LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაწყვეტილება, რომ ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია – რომან გოცირიძე

102

თბილისის მერიის გადაწყვეტილება, მომავალი წლის ოქტომბრიდან ყველა ტაქსი თეთრად გადაიღებოს, კორუფციულია, – ასე აფასებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე კახა კალაძის განცხადებას.

ეს დაახლოებით 50 მილიონი ლარი დაჯდება, განაცხადა რომან გოცირიძემ.

“თუ მანქანების გარეგნულ სახეზე ზრუნავენ, ვის გაუგია, რომ ასე ერთბაშად აიძულო ყველა ტაქსის მძღოლი ამოდენა ხარჯები გაიღოს. ან საიდან ეს ფული?! ეს ეტაპობრივად უნდა გაკეთებულიყო, ვთქვათ სამი წლის განმავლობაში, თუმცა ზოგადად ასეთი მიდგომა მცდარია. უკვე დაიწყეს ალბათ, მერიაში თეთრი საღებავების ბიზნესის აწყობა. ტაქსის ნიშნის მერიის მიერ უფასოდ დარიგებაც უაზრობაა და ასევე კორუფციის სუნი ასდის. ვიღაცა შემოიტანს რამდენიმე ათეულ ათასს და ქალაქის ბიუჯეტი შეისყიდის.

ტენდერები როგორ ტარდება, კი ვიცით,” – აღნიშნა რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერის, კახა კალაძის  განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან ახალი ვიზუალური სტანდარტი ამოქმედდება.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის დაადასტურა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.

„ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. საუბარია ფერზე და ჩვენ ძალიან ბევრი მსჯელობა გვქონდა ამასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ თეთრი ფერი იყოს ტაქსებისთვის სავალდებულო. 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი ავტომობილები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვერ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც იქნება მათთვის უფასო. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე ექნებათ გამოყოფილი კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის გაკეთება და რეკლამიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ასევე, მანათობელი ტაქსის ნიშანი, რომელსაც დაამზადებს მერია, ტაქსებს გადაეცემათ უფასოდ,“ – აღნიშნა კალაძემ.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში მხოლოდ ის ტაქსები იმოძრავებენ, რომლებსაც ლიცენზია აღებული აქვთ. მისი განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მძღოლი, რომელიც ლიცენზირების გარეშე განახორციელებს აღნიშნულ სერვისს, დაჯარიმდება 200 ლარის ოდენობით.

„ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება. ამ ეტაპზე გაცემულია 6200-ზე მეტი ნებართვა. 1-ელი ოქტომბრიდან ამ სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება – ჯარიმა 200 ლარი. ნებართვის 1 წლის აღების საფასური ჩვეულებრივი შიდა წვის ძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდებისთვის 50 ლარია, ხოლო ელექტრომობილებისთვის – უფასოა,“ – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები