LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაიზარდა თუ არა სისხლის სამართლის დანაშაულთა რაოდენობა – რა ინფორმაციას და რატომ მალავს შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე  ქვეყნის მასშტაბით  2017 წელს რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები არ უდევს.  როგორც აღმოჩნდა, მათ ამას კანონი არ ავალდებულებს. ბოლო განთავსებული ინფორმაცია 31 მარტით თარიღდება და გასული წლის დანაშაულის სტატისტიკურ მონაცემებს შეიცავს. თუმცა, ამის პარალელურად ნებისმიერ მოქალაქეს უწყების ვებგვერდზე მარტივად შეუძლია, ნახოს სახელმწიფო საზღვარზე გამოვლენილ სამართალდარღვევათა საერთო მონაცემები, თუ რამდენ მოქალაქეს ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე უარი, რამდენს ჰქონდა სავიზო რეჟიმის დარღვევა, რამდენი ძებნილი პირი დააკავეს და ა.შ.  ამ შემთხვევაში ინფორმაცია მხოლოდ 2017 წლის  1-ელ კვარტალს მოიცავს.

2012 წელს მასშტაბური ამნისტიის ფონზე, საზოგადოებაში არსებობდა მოლოდინი, რომ ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება გაუარესდებოდა, შესაბამისად ამ პერიოდში და მის შემდგომ განსაკუთრებით გაიზარდა  საზოგადოებრივი ინტერესი დანაშაულის სტატისტიკის მიმართ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სტატისტიკური ინფორმაციის არასრულად და არათანმიმდევრულად გამოქვეყნება კი აჩენს ეჭვებს,  რომ უწყება ხელოვნურად აფერხებს ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას.

მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2016 წლის იანვრის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეწყვიტა საკუთარ ვებგვერდზე ყოველთვიურად დეტალური სტატისტიკის განთავსება. ეს კი ართულებს დანაშაულთან დაკავშირებული ტენდენციების გამოვლენას. ორგანიზაციაში ეჭვობენ, რომ სამინისტროს მიერ სტატისტიკის გამოქვეყნების არათანმიმდევრულობა განპირობებულია მონაცემების მათთვის არასასურველი შინაარსით.

„შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო 2011 წელს გაფორმებულ მემორანდუმს 2012 წლიდან არ ასრულებს. როცა მათთვის სასურველი სტატისტიკა იყო, შსს ამას აქვეყნებდა. მაგალითად, 2015 წელს ეს ინფორმაცია როცა  გამოაქვეყნა, მაშინ აჩვენეს, რომ ეს მონაცემი, 2014 წელთან შედარებით, შემცირებული იყო. თუმცა, 2014 წელს ეს ინფორმაცია დაფარული იყო,  როცა ცალსახად ჩანდა, რომ 2013 წელთან შედარებით გაზრდილი იყო. ანუ, აქვეყნებდა მაშინ, როცა კლებითი ტენდენცია უნდა გამოჩენილიყო,“ – განუცხადა „ფორტუნას“ IDFI-ის სოციალურ- ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა, გოგა თუშურაშვილმა.

იმავეს აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და „რონდელის ფონდის“ მეცნიერ-თანამშრომელი, შოთა უტიაშვილიც. მისი თქმით, დანაშაულის ზრდის სტატისტიკური მაჩვენებლის დამალვის ერთ-ერთი მექანიზმი სწორედ მის ვებგვერდზე გამოქვეყნებაზე უარის თქმაა.

„საჯარო ინფორმაციაა და შესაბამისად, ვალდებულება აქვთ, რომ მისცენ მოქალაქეებს.  თვითონაც უნდა გამოაქვეყნონ და კანონიც ავალდებულებთ, რომ  პირველივე მომკითხავს მისცენ ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ. წესით, არ უნდა სჭირდებოდეს მსგავსი რამ. ჩვენს დროს ყოველ თვე იდებოდა სტატისტიკის სამსახურის საიტზეც და ჩვენს ვებგვერდზეც. როგორც ჩანს, ის, რომ დანაშაული გაიზარდა, არ უნდათ, რომ ხალხისთვის გახდეს ცნობილი  და ამისი დამალვის ერთ- ერთი მექანიზმია, რომ არ დებენ ვებ- გვერდზე,“  – განუცხადა უტიაშვილმა „ფორტუნას“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების ვალდებულება არ აქვს. ყოველ შემთხვევაში, უწყებაში ჩვენ ასე გვიპასუხეს. თუმცა, ისინი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ინფორმაციას ყოველთვიურად აწვდიან. საქსტატი კი ამას თვეების მიხედვით ვებგვერდზე ათავსებს. თუკი ასეთი ინფორმაცია აქვთ, რატომ არ დებენ საკუთარ ვებგვერდზე, ამაზე შსს-ში ვერ გვპასუხობენ. თუმცა,  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზეც მხოლოდ აპრილის თვის ჩათვლით ინფორმაციაა განთავსებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო საქსტატს დანაშაულის ოფიციალურ სტატისტიკას ყოველ კვარტალში ერთხელ ვალდებულების თანახმად უგზავნის, რომელიც აქვეყნებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე.  ხოლო ვალდებულება სამინისტროს,  კვარტალში ერთხელ თუ ყოველთვიურად გამოაქვეყნოს  თავის საიტზე, არა აქვს. საჯარო ინფორმაციას, რა  თქმა უნდა, ჩვენი შესაბამისი სამსახური  წერილობით მოგაწვდით ამ ინფორმაციას მოთხოვნის შემთხვევაში,“ – განუცხადეს „ფორტუნას“ შსს-ში.

რაც შეეხება ბოლო სტატისტიკურ მონაცემებს, ანუ იმას, რაც ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა, ირკვევა, რომ 2016 წელს საქართველოში რეგისტრირებული იყო 35 997 სისხლის სამართლის დანაშაული, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მხოლოდ 900 ერთეულით მეტია. ამავე დროს, 2016 წელს დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 57,4%-ია, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 60,35% იყო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციიდან კი ირკვევა, რომ 2017 წლის აპრილში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1185 პირის მიმართ. მარტში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1564 პირის მიმართ. თებერვალში  – 1370-ის და იანვარში – 1349 პირის მიმართ.

 

ქეთი გიგოლაშვილი 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები