერესო ინფორმაციას, რათა სხვებისგან განსხვავებულად, რაც მთავარია, ორიგინალურად გავაცნოთ ქართული ღვინო უცხოელებს.

– კომპანია ყოველთვის სიახლეებზეა ორიენტირებული, სწორედ თქვენ ჩამოასხით ღვინო პირველმა თიხის ჭურჭელში. საინტერესოა, გრძელდება თუ არა კვლევები ქართულ მეღვინეობაში და კიდევ რა სიახლეს სთავაზობთ ღვინის მოყვარულებს?

– ჩვენ არასდროს ვჩერდებით მიღწეულზე და მუდმივად ვაგრძელებთ კვლევას. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ტრადიციული მარნების განვითარებას, რაც ველისციხეში დაიწყო და საგურამოში გაგრძელდა გურამიშვილების მარნისა და ჭავჭავაძისეული ნავენახარის აღდგენითა და გაშენებით. მართალია, ძიების პროცესი დაუსრულებელია, მაგრამ ძალიან საინტერესოა.

– რა სიახლეები გაქვთ ტურიზმის სფეროში?

– ტურიზმის ბიზნესში გასულ წელს ჩავებით. მშვენებლობა 7 თვის წინ დავიწყეთ ახალშენში, მარტის დასაწყისში კი, სასტუმროს გავხსნით, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება ტურისტებისთვის, რადგან საუკეთესოდ წარმოაჩენს ჩვენს სტუმართმასპინძლობას და მოგვცემს ღვინის ტურების მოწყობის საშუალებას. ახალი პროექტი წამოვიწყეთ ოზურგეთში, სადაც ერთ წელიწადში ახალ სასტუმროს გავხნით,  მერე კი თბილისში გადმოვინაცვლებთ. ერთი სიტყვით, აქტიურად ვართ ჩაბმული ტურიზმის განვითარებაში, როგორც ზღვის, ისე მაღალმთიან რეგიონებში, სადაც უზარმაზარი შესაძლებლობების ფონზე მხოლოდ მცირედია ათვისებული. გარდა ამისა, ორი წლის წინ  სამეგრელოში თხილის მეურნეობა ავაღორძინეთ, ვფიქრობ საკმაოდ ფუნდამეტალურად ვიმუშავეთ და შედეგიც სახეზეა. ზოგადად, ჩემთვის ძალიან საინტერესოა რეგიონებში მუშაობა, მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვცდილობ საკუთარი გამოცდილება და კაპიტალი ყველა რეგიონს ერთნაირად მოვახმარო. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს პარტნიორს „საქართველოს ბანკს“, რომელიც ყველა დიდი პროექტის განხორციელებაში გვეხმარება.

– რამდენად აქტუალურია კომპანიაში გუნდური პრინციპით მუშაობა?

– ვფიქრობ, გუნდური მუშაობის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია წარმატების მიღწევა, ამიტომ ყოველთვის ერთმანეთთან შეთანხმებით ვიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვისაა, თუმცა ჯანსაღი აზრი ყოველთვის იმარჯვებს.

– თანამშრომლების შერჩევისას პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას?

– რა თქმა უნდა პროფესიონალიზმს, რომელსაც ადამიანი მხოლოდ გარკვეული გამოცდილების შედეგად იძენს. არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობაც, რადგან შესაძლოა ადამიანს არ ჰქონდეს გამოცდილება, თუმცა, შრომის სიყვარულით ნებისმიერ მიზანს დასახავს და აუცილებლად მიაღწევს.

– გაქვთ თუ არა განსაკუთრებული საახალწლო ტრადიცია?

– ვფიქრობ, მთავარია ოჯახი იყოს ერთად. თუმცა, წელს მართლაც განსაკუთრებული სიხარულით ვხვდებით დღესასწაულებს, რადგან ახალი სტუმარი – მეოთხე ვაჟი გვყავს.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ, რაც ყოველთვის გამოცდილებას და ინტუიციას ემყარება.

ბლიცკითხვები:

– კომპანიის „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ სლოგანი?

– „ერთად გავაგრძელოთ ტრადიცია!“

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– „დაფიქრდი და მერე მიპასუხე!“

– საახალწლო საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გაგახარებთ?

– საუკეთესო საჩუქარი უკვე მივიღე, როცა მეოთხე ვაჟი შემეძინა.

– ფინჯანი ყავით იწყებთ დილას თუ ერთი ჭიქა საფერავით?

– დილას ჩაის ვსვამ, საფერავი კი, დღის მეორე ნახევარშია კარგი.

– სად ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ – ბარში თუ აუზზე?

– ბარში, მეგობრებთან ერთად.

– თქვენთვის მისაბაძი ბიზნესმენი, ვის გამოცდილებასაც ითვალისწინებთ?

– ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლისგანაც ყველაზე უკეთ შეიძლება ბიზნესის კეთების სწავლა, ქველმოქმედებისა და ქვეყნის სიყვარულის გაზიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები