LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადასასვლელ ხიდს გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლებენ

107

ნაძალადევის და ჩუღურეთის გამგეობების თანამშრომლებმა გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ.

გარემოვაჭრეები გააფრთხილეს, ასევე, ხუდადოვისა და დადიანის ქუჩის დასაწყისში.

როგორც მერიაში აცხადებენ, გამგეობების მონიტორინგის განყოფილების თანამშრომლებმა მათ სრული ინფორმაცია მიაწოდეს გარევაჭრობის წინააღმდეგ დაგეგმილი ღონისძებების შესახებ. ასევე, მოვაჭრეები ინფორმირებულები არიან თბილისში არსებული ბაზრობების ტერიტორიაზე სპეციალურად მათთვის დაწესებული შეღავათების შესახებ.

„გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია ექვსი თვის განმავლობაში უფასოდ შეეძლებათ რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მერიაში აცხადებენ, გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით თბილისის მერიასა და რაიონულ გამგეობებს, ასევე მაჟორიტარ დეპუტატებს მოქალაქეებმა არაერთხელ მიმართეს. გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, ხდება გაურკვეველი წარმოების პროდუქციის გაყიდვა, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება.

„დედაქალაქის მერია ანალოგიური სახის ღონისძიებებს მომავალშიც განახორციელებს და მოვაჭრეებს უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემათ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები