LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”გაგებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ ყოფილ პატიმრებს” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

მათ ვისაც პენიტენციურ სისტემაში (ციხეში) მოუწია გარკვეული პერიოდის გატარება, გათავისუფლების შემდეგ უწევთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყება. გათავისუფლებული ადამიანისათვის და მისი ოჯახის წევრებისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა ზეგავლენას ახდენს პენიტენციურ სისტემაში ყოფნა ადამიანზე, ასევე რა ფსიქოლოგიურ სირთულეებს, ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს იზოლაცია. პენიტენციურ სისტემაში ყოფნა დაკავშირებულია დროში გახანგრძლივებულ სტრესთან. გრძელვადიანი იზოლაცია იწვევს გაუცხოებასა და სოციალური უნარ-ჩვევების დაქვეითებას, აღნიშნული ხელს უშლის ადამიანს: საკუთარი შესაძლებლობების და მისწრაფებების რეალიზებაში, საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში. ,,ყოფილ პატიმართა“ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება არაერთგვაროვანი და წინააღმდეგობრივია. მათ ხშირად გაურბიან. აუცილებელია სტიგმის ნეგატიური მნიშვნელობის გააზრება, რათა შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება ,,ყოფილი პატიმრის“  მიმართ. როგორ უნდა მოხდეს ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაცია და რა უნდა გაითვალისწინონ ოჯახის წევრებმა, 7 რჩევას ფსიქოლოგი, მადონა პაპუაშვილი მოგცემთ.

  1. შეძლებისდაგვარად დაეხმარეთ ყოფილ პატიმრებს სიძნელეების გადალახვაში. კვლევები აჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებსაც გათავისუფლების შემდგომ პერიოდში ოჯახი და სოციალური წრე ეხმარება, უფრო მარტივად ახერხებენ გაუმკლავდნენ პრობლემებს, შესაბამისად მცირდება დანაშაულის განმეორების შანსი.
  2. გაგებითა და თანაგრძნობით მოეკიდეთ მათ. ყველა ადამიანი უნიკალურია, მოექეცით როგორც ინდივიდს და გაითვალისწინეთ მისი პიროვნება.
  3. დაეხმარეთ ყოფილ მსჯავრდებულებს იმ პასუხისმგებლობების გაცნობიერებაში, თუ რა სირთულეები და ზიანი გამოიწვია მათმა ქმედებამ, რომლის გამოც პატიმრობაში აღმოჩნდნენ, რა უარყოფითი შედეგების მომტანი იყო ეს ფაქტი მათთვის და გარშემომყოფებისათვის.
  4. დაეხმარეთ და წაახალისეთ, რომ ისაუბრონ და იაქტიურონ უფრო მეტი. გულისყურით მოუსმინეთ მათ ამბებს, ხაზი გაუსვით მცირე წარმატებებსაც კი.
  5. აუცილებელია მათ ძლიერ (დადებით) მხარეებზე ორიენტირება და ალტერნატიული გზების ძიება, რომლებიც დაეხმარებათ მომავლის სწორად დაგეგმვაში. გახსოვდეთ, რომ სწავლა, სპორტით დაკავება, ახალი პროფესიის ათვისება არასოდეს არის გვიან.
  6. დაარწმუნეთ, რომ კვალიფიციურ სპეციალისტებს შეუძლიათ მათი დახმარება.
  7. მნიშვნელოვანია ოჯახს მოძიებული ჰქონდეს ინფორმაცია იმ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ყოფილი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია, რესოციალიზაცია და რეციდივის შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები