LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაძვირებული გაზის ტარიფები გადაიხედება

43

გაზის ტარიფები აუცილებლად გადაიხედება, თუმცა ეს იქნება ზრდისკენ, თუ კლებისკენ, ამის თქმა ახლა შეუძლებელია, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა გაზის ტარიფის კვლავ შესაძლო ცვლილების საკითხზე დასმულ კითხვაზე განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, გაზის ტარიფის ცვლა დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორებზე და ასევე ტარიფის დათვლის მეთოდოლოგიაზე. ენერგეტიკის მინისტრმა ტარიფის ცვლის მიზეზები განმარტა.

”სატარიფო ცვლილება განაპირობა ძირითადად იმ ინვესტიციებმა, რომელიც განხორციელდა 2007 წლიდან დღემდე. იმიტომ, რომ 2007 წლიდან გაზის ტარიფი ფაქტიურად არ გადახედილა, შესაბამისად, უკვე გაორმაგებულია აბონენტთა რაოდენობა, უამრავი ინვესტიცია ჩაიდო სექტორში, შეიცვალა გარემო და შეიცვალა ლარის კურსიც. ამ ყველაფერმა მოახდინა ზეგავლენა და ტარიფმაც განიცადა ცვლილება”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

შეგახსენებთ, „სემეკის“ გადაწყვეტილება ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფზე ფასების ზრდასთან დაკავშირებით, გუშინ ამოქმედდა. ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფი, საშუალოდ, ნახევარი თეთრით გაიზარდა. გადაწყვეტილება „სემეკმა“ „ყაზტრანსგაზის“, „სოკარ გაზ ჯორჯიასა“ და „საქორ-გაზის“ მოთხოვნის საპასუხოდ მიიღო.

რეგიონებში 41 სხვადასხვა ტარიფი მოქმედებს და სხვადასხვა რაიონში ბუნებრივ აირზეც ფასი განსხვავებული იქნება. „ყაზტრანსგაზ თბილისის“ შემთხვევაში, ტარიფი შეადგენს 46.153 თეთრს კუბურ მეტრზე. „საქორ-გაზის“ შემთხვევაში, ეს არის 57.11 თეთრი, ხოლო, „სოკარ გაზ ჯორჯიას“ შემთხვევაში 56.940 თეთრი იქნება. ახალი ტარიფები დღეიდან 2018 წლის ბოლომდე იმოქმედებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები