LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამარჯვებული სტარტაპები სექტემბერში გამოცხადდება

84

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში 726 განაცხადია წარდგენილი, მათ შორის, ინოვაციების ნაწილში 580 განაცხადი,  ხოლო   მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში – 146 პროექტი. ამის შესახებ ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მაღალტექნოლოგიურ ბიზნეს პროექტებს ორი კვირის განმავლობაში „სილიკონ ველის“ ექსპერტები განიხილავენ, რომლებიც საქართველოში 22 აგვისტოს ჩამოვლენ.

“საუკეთესო სტარტაპებს საშუალება მიეცემათ პირისპირ წარსდგნენ ექსპერტების წინაშე და გააცნონ თავიანთი მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეა. აღნიშნულ კომპონენტში შემოსულია განაცხადები შემდეგი დარგებიდან: საინფორმაციო ტექნოლოგიები, მობილური აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი, განახლებადი ენერგეტიკა, ბიო ტექნოლოგიები, ელექტრონული სწავლება და სხვა”, – განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

მათივე ცნობით, ინოვაციების კომპონენტში მიღებული განაცხადების გადარჩევა უკვე დაწყებულია და აგვისტოს ბოლომდე დასრულდება. მიღებულია განაცხადები თითქმის ყველა სფეროდან, მათ შორის წარმოება, მომსახურება, ინფორმაციული ტექნოლოგიები, განათლება, ელექტრონული მოწყობილობები და სხვა.

ინოვაციური ბიზნესიდეების განხილვა  ორ ეტაპად განხორციელდება: პირველ ეტაპზე  განაცხადების ზოგადი განხილვა განხორციელდება, კერძოდ შეფასდება ინოვაციურობის ელემენტის არსებობა და წარმოდგენილი იდეის შესაბამისობა პროგრამის მოთხოვნებთან, მიზნებთან და ამოცანებთან.

მეორე ეტაპზე კი დაიწყება წარმოდგენილი პროექტების არსებითი განხილვა, რაც  კონკრეტული განაცხადის რისკების, ბიზნესმდგრადობის, საინვესტიციო მიმზიდველობის, პროექტის განმახორციელებელი გუნდის უნარების და სხვა მახასიათებლების შეფასებას მოიცავს.

სექტემბრის დასაწყისში  გამარჯვებული პროექტების სია გამოცხადდება. რაც შეეხება დაფინანსების ეტაპს, კონტრაქტების გაფორმება და თანხების გადარიცხვა სექტემბერში დაიწყება.

„დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“  მიზანია ხელი შეუწყოს დამწყებ მეწარმეებს. პროგრამის მონაწილეებს, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი ფინანსური სახსრები ბიზნესის დაწყების, ან განვითარებისათვის, ეძლევათ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც   ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს.

საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც  ფონდი კაპიტალის სახით  15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე შეიტანს. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-ანი თანხობრივი თანამონაწილეობის პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი, ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში.  ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით, ან მოიძიოს სხვა ინვესტორები.

უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო  მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს. ამასთან, ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები