LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განადგურებული თხილი – „შეწამლავ და ნახავ სამმაგ მოგებას, არადა, კარგავ მოსავალს“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებულია. ფერმერების უმეტესობა ზუსტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა კონკრეტული დაავადებები აქვს მათ ბაღში თხილს, არ ფლობს.

აგრონომების მტკიცებით, მოსავლის გაფუჭების მიზეზი არა ერთი, არამედ, ერთად რამდენიმე სხვადასხვა დაავადებაა. მთავრობა კი მხოლოდ ერთი მავნებლის – აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ატარებს ღონისძიებებს.

თხილის მოსავალის ნაწილი განადგურებულია გურიაშიც. ფერმერების თქმით, მათთანაც მხოლოდ აზიური ფაროსნის წინააღმდეგ გატარდა ღონისძიებები, რის გამოც, მოსავლის 20% დაზიანდა. ამ ყველაფერს ხელი შეუწყო ამინდებმაც.

„ძალიან ცუდი მოსავალია. დაავადებებს რაც შეეხება, ნაცარი და სიდამპლეა ძირითადად. ასევე, კვირტის ტკიპა. სტიქიიდან “ტორნადომ” ჩამოგვიარა  და ასე შემდეგ. ამ ყველაფრის შედეგად, დაზიანდა, დაახლოებით, მოსავლოს 20%”,  – განაცხადა ერთ-ერთმა ფერმერმა  “ფორტუნასთან” საუბრისას.

 

თუმცა, მათ ვინც ბაღი საკუთარი სახსრებით სხვა დაავადებებზეც შეწამლა, შედარებით ნაკლები ზიანი მიადგა.

ფერმერმა თემურ სალუქვაძემ „ფორტუნასთან“ განაცხადა, რომ დაავადებები მათ ბაღებში შარშან მასიურად გამოჩნდა და თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი გაუნადგურა, ამიტომ წელს თავად შეწამლა თხილი სიდამპლეზე, ნაცარზე და კვირტის ტკიპაზეც.

 „ლიხაურში ჩამოყალიბდა კოოპერატივი. ტრენინგები ჩაგვიტარდა და გვასწავლეს, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი. ერთი შეწამვლა, დაახლოებით, 100 ლარი ჯდება, მაგრამ არ აქვს ხალხს საშუალება და ვერ წამლავს.

“ჩემთან არც იმ რაოდენობის სიდამპლე და ნაცარი არაა, როგორც სხვებთან. სხვადასხვა დაავადებებზე შევწამლე დამოუკიდებლად და ამიტომ, მთლიანად არა, თუმცა უმეტესი ნაწილი კი, მაგალითად, ველურები არ შემიწამლია. მეგონა, სიდამპლე არ გაუჩნდებოდა, თუმცა ისეთი ამინდები იყო, რომ მაინც გაუჩნდება. ზუსტად არ ვიცი, მოსავლის აღებას თვის ბოლოდან დავიწყებ, მაგრამ, სავარაუდოდ, 5–10% იქნება ჩემთან გაფუჭებული, მეტი არა“,  – განაცხადა „ფორტუნასთან“ თემურ სალუქვაძემ და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, თხილს შესაბამის ფასებში ჩააბარებს.

 

თხილს, ისევე როგორც სხვა კულტურებს, მოვლა სჭირდება

სპეციალისტებიც ზუსტად ამავეს ამბობენ – თხილს ისეთივე მოვლა უნდა, როგორც ვაზს ან სხვა მცენარეულ კულტურებს. სწორი მოვლის შედეგად კი ხარისხიანი მოსავლის აღება შესაძლებელია.

მოვლას კი ისინი ფერმერებს მაისში ურჩევენ, როცა ტემპერატურა და ტენიანობაც იმატებს.

 

როგორი ფასები იქნება წელს?

სალუქვაძე დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ თხილის გადარჩევა და მისი ხარისხის მიხედვით ჩაბარება დაიწყეს. ასევე ამბობს, რომ თხილზე მოთხოვნა გაზრდილია. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტები კი ფერმერებს ეხმარება იმაში, რომ მეტი ინფორმაცია მიიღონ და მოსავლის აღებისთვის ახალი ტექნიკა შეიძინონ.

„თხილის გადარჩევა დაიწყეს ტენიანობისა და გამოსავლიანობის მიხედვით. ეს კარგია, რადგან კარგ თხილში ბევრად უფრო მეტს მივიღებთ. “ფერეროსთან” გვაქვს ხელშეკრულება დადებული და შესაბამისად, ხარისხიან თხილზე გაიზარდა მოთხოვნა. დაინტერესება დიდია. მოგვცეს ტექნიკაც 70 %-იანი თანადაფინანსებით – ტრაქტორი, პორტატული შესაწამლი აპარატი, ტენიანობის გასაზომი აპარატი“, – აღნიშნა მან „ფორტუნასთან“ საუბრისას.

“სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში” განმარტავენ, რომ გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით, 28,8 ათასი ტონა თხილის მოსავალი იყო. “საქსტატის” ინფორმაციით, 2010 წელს რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი თხილი სამეგრელო-ზემო სვანეთში იწარმოა – 20.8 ათასი ტონა, გურიაში – 3.7 ათასი ტონა, იმერეთში 2.4 ათასი ტონა, ხოლო დანარჩენ  რეგიონებში კი 1.9 ათასი ტონა.

2016 წელს თხილის საშუალო ფასი 6-7 ლარი იყო, იანვარში კი ყველაზე მაღალი – ფასი 8 ლარს გაუტოლდა.

ამ დროისათვის საექსპორტო თხილის საბოლო ფასი დადგენილი არ არის, რადგანაც ფასის ფორმირება ახლა მიმდინარეობს. თუმცა, ფერმერები ელოდებიან, რომ ისედაც მწირი მოსავლის კარგ ფასად გაყიდვას შეძლებენ.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები