LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზვიად ციკოლია: საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად საერთაშორისო არენაზე თამაშია საჭირო

11

12 მარტს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ დიზაინერი ზვიად ციკოლია სტუმრობდა.

ზვიადს ბავშვობიდან იტაცებდა ტექნიკა და განსაკუთრებით თვითმფრინავები, ამიტომ, საკმაოდ ადრეულ – რვა წლის ასაკში სატრანსპორტო დიზაინის შესწავლას შეუდგა, მერე კი სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და უამრავ გამოფენასა თუ კონკურსში მიიღო მონაწილეობა.

– ზვიად, ძალიან ბევრი უცხოური პროექტის ავტორი ხართ. საინტერესოა, როგორ მიაღწიეთ საერთაშორისო აღიარებას?

– საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად საერთაშორისო არენაზე თამაშია საჭირო. ნებისმიერს, ვისაც სერიოზული წარმატების მიღწევა სურს, გამოფენებისა და კონკურსებში მონაწილეობით, სწორედ საერთაშორისო არენაზე უნდა განაცხადოს საკუთარი თავის შესახებ.

– რამდენად გქონდათ ხელშეწყობა საწყის ეტაპზე თუ დამოუკიდებლად მოგიწიათ ყველა ბარიერის დაძლევა?

– თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოში ამ სფეროს პიონერი ვარ და ერთ-ერთმა პირველმა გავკვალე ეს გზა, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა. იმედია, მათ, ვინც ამ სფეროში გეგმავს საქმიანობას, არ მოუწევს ჩემი გზის გავლა და ბევრად მარტივად მიაღწევს სასურველ შედეგს. მართალია, უამრავი სირთულე შემხვდა, დიდი დრო და ენერგია დავხარჯე, სამაგიეროდ სერიოზული გამოცდილება შევიძინე, რაც მომავალშიც ძალიან გამომადგა.

– როგორ შეაფასებდით დღვანდელ ახალგაზრდებს?

– საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობ ახალგაზრდებთან და ძალიან მომწონს მათი პრაგამტული აზროვნება, თანამედროვე და შეზღუდვებისგან თავისუფალი მსჯელობა. ვფიქრობ, ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები არიან და სერიოზული წარმატების მიღწევაც შეუძლიათ. თუმცა, გაცილებით ინტენსიური მუშაობაა საჭირო, მეტი ხელშეწყობა და დახმარება სჭირდებათ, რათა მუდმივად ჩაბმული იყვნენ საქმეში და არ გაცდნენ უმნიშვნელო წვრილმანებზე. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდას ნამუშევრის ჯეროვნად დაფასება, რადგან სწორედ ეს აძლევს სტიმულს გადადგას შემდეგი ნაბიჯი.

– მსოფლიომ დიდი ხანია აღიარა თქვენი წარმატება, რამდენად დაფასდა თქვენი შემოქმედება საქართველოში?

– სიმართლე ვთქვა, საქართველოში აღიარების მოსაპოვებლად უფრო დიდი დრო დამჭირდა, ვიდრე უცხოეთში. მართალია, დაუღალავი შრომით და შეუპოვრობით მიზანს მივაღწიე, მაგრამ ვფიქრობ, უფრო მეტის გაკეთება შემეძლო.

– როდის მოხდა გარდატეხა თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში?

– გამოფენებსა და კონკურსებში ბავშვობიდან ვმონაწილეობდი, საკმოდ სერიოზული კონკურენტები მყავდა, რომლებიც არასდროს უჩიოდნენ ინტელექტის სიმცირეს. 1990-იან წლებში Air Georgia-ში მოვხვდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა ჩემი კონსტრუირებული თვითმფრინავი საერთაშორისო აეროპორტში დაფრინდა და შესაძლოა, სწორედ ეს იქცა გარდატეხად, ყოველ შემთხვევაში წინსვლის სტიმული ნამდვილად მომცა. სხვათაშორის, Air Georgia-მ არა მხოლოდ ჩემს კარიერულ ზრდას შეუწყო ხელი, არამედ ოჯახის შექმნაშიც დამეხმარა.

– ახლა რა პროექტებზე მუშაობთ?

– ახლა მეტწილად საათების კოლექციაზე ვარ კონცენტრირებული. სულ ცოტა ხნის წინ მომხმარებელს საათების ბევრად ფართო სპექტრი შევთავაზეთ. გარდა ამისა, ინტენსიურად ვმუშაობ თვითმფრინავების დიზაინზე. ორივე პროექტს ძალიან დიდი დრო, ენერგია სჭირდება და ამიტომ, ყველა სხვა შეთავაზებაზე უარი ვთქვი. ახლა, ჩემთვის უმთავრესი  საათების მრავალფეროვანი კოლექციის შექმნა და საქართველოში თვითმფრინავების წარმოების დაწყებაა.

– რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ყველაზე კომფორტულად ძველ ტანსაცმელსა და სპორტულ ფეხსაცმელში ვგრძნობ თავს.

– პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე?

– მთავარია, ყოველთვის საქმეზე იყო კონცენტრირებული, დააინტერესო პარტნიორი საკუთარი იდეებით და დაარწმუნო პროექტის პერსპექტიულობაში.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ყოველთვის ძალიან სწრაფად ვწყვეტ, რაც ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ პირიქით – ძალიან მაფერხებს, თუმცა არასწორი გადაწყვეტილებებიდანაც შეიძლება გამოცდილების შეძენა.

ბლიც-კითხვები:

– თქვენი ბრენდის სლოგანი?

– „Georgian bravery, Swiss precision!“

– ტანსაცმლის დიზაინზე თუ იმუშავებდით?

– უკვე ვიმუშავე და საკმაოდ შედეგიანად, ასე რომ მომავალშიც სიამოვნებით ვიმუშაებდი.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მინდა ცივი, გამაგრილებელი სასმელი.

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– სხვადასხვა ტანსპორტის მოდელებს ვაგროვებ.

– გაქვთ თუ არა ფობია?

– სიმაღლის მეშინია, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ დავძლიო, რადგან ჩემი თვითმფრინავით მინდა ფრენა.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ნატურალური წვენით თუ ფინჯანი ყავით?

– დილაობით ყოველთვის ყავას ვსვამ.

– საღამოს აუზზე გირჩევნიათ წასვლა თუ ბარში მეგობრებთან ერთად?

– ალბათ, აუზზე.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ახალ ვალუტას.

– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში, მიზნის სწორედ ჩამოყალიბებაა საჭირო, მერე კი, შეუპოვრება და დაუღალავი შრომა ამ მიზნის მისაღწევად, თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია იღბალი და ყველა არსებული შანსის გამოყენება. ვფიქრობ, მთავარი არა წარმატების მიღწევა, არამედ მისი შენარჩუნებაა.

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები