LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Gamarjoba – უცხოელი ვიზიტორებისთვის ქართული Trip Advisor შეიქმნა

155

უცხოელი ვიზიტორებისთვის ქართული Trip Advisor შეიქმნა. მობილური აპლიკაცია, სახელწოდებით Gamarjoba ინტერნეტ სივრცეში ივნისის მეორე ნახევრიდან გამოჩნდა და უკვე 6 ათასამდე ჩამოწერა აქვს.  აპლიკაცია ევროკავშრის დაფინანსებით დამზადდა და მისი მთავარი მიზანია, საქართველოში ჩამოსულ უცხოელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია გადაუდებელი კონტაქტებისა და აუცილებელი სერვისების შესახებ.

ქართულ ” Trip Advisor”- თან დაკავშირებით, ”ფორტუნა” პროექტის დირექტორს, მარიკა ჭუმბურიძეს ესაუბრა. როგორც მან განმარტა, Gamarjoba-ს მიმართ ინტერესი მზარდია და ჩამოწერების რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

”განსაკუთრებით აქტიურობენ მომხმარებლები აშშ-დან, საიდანაც ჩამოწერების ყველაზე დიდი რაოდენობა ფიქსირდება ამ დროისთვის. ასევე მზარდია ინტერესი ევროპისა და აზიის ქვეყნებიდანაც. რაც შეეხება უშუალოდ აპლიკაციას, ის უცხოელ ვიზიტორებზეა მორგებული და მათ აწვდის ისეთი ტიპის ინფორმაციას, როგორიცაა: სახელმწიფო სერვისები, ტრანსპორტი, სასტუმროები, გადაუდებელი დახმარება, ასევე ინფორმაცია ვიზის შესახებ (აპლიკაცია იძლევა ინფორმაციას, კონკრეტული ქვეყნიდან არის თუ არა საქართველოში ჩამოსასვლელად საჭირო ვიზა, რა ვადა დარჩა მომხმარებელს საქართველოში ყოფნისთვის ) და სხვა”, – აღნიშნა ჭუმბურიძემ.

მისივე ინფორმაციით,  აპლიკაციაში მოცემულია ინფორმაცია სამედიცინო დაწესებულებების შესახებაც, 112-ში დარეკვა აპლიკაციიდანვე შეუძლია მომხმარებელს. აქვე არის ონლაინჩათის სერვისიც. მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, რომელი ქვეყნიდან არის და თავისი თანამემამულეები მოძებნოს, რომლებსაც ასევე აქვთ გავლილი რეგისტრაცია.

”ის, რომ ჩვენი აპლიკაცია ნელ-ნელა პოპულარული ხდება, ამაზე კომპანიების მხრიდან დაინტერესებაც მეტყველებს. სასტუმროები, კვების ობიექტები და სხვადასხვა დაწესებულები გვთხოვენ, რომ მათ შესახებ ინფორმაცია განვათავსოთ ჩვენს აპლიკაციაში. ამ ეტაპზე ვმუშაობთ კრიტერიუმებზე… ჯერჯერობით ჩვენთან ინფორმაციის განთავსება უფასოა, შესაბამისად, გვაქვს ბევრი მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია, იმისთვის, რომ Gamarjoba-ს აპლიკაციაში მოხვდეს”, – განმარტა პროექტის დირექტორმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე აპლიკაციის განვითარებაზე მუშაობა კვლავ გრძელდება.

ცნობისთვის,  ქართული Trip Advisor -ის Gamarjoba-ს  ჩამოწერა შესაძლებელია სრულიად უფასოდ, როგორც ანდროიდის,  ისე IOS-ის ტიპის სმარტფონებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები