LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია: აზერბაიჯანთან ყოველდღიური მუშაობის რეჟიმზე გადავალთ

38

ორი ქვეყნის სავაჭრო პარტნიორობისა და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა შაჰინ მუსტაფაევმა ბაქოში გამართულ შეხვედრაზე.

გახარიამ შეხვედრა წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანთან ეკონომიკურ საკითხებზე მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმზე გადავა.

„გვქონდა ძალიან წარმატებული შეხვედრა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, განვიხილეთ მიმდინარე საკითხები და დავგეგმეთ მომავალი ნაბიჯები, შევქმენით რამდენიმე სამუშაო ჯგუფი, რათა გადავიდეთ ყოველდღიური მუშაობის რეჟიმშზე. ჩვენ კარგად გვესმის აზერბაიჯანისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა როგორც სატრანსპორტო კორიდორების, ისე ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების მიმართულებით. აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, მათი მხრიდან იზრდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში და ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობისა და პარტნიორობის ხარისხის ზრდა ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შაჰინ მუსტაფაევმა აღნიშნა, რომ ურთიერთობა ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის წარმატებით ვითარდება და ამ მხრივ ძალიან დიდ როლს თამაშობს მაღალი დონის ვიზიტები.

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების დღეს არსებული დონე ძალიან მაღალია.   

„მიმდინარე წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაზრდილია თითქმის ორმოცდაათი პროცენტით, რაც ძალიან სასიხარულოა. ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კიდევ დიდი პოტენციალი არსებობს, რომლითაც  სამომავლოდ ჩვენი სავაჭრო ბრუნვის კიდევ გაზრდაა შესაძლებელი“ – განაცხადა მუსტაფაევმა.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ორივე ქვეყანა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთთანამაშრომლობას ინვესტიციების სფეროში.

„ჩვენი კომპანიები არიან მსხვილი ინვესტორები საქართველოში და და გვსურს, რომ აზერბაიჯანშიც უფრო მეტი ქართული კომპანია საქმიანობდეს, ვიდრე დღეს არის. შესაბამისად, ჩვენ ქართულ დელეგაციას გავაცანით აზერბაიჯანის საინვესტიციო გარემო და ის მიმართულებები, რომლებიც შესაძლოა საინტერესო იყოს და მოიზიდოს ქართველი ინვესტორები ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა.

შეხვედრას ქართული მხრიდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, ასევე საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები