LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ლალაზაშვილი: “განვითარება თუ გინდა, დასვენება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა”

10

1 თებერვალს რადიო ”ფორტუნას”, გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია ”ბიდიო”-ს მმართველი ზურაბ ლალაზაშვილი სტუმრობდა.

სერტიფიცირებულმა აუდიტორმა და პროფესიონალმა ბუღალტერმა ბატონმა ზურაბმა, რომელიც აუდიტსა და ბიზნეს-კონსულტაციებში სპეციალიზირდება, თექვსმეტწლიანი გამოცდილება შეიძინა პროფესიაში. იყო საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ”ბიდიო-ინტერნეშენალის” საბჭოს წევრი და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საბაჟო და საგადასახადო კომიტეტის ხელმძღვანელი,

აქტიურად მონაწილეობდა ფინანასური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების პირველი ქართული გამოცემის მომზადებაში.

– ბატონო ზურაბ, თქვენი კომპანია აუდიტორულ და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიების ხუთეულში შედის და ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებს მსოფლიოს 154 ქვეყანაში. რას გულისხმობს ”ბიდიო”-ს საქმიანობა და როგორ გადაიდგა პირველი ნაბიჯები სააქართველოში?

– ჩვენმა კომპანიამ საქართველოს ბაზარზე 1999 წელს დაიწყო ფუნქციონირება. 2004 წელს ”ბიდიო”-ს სხვადასხვა ოფისებთან დავიწყეთ თანამშრომლობა, ვაწარმოებდით მაღალკვალიფიციურ მომსახურებას და სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდით გავცემდით დასკვნას. 2009 წელს კი, ”ბიდიო-ინთერნეიშენალის” წევრი გავხდით და მას შემდეგ სწორედ ”ბიდიო”-ს ბრენდით ვსაქმიანობთ.

– რამდენად მარტივად დაიმკვიდრა თავი კომპანიამ საქართველოში, როგორი იყო მომართვიანობა ბიზნეს-კომპანიების მხრიდან და შემოსავლიანობის ინდექსი?

– ძალიან ახალგაზრდები ვიყავით, როდესაც პარტნიორებთან ერთად ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ ბიზნესის დაწყება. თავიდან, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო ფეხის მოკიდება. ვმუშაობდით ყოველდღიურ რეჟიმში და ვარწმუნებდით ყველა დამკვეთს, რომ დაბალ ფასად შეგვეძლო მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევა. რთული აღმოჩნდა მათი დარწმუნება, ამიტომ პირველი წლები საკმაოდ მძიმე გამოდგა, თუმცა შევძელით და ძალიან კარგი პოზიცია მოვიპოვეთ ქართულ ბაზარზე. შემოსავლები იმ პერიოდში ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა. 2009 წელს უკვე საქართველოს წამყვან ხუთ კომპანიას შორის აღმოვჩნდით. ”ბიდიო”-ში გაწევრიანებით კიდევ უფრო გავიზარდეთ, მათ შორის შემოსავლების კუთხით. წელს ”ბიდიო”-მ 13%-იანი გლობალური ზრდა დააფიქსირა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ჩვენი ქსელისთვის. ჩვენს კომპანიაში ფინანსური შედეგების დათვლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა, ვფიქრობთ, რომ 25%-იანი ზრდა მაინც გვექნება. ასე რომ, წელსაც საკმაოდ სერიოზულად ვგეგმავთ ვიყოთ წამყვან კომპანიებს შორის.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს ”ბიდიო” და არის თუ არა პროფესიონალი კადრების დეფიციტი საქართველოში. გარდა ამისა, კომპანიის აკადემიის შესახებაც მინდა გკითხოთ…

– ქვეყანაში პროფესიონალიზმის პრობლემა ნამდვილად არის. ჩვენს ბუნებაშია საკითხების ზედაპირული განხილვა და არ ვცდილობთ მის სიღრმეში ჩაწვდომას, რაც სამწუხაროდ მერე პრაქტიკაში აისახება. დღეს საქართველოში ძალიან ცოტა კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო მართვის კულტურა, მომსახურების ხარისხი და პროდუქტი აქვს. ამის მიზეზი ჩვენი ჯერ კიდევ ჩაკეტილ სივრცეში ყოფნაა. არ ვცდილობთ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გასვლას, რაც უზრუნველყოფდა პროფესიონალურ ზრდას და განვითარებული დასავლური ქვეყნების სტანდარტების დაკმაყოფილებას. პროფესიონალურ კადრებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თანამშრომლების 90%-ზე მეტი სტაჟირებით გვყავს მიღებული და მხოლოდ მერე დაიკავეს სხვადასხვა თანამდებობა. გარდა ამისა, კომპანიაში 11 პარტნიორი ვართ, ორმა კომპანია დავაფუძნეთ, დანარჩენები კი, მოგვიანებით შემოგვიერთდნენ. ხშირ შემთხვევაში მათთვის ეს პირველი სამსახური იყო, ამიტომ ბევრი ჩვენთან ჩამოყალიბდა და გაიზარდა. რაც შეეხება ჩვენს აკადემიას – 1 იანვარს დაიწყო ფუნქციონირება და პროფესიონალურ სერტიფიცირებაზეა ორიენტირებული. იმედი გვაქვს, ამ სფეროშიც ლიდერის პოზიციას დავიკავებთ, მომართვიანობაც მაღალი იქნება და მომსახურების ხარისხიც, რა თქმა უნდა, საქართველოს რეალობიდან გამომდინარე საკმაოდ მისაღები ფასებით.

– ხელისუფლებამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამ მიმართულებით?

– განათლების სისტემა ერთის მხრივ სახელმწიფოს საზრუნავია, რადგან სწორედ მისი შესამუშავებელია რეგულაციები. მეორეს ხრივ, საბაზრო მოთხოვნებიც გასათვალისწინებელია. გარდა ამისა, კერძო სასწავლებლებმა უნდა შექმნან კონკურენტუნარიანი გარემო და სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლება შეთავაზონ. ჩემი აზრით, სახელმწიფომ პირველ რიგში საერთო სტანდარტები და დაფინანსების სისტემა უნდა დაადგინოს, თუნდაც იმ მიმართულებით, რომელსაც ის მიიჩნევს პრიორიტეტულად.

– თქვენი აზრით, რომელი ბიზნეს-სექტორი შეიძლება იქცეს ყველაზე მომგებიანად დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის?

– ჩემი აზრით, პრიორიტეტული სერვის-მიმართულებები უნდა იყოს, რომელშიც ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი იქნება ჩართული. პროდუქციის წარმოება ნაკლებად მომგებიანად მიმაჩნია, რადგან რესურსები საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. აქედან გამომდინარე ამ სფეროში კონკურენციის გაწევა საკმაოდ რთული იქნება.

– ”ბიდიო”-მ საპარტნიორო ფონდთან თანამშრომლობით ახლახან დაასრულა კვლევა რაჭის ტურისტული ზონების მიმართულებით. იყო გარკვეული მინიშნებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებდა. რა ასპექტები უნდა იქნას გათვალისწინებული კერძო სექტორის რაჭის ტურისტულ ზონებში მოსაზიდად და მათ გასავითარებლად?

– ეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო პროექტი და გამოცდილება იყო, რადგან მთელი რეგიონი გვქონდა შესასწავლი. მართალია, რაჭა ყველას გვიყვარს და ხშირად დავდივართ დასასვენებლად, მაგრამ მომგებიანი და მასობრივი ტურიზმის განვითარება ამ რეგიონში საკმაოდ რთულია. რა თქმა უნდა, პოტენციალი არის, საჭიროა ისეთი მოდელის შემუშავება, რომელშიც ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული, დაწყებული ინფრასტრუქტურით, დასრულებული ინვესტორის ინტერესებით.

– დაბეგვრის ესტონური მოდელის დანერგვაზე მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, რამდენად ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ეს ბიზნესისთვის?

– ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო კომიტეტში რამდენიმე წლის წინ გვქონდა ამ მოდელის განხილვა. ესტონეთიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად გავაკეთეთ შესწავლა, შეფასება და მივედით დასკვნამდე, ყველა რისკის გათვალისწინების შემთხვევაში ეს მოდელი საკმაოდ სასარგებლო შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ადგილობრივი ბიზნესისთვის, ისე იმ უცხოელი ინვესტორებისთვის, ვინც გრძელვადიანი პროექტების  განხორციელებას გადაწყვეტს.

– როგორ ახერხებთ განტვირთვას კომპანიაში სამუშაო საათებში?

– დასვენების დროს პარტნიორებთან ერთად თავისუფალ რეჟიმში განვიხილავთ სხვადასხვა საკითხებს და მაინც ბიზნესის გარშემო ვტრიალებთ, რადგან განვითარება თუ გინდა, დასვენება საკმაოდ დიდი ფუფუნებაა.

– პირველ რიგში, რას აქცევთ ყურადღებას საქმიანი შეხვედრის დროს?

– დიდ ყურადღებას ვაქცევ გულწრფელობას, რადგან ნებისმიერი საქმე ურთიერთნდობაზე უნდა იყოს დაფუძნებული. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მცდარი ინფორმაციის მიწოდება და ფუჭი დაპირებების გაცემა.

– როგორ იქცევა ზურაბ ლალაზაშვილი სირთულეების დროს?

– ვცდილობ შევინარჩუნო სიმშვიდე და არ მივიღო იმპულსური და სრაფი გადაწყვეტილებები.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს ”ბიდიო”-ს?

– ”რაც მნიშვნელოვანია თქვენთვის, მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც!”

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ძალიან გამიჭირდება გითხრათ, რადგან ზუსტად არ ვიცი.

– სპორტის რომელი სახეობით ხართ ან იყავით დაკავებული?

 – ბავშვობაში ცურვასა და ჭიდაობაზე დავდიოდი.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– არა.

– ძვირადღირებული ღვინო გირჩევნიათ, კონიაკი თუ ნატურალური წვენი?

– მე ყველაზე მეტად მაინც კახური ღვინო მიყვარს.

– როგორია თქვენი დილა?

– საკმაოდ აქტიური დილა მაქვს, რომელიც ბავშვების დაბინავებით იწყება.

– პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– სამწუხაროდ, ხატვა არ მეხერხება, ამიტომ წარმატებას გისურვებდით და ლამაზად დავწერდი.

– ბატონო ზურაბ, თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

 – პირველ რიგში აუცილებელია ჰქონდეს ხედვა, უნდა იცოდეს საით მიდის და რა უნდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია პარტნიორების შერჩევა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ის ხალხი, ვისთან ერთადაც საქმეს აკეთებ. გარდა ამისა, აუცილებელია შრომისმოყვრეობა და ნებისმიერი მარცხის საკუთარ გამოცდილებად ქცევა.

 

გადაცემის ჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები