LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაკვეთილები შეფასებების გარეშე: სკოლაში ცვლილებები იგეგმება

208

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავისუფალი გაკვეთილების ახალ პროექტს იწყებს. თავისუფალი გაკვეთილები კლასგარეშე არაფორმალურ აქტივობებს გულისხმობს, რომელიც არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას. პროექტი ოთხ მიმართულებას გულისხმობს: სპორტი, კულტურა და ხელოვნება, ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები და წიგნიერება. მოსწავლეებს სურვილის შემთხვევაში საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ შეეძლებათ ჩაერთონ ოთხი მიმართულებიდან ნებისმიერში. თავისუფალი გაკვეთილები მოსწავლეებისთვის იქნება სრულიად უფასო. სპორტის გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხოლო დანარჩენი სამი მიმართულებით გაკვეთილები იქნება კვირაში ერთხელ.

„მუშაობა იქნება წრიული. მოსწავლეები თავად აირჩევენ სპორტიდან რომელი მიმართულება აინტერესებთ, ხელოვნებიდან რომელი კუთხით სურთ ცოდნის მიღება და ივლიან გაკვეთილებზე სრულიად უფასოდ. წიგნიერება და ინტელექტუალურ-შემეცნებით მიმართულება ცოდნის უფრო მეტად გაღრმავებას გულისხმობს. მოსწავლეებს არ ექნებათ საშინაო დავალებები მოსამზადებელი და არც ნიშნები დაიწერება“ – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

 

ვინ ჩაატარებს თავისუფალ გაკვეთილებს

თავისუფალ გაკვეთილებს სკოლებში ადგილობრივი მასწავლებლები ჩაატარებენ და დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. თავისუფალ გაკვეთილებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აფინანსებს. თითოეული სკოლა მიიღებს დაფინანსებას 3000 ლარის ოდენობით და ამ თანხიდან მიიღებენ ანაზღაურებას პედაგოგებიც.
თავისუფალი გაკვეთილების პროექტის დანერგვას პედაგოგების ნაწილი მიესალმება. როგორც ერთ-ერთი მასწავლებელი „ფორტუნასთან“ აცხადებს, მოსწავლეებისთვის დამატებითი გაკვეთილების ჩატარება და ცოდნის გაღრმავება სხვადასხვა მიმართულებით, ძალიან კარგი ფაქტია. მისივე თქმით, განსაკუთრებით მისასალმებელია წიგნიერებისა და ინტელექტუალურ-შემეცნებითი მიმართულების განვითარება.


„სხვადასხვა სფეროში რაც მეტ განათლებას მივცემთ ბავშვებს, მით უკეთეს თაობას მივიღებთ. ძალიან კარგია სპორტისა და ხელოვნების მიმართულებები, მაგრამ განსაკუთრებით მომწონს ინტელექტუალურ-შემეცნებით მიმართულებასა და წიგნიერებასაც რომ მიექცა ყურადღება. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით ბევრი მოსწავლე დაინტერესდება, მითუმეტეს როდესაც განათლებას სრულიად უფასოდ იღებ“ – აცხადებს „ფორტუნასთან“ ერთ-ერთი პედაგოგი.

 

რას ამბობენ მოსწავლეები

თავისუფალი გაკვეთილები მისაღები და მოსაწონია მოსწავლეების ნაწილისთვისაც. მარიამი 13 წლის არის, როგორც თავად ამბობს, სხვადასხვა წრეებზე დადის სპორტისა და ხელოვნების მიმართულებით და შესაბამისად გადასახადსაც იხდის. მისივე თქმით, თუ საშუალება ექნება სიამოვნებით ივლის თავისუფალ გაკვეთილებზე სკოლაში.

„მე ძალიან მომწონს ეს სიახლე. განსაკუთრებით სპორტის მიმართულება. შეიძლება ყველა მიმართულებაზე ვიარო დიდი სიამოვნებით. სხვადასხვა წრეებზე დავდივარ და გადასახადსაც ვიხდი, თუ უფასო იქნება სიამოვნებით ვივლი. ჩემს სკოლაში ბევრი ბავშვია ისეთი, ვისაც უნდა სხვადასხვა წრეებზე სიარული, მაგრამ საშუალება არ აქვს და ეს მათთვისაც ძალიან კარგი იქნება“ – ამბობს „ფორტუნასთან“ მარიამი.

გვანცა ბზიავა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები