LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად აბულაძე: წარმატებულ ბიზნესს სწორედ სწრაფი, თუმცა გონივრული გადაწყვეტილება განსაზღვრავს

12

5 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ კომპანია „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ზვიად აბულაძე სტუმრობდა.

2006 წელს, სამშენებლო მასალის იმპორტითა და რეალიზაციით დაწყებული ბიზნესი, კომპანია „ნოვამ“ სამშენებლო მასალის წარმოების ხაზების განვითარებით, ახალი ფილიალების გახსნით გააგრძელა და მენეჯმენტის სისტემის საერთაშორისო სერთიფიკატიც დაიმსახურა სხვადასხვა მიმართულებით.

– ბატონო ზვიად, როგორ შეიქმნა კომპანია?

– კომპანია 11 წლის წინ დავაარსე მეგობრებთან ერთად. მოგვიანებით, სახელი მოვიფიქრეთ, „ნოვა“ დავარქვით და მას მერე სწორედ ამ სახელით ვართ წარმოდგენილი. საქმიანობა საწყისი კაპიტალის გარეშე დავიწყეთ, თუმცა ინტერესი იყო მაღალი და ვფიქრობ, სწორედ ბიზნესის წარმოების დიდმა სურვილმა განაპირობა ჩვენი წარმატება, რადგან წინსვლასთან ერთად გამოწვევაც ძალიან ბევრი გვქონდა, რომელთაც ყოველთვის წარმატებით ვლახავდით და განვითარებას ვაგრძელებდით.

– თქვენი აზრით, რა შემთხვევაში შეიძლება დაბრკოლებების წარმატებით დაძლევა?

– მთავარი მონდომებაა, რადგან თუ ადამიანს აქვს მიზანი და უყვარს შრომა, ის აუცილებლად მიაღწევს სასურველ შედეგს.

– რამდენად რთულია პროფესიონალი კადრის მოძიება და სთავაზობს თუ არა თქვენი კომპანია დაინტერესებულ პირებვს ტრენინგებს?

– ჩვენს ქვეყანაში მართლაც რთულია პროფესიონალი კადრის მოძიება, რაც ბიზნესის წარმოების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად ითვლება. გამომდინარე აქედან, ჩვენ თავად ვცდილობთ კადრების მომზადებას, პირველ ეტაპზე კანდიდატი ტესტირებას გადის, რათა გავარკვიოთ რამდენად შეძლებს არსებული გამოწვევების დაძლევას, მერე კი, ტრენინგს ვთავაზობთ და ეტაპობრივი განვითარების შემდეგ, არც თუ იშვიათად, საკმაოდ კარგ პოზიციასაც აღწევს. სხვათაშორის, სამხატვრო აკადემიაში დიდი ხანია საიზოლაციო მასალების კაბინეტი გვაქვს, ანალოგიური კაბინეტის გახსნას ვგეგმავთ ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის ფაკულტეტზე, რამდენიმე თვეში კი, სასწავლო ცენტრს გავაკეთებთ კომპანიის ბაზაზე, რათა ახალგაზრდა თაობამ საჭირო ინფორმაციასთან ერთად  განათლებაც ხარისხიანი მიიღოს.

– თქვენი აზრით, რა არის მთავარი წარმატებული კომპანიის შესაქმნელად?

– ვფიქრობ, მთავარი ძლიერი გუნდია. ზოგადად, ბიზნესი ყოველთვის სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული, ჩნდება უამრავი გამოწვევა, რომელთა დაძლევა მხოლოდ ერთმანეთის მხარში დგომითა და მუდამ გუნდური პრინციპით მოქმედებით შეიძლება.

– სადაა წარმოდგენილი „ნოვას“ პროდუქცია დ რამდენად ინტერესდება მომხმარებელი ქართული ნაწარმით?

– „ნოვა“ ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც სამშენებლო მასალის წარმოება დაიწყო. დღეს ჩვენს ასორტიმენტში სახლის სახურავები, წყლის ავზები, პროფილები და აქსესუარებია თაბაშირ-მუყაოს ფილებისთვის. აუცილებლად ავღნიშნავ, რომ ნებისმიერი პროდუქციის წარმოებისას მკაცრად ვიცავთ დაწესებულ სტანდარტებს. თუმცა მიღწეულზე მაინც არ ვჩერდებით და ყველაფერს ვაკეთებთ ხრისხის ამაღლებლად. ალბათ იცით, რომ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობას ითვალისწინებს და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, გავცდეთ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს და სწრაფად ავითვისოთ ბევრად მასშტაბური ბაზარი. რაც შეეხება მომხმარებლს, ვფიქრობ, მთავარი მათი დაინტერესება და დარწმუნებაა, რომ ქართული პროდუქციაც შეიძლება იყოს ხარისხიანი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ მუდმივად განვითარებასა და პროდუქციის გაუმჯობესებაზე ვართ ორიენტირებული, რასაც პირველ რიგში, პროფესიონალი კადრებისა და ევროპიდან თანამედროვე ტექნოლოგიების შემოტანითა და ადგილზე დანერგვით ვახერხებთ.

გადაცემის წამყვანი გვანცა ლაღიძე და „ნოვას“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ზვიად აბულაძე

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– უამრავი ახალი პროექტი გვაქვს, თუმცა პირველ რიგში, მაინც წარმოების გაფართოებაზე ვფიქრობთ. ადგილი უკვე შევარჩიეთ, მალე კი, ახალ დანადგარებს შემოვიტანთ, რაც პროდუქციის ხარისხის გაუმჯობეშებაში დაგვეხმარება. გარდა ამისა, ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ მხარში ამოვუდგეთ ჩვენს მოქალაქეებს, ამიტომ რამდენიმე თვეში დამატებით 50-60 ახალ სამუშაო ადგილს შევთავაზებთ დაინტერესებულ პირებს.

– რამდენად აქტიურებონენ ქალბატონები სამშენებლო ბიზნესში და დაცულია თუ არა გენდერული ბალანსი თქვენს კომპანიაში?

– ზოგადად, სამშენებლო მასალების წარმოება საკმაოდ რთული სფეროა, რადგან სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. გამომდინარე აქედან, ქალბატონები ნაკლებად არიან ჩართული ჩვენს საქმეში, თუმცა მენეჯმენტსა და განსაკუთრებით გაყიდვების სფეროში საკმაოდ ბევრი ქალბატონია დასაქმებული.

– არსებობს თუ არა კომპანიაში შიდა განაწესი და თქვენ, როგორც ხელმძღვანელი რას აქცევთ ყველაზე დიდ ყურადღებას?

– ჩემთვის მთავარი პროფესიონალიზმი, წესრიგის დაცვა და პასუხისმგებლობაა, რათა ყველამ ზუსტად შეასრულოს საკუთარი მოვალეობა.

– საქმიანი შეხვედაზე პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას?

– ალბათ, რამდენად სანდოა პარტნიორი, რამდენად სწორად შეუძლია საკუთარი სურვილებისა და მოთხოვნების ჩამოყალიბება.

– რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ჩემთვის ყველაზე კომფორტული სპორტული ტანსაცმელია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ვფიქრობ, წარმატებულ ბიზნესს პირველ რიგში სწორედ სწრაფი, თუმცა გონივრული გადაწყვეტილება განსაზღვრავს.

ბლიც-კითხვები:

– კომპანია „ნოვას“ სლოგანი?

– „იყიდე ქართული!“

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– ალბათ ვარ, რადგან ძალიან ბევრი საათი და სათვალე მაქვს.

– გაქვთ თუ არა სამაგიდო წიგნი?

– კითხვა ძალიან მიყვარს, თუმცა გამორჩეული წიგნი არ მაქვს.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს სტუდიაში.

– სად ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ – აუზზე თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– ძირითადად სტუმრებს ვმასპინძლობ საკუთარ სახლში.

– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– ალბათ, საათი.

– საჩუქარი, რომელიც ყველაზე მეტად გახარეთ?

– ნებისმიერი საჩუქარი გამიხარდება, მთავარია გულით იყოს გაკეთებული.

– სად ატარებთ შვებულებას?

– ძალიან მომწონს ანტალია, სადაც მომსახურების მაღალი დონეა და ყოველთვის ოჯახთან ერთად ვსტუმრობ.

– კერძი, რომელსაც თავად ამზადებთ?

– მხოლოდ პური და ყველი, რადგან კერძების მომზადება ნაკლებად მეხერხება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობაა, მიზნის სწორი დასახვა და მის მისაღწევად მაქსიმუმის გაკეთებაა.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები