LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადახალისებული საქართველო ფრთხილობს: დღეს მსოფლიოს გზას ვადგებით

57

დღეს, თბილისის დროით 23:30 საათზე, გერმანიის ქალაქ ხემნიცში საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეგოქე გერმანიის ნაკრები იქნება, რომელთანაც საქართველოს ნაკრები გასულ სექტემბერს, ევრობასკეტზე დამარცხდა, თუმცა ახლა ორივე გუნდი სრულიად სახეცვლილია.

ფიბა-ს სანაკრებო მატჩების სისტემის შეცვლამ გამოიწვია ის, რომ ევროპის უმაღლეს საკლუბო ტურნირ ევროლიგაში მოთამაშე კალათბურთელები ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ვერ მიდიან. ფიბა-სა და ევროლიგის ხელმძღვანელებმა ვერ მოილაპარაკეს და ამ უკანასკნელმა საკუთარი კალენდარი ვერ შეცვალა. სწორედ გუშინ ჰქონდა ევროლიგაში თამაში თორნიკე შენგელიას „ბასკონიას“, ხოლო დღეს – გიორგი შერმადინის „უნიკახას“.

გერმანიას ნბა-ს ორი კალათბურთელი აკლია, ასევე ევროლიგის მოთამაშეები, თუმცა ჰყავს არაერთი ულებ-ის ევროთასის კლუბის წარმომადგენელი და თამაშობს შინ.

საქართველოს ნაკრების წვრთნელმა, ილიას ზუროსმა საკმაოდ ფრთხილი კომენტარი გააკეთა გუშინ ნაკრების ვარჯიშის შემდეგ. ჩვენმა ნაკრებმა წუხელ პირველად ივარჯიშა „მესე ჰალეზე“, სადაც დღეს საღამოს გერმანიას დაუპირისპირდება. საქართველოს ნაკრებში პირველი ვარჯიში გამართა მაიკლ დიქსონმა, რომელიც ძალიან მოწადინებულია.

ილიას ზუროსი: ბოლო წამამდე ვიბრძოლებთ

მოხარული ვარ, რომ მანუჩარ მარკოიშვილი გუნდს შეუერთდა. ასევე სასიამოვნოა, რომ მაიკლ დიქსონიც ჩვენთანაა და სავარჯიშოდ ერთი დღე აქვს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ რთულ მდგომარეობაში ვართ, რადგან გვაკლია ბევრი გამოცდილი კალათბურთელი: გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე. ბექასა და დუდას ოპერაციები აქვთ გაკეთებული. იცით თოკო შენგელიასა და გიორგი შერმადინის მდგომარეობა, რომლებიც ევროლიგაზე თამაშობენ და კლუბები ნაკრებში ჩამოსვლის ნებას არ რთავენ. ასე რომ, გამოცდილება ნამდვილად გვაკლია. მძიმე მდგომარეობაა, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, ვინც მსოფლიოს თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს. საქართველოს ნაკრები საბრძოლო შემადგენლობით ერთად მხოლოდ ორი დღეა რაც ვარჯიშობს. ასეთ პირობებში კი შეთამაშებასა და გუნდურობაზე მუშაობა ძალიან რთულია. საამისოდ, ფაქტობრივად, დრო არ რჩება. მოთამაშეებს ერთმანეთი ჰყავთ გასაცნობი.
ჩვენთვის საინტერესოა და გვინდა ვნახოთ ჩვენი კალათბურთელები ასეთ მეტოქესთან როგორ ითამაშებენ ერთმანეთის გვერდით, როგორ გაართმევენ თავს დაკისრებულ ამოცანებს. სწორედ სერბეთთან და გერმანიასთან გასვლით მატჩებში გამოჩნდება, რამდენად კონკურენტუნარიანები ვართ.
რას ველით? რეალისტები უნდა ვიყოთ: ერთადერთი, რასაც ველით, ესაა ბოლო წამებამდე თავდაუზოგავად ბრძოლა.


მაიკლ დიქსონი: მიზანი უცვლელია – გამარჯვება

გერმანიასთან მისსავე მოედანზე თამაში და გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ამ ქვეყანაში კალათბურთი უყვართ და დარწმუნებული ვარ, დარბაზი გაივსება. საქმეს ესეც გაართულებს. თუმცა საკმარისი გამოცდილება გვაქვს, რომ უკან არ დავიხიოთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, ამაყად ვითამაშოთ და შედეგსაც მივაღწევთ. საქართველოს ნაკრებში ბევრი ახალი სახეა, თუმცა ამით ჩვენი მიზანი არ იცვლება – ბრძოლა და გამარჯვება. ამის შესახებ მწვრთნელი ილიას ზუროსიც გველაპარაკა და ჩვენც კარგად ვიცით. კალათბურთი თამაშია და ჩვენც თავისუფლად უნდა ვითამაშოთ. მთავარია, რომ მეც და ჩემს გუნდელებსაც მონდომება და სურვილი არ გვაკლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები