LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„განახლებადი ენერგიები და მათი ათვისება უპირველესია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის”

167

განახლებადი ენერგიები და მათი ათვისება უპირველესია ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის. ადგილობრივი რესურსების ათვისება და გამოყენება რჩება ქვეყნის პრიორიტეტად, რომელიც, თავისი მხრივ, ენერგეტიკული დამოუკიდებლობის წინაპირობაცაა,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე „განახლებადი ენერგეტიკის განვითარება საქართველოში“ მისასალმებელ სიტყვაში განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), აგრეთვე „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ და ბრიტანულ კომპანიას „ECO“ განახლებადი ენერგიების სამოქმედო გეგმის შემუშავებაში აღმოჩენილი დახმარებისთვის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, როგორიცაა: საქართველოს სუფთა ენერგიის განვითარების ხელშემწყობი პოლიტიკა და სტრატეგია, ასევე განახლებადი ენერგიის პირველი ეროვნული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის.

ცნობისთვის, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებისას, საქართველომ აიღო ვალდებულება, ეროვნულ საკანონმდებლო-მარეგულირებელ ბაზაში ასახოს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ნორმები და მოთხოვნები (acquis communautaire) და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტები. ამ ვალდებულებთა შორისაა განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის (გეესგ) შემუშავება და განხორციელება.

განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა, შესაბამისი სამიზნე მაჩვენებლები და მათი მიღწევის ტრაექტორიები მომზადდა ევროკავშირის განახლებადი ენერგიების შესახებ დირექტივის (2009/28/EC) და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მიერ მომზადებული მეთოდოლოგიის მიხედვით. გეესგ-ზე მუშაობის პროცესი მიმდინარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს დარგობრივი სამინისტროების, ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, კერძო კომპანიების, აკადემიური და არასამთავრობო ინსტიტუციების წარმომადგენლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები